საქმე № ბს-138-138 (კ-18) 5 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2017წ. განჩინებაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების ვ. ნ-ოს, ლ. ნ-ოს, მ. ნ-ოს, მ. ნ-ოს და დ. ნ-ის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 14.05.2013წ. #...-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 08.06.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2018წ. განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, ვინაიდან დაცული არ იყო სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მ. გ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.02.2018წ. ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს ლ. ბ-ს, მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ზაჰესი, ... ქ. #13ა, ბინა 17. მითითებული გზავნილი, სსსკ-ის 74.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს - მეუღლეს კ. მ-ს (პ/ნ ...) 22.03.2018წ.. შესაბამისად, კასატორისათვის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება სსსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2018 წლის 23 მარტს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ამოიწურა 2018 წლის 29 მარტს 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე - ოთხშაბათი. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება მ. გ-მა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2018 წლის 30 მარტს, სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სსსკ-ის 396.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ დროულად არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. გ-ის 30.03.2018წ. განცხადებაზე თანდართული ბაჟის გადახდის ქვითრის თანახმად სახელმწიფო ბაჟის განჩინებით დადგენილ ვადაში (29.03.2018წ.) გადახდა არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი, რადგან კასატორს დავალებული ჰქონდა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის არა მხოლოდ გადახდა, არამედ ქვითრის დედანის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი. ამასთან, კასატორს მ. გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 29.03.2018წ. N16430030 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს მ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2017წ. განჩინებაზე;
2. მ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 29.03.2018წ. N16430030 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი