# ბს-1042-1036 (2კ-17) 29 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ბ-ის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2017წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
12.08.2016წ. ე. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 08.08.2016წ. #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 08.08.2016წ. #... გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ე. ბ-ეს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით 2016 წლის 1 აგვისტოდან. მოპასუხეს დაევალა ე. ბ-ისათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ბ-ემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2017წ. განჩინებით ე. ბ-ის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. ბ-ემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე და 44-ე მუხლების დანაწესებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 12.09.2014წ. №2/3/540 გადაწყვეტილებაზე, ევროპის ქარტიის მიზნებზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს პრეიუდიციული ძალა არ აქვთ განსახილველ შემთხვევაში. სახეზე არ არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება, რომელსაც სავალდებულო ძალა აქვს ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 30.05.2005 წ. #394 ბრძანებულების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.აღნიშნულ ბრძანებულებაში არ არის ჩანაწერი უშუალოდ „დელტას“, როგორც მაკოორდინირებელი ცენტრის სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნების შესახებ. საქართველოს მთავრობის 08.04.2015 წ. #264 დადგენილების მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და იგი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.08.2015 წ. #25 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულება. არც აღნიშნულ მინისტრის ბრძანებაში, ასევე საქართველოს არც ერთ საკანონმდებლო აქტში, არ არსებობს მითითება ან სამართლებრივი განმარტება იმის შესახებ, რომ სსიპ „დელტა“ - უშუალოდ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, სამეცნიერო-კვლევით ადმინისტრაციულ ორგანოს.
საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი, ყველაფერი აკრძალულია რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება უფლებამოსილების გადამეტებად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია და უსაფუძვლოა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევა. სააგენტომ 09.02.2017წ. #04/8010 წერილით მიმართა „დელტას“ და 27.02.2017წ. #338 წერილობითი პასუხით ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის , რომ დაუშვებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა ის უფლებამოსილება, რასაც თავად ეს პირი უარყოფს, რადგანაც აღნიშნული სცილდება ადმინისტრაციული უფლებამოსილების ფარგლებს.
კასატორი ე. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მას არ გაუსაჩივრებია სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სარჩელი სრულად დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. კასატორი აღნიშნავს, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია პენსიის შეწყვეტის შესახებ აქტი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით პენსიის შეწყვეტის შესახებ აქტი გამოიცა ზეპირად, რომლის კასატორისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. აღნიშნულის გამო არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, რის გამოც არასწორია სასამართლოს უარი კასატორისათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ კანონის 5.1 მუხლის თანახმად საპენსიო ასაკს მიღწეულმა (დაბადებული ...წ.) ე. ბ-ემ 19.08.2016წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 08.08.2016წ. #... გადაწყვეტილებით ე. ბ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ იგი მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“. აღნიშნულ სსიპ-ში მუშაობა მიჩნეული იქნა საჯარო საქმიანობად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე საკითხზე მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილება, რომლითაც სამართლებრივი შეფასება მიეცა განსახილველი დავის იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს და მიჩნეული იქნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებით, თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით და სახელწოდებით უდასტურდება საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს.
ე. ბ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ კასატორს სადავოდ არ გაუხდია მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და ამ დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა მითითებული აქტის კანონიერების საკითხი. აღნიშნულის გამო სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად კასატორის მითითება, რომ მის მიმართ პენსიის შეწყვეტის აქტები ზეპირად გამოიცა, რის გამოც მას არ ჩაბარებია აღნიშნული აქტი, ვერ გახდება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - ე. ბ-ის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული
განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ბ-ის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი