Facebook Twitter

საქმე Nბს-739-735-(2კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე); ხ. ხ-ა, ვი. ხ-ი (მოსარჩელეები); თ. ხ-ა, დ. ფ-ა (მესამე პირები)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე); ხ. ხ-ა, ვი. ხ-ი (მოსარჩელეები); თ. ხ-ა, დ. ფ-ა (მესამე პირები)

მესამე პირები - ვ. ხ-ა, მ. ხ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 5 მარტს ხ. ხ-ამ და ვი. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 19 მაისს განხორციელებული №21543/2005 ჩანაწერის და მის შემდგომ განხორციელებული ყველა რეგისტრაციის ბათილად ცნობა და 2005 წლის 19 მაისს განხორციელებულ N21543/2005 რეგისტრაციამდე არსებული მონაცემების აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ვ. ხ-ა და მ. ხ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, 2015 წლის 1 ივლისს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართეს თ. ხ-ამ და დ. ფ-ამ, რომელთაც მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 19 მაისს განხორციელებული №21543/2005 ჩანაწერის და მის შემდგომ განხორციელებული ყველა რეგისტრაციის ბათილად ცნობა და 2005 წლის 19 მაისს განხორციელებულ N21543/2005 რეგისტრაციამდე არსებული მონაცემების აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 19 მაისის N21543/2005 ჩანაწერი ქ. თბილისში, ... N1-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ და მის შემდგომ განხორციელებული ყველა რეგისტრაცია; აღდგენილ იქნა 2005 წლის 19 მაისის რეგისტრაციამდე არსებული მონაცემები ქ. თბილისში, ... N1-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ... N1-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 19 მასის N21543/2005 ჩანაწერის შემდგომ განხორციელებული ყველა რეგისტრაცია და აღდგენილ იქნა 2005 წლის 19 მაისის რეგისტრაციამდე არსებული მონაცემები ქ. თბილისში, ... N1-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, ხ. ხ-ას და ვი. ხ-ის სარჩელი, ასევე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირების - თ. ხ-ას და დ. ფ-ას სარჩელი ქ. თბილისში, ... N1-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 19 მაისის N21543/2005 ჩანაწერის შემდგომ განხორციელებული ყველა რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და 2005 წლის 19 მაისის რეგისტრაციამდე არსებული მონაცემების აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ... N1-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 19 მაისის N21543/2005 ჩანაწერი.

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონით დადგენილი აბსოლუტური საფუძვლები, რადგან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლები. კერძოდ, საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი და არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, იმ ნაწილში, რომლითაც საქმის განმხილველმა სასამართლოებმა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნეს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 19 მაისის N21543/2005 წლის სააღრიცხვო ჩანაწერი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და საქმის გარემოებების ახლიდან გამოკვლევის ვალდებულება დააკისრეს მარეგისტრირებელ ორგანოს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს სარჩელი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, თუ მოსარჩელე მხარისათვის აქტის გამოცემით მიყენებული პირდაპირი და უშუალო ზიანი არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით და აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში იგი არ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ სიკეთეს - დაირეგისტრირებს საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე რამდენიმეჯერ განიმარტა, რომ მოსარჩელე მხარეებს და ასევე, პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნებით, არ გააჩნდათ მათი კანონიერი ინტერესის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტები, თუმცა არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები ამ კონტექსტში არ შეფასებულა და მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ არ იქნა გაზიარებული აღნიშნული მოსაზრებები.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის აღუსრულებელი, რადგან სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო უძრავ ნივთზე განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია, ხოლო ყველა შემდგომი რეგისტრაციის ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა. ასეთ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო დგას იმ რეალობის წინაშე, რომ პირველადი რეგისტრაცია ბათილია, ხოლო ყველა შემდგომი რეგისტრაცია ძალაშია იმ საფუძვლით რომ არ არის გაუქმებული აღნიშნული რეგისტრაციების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია (ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობასთან მიმართებაში) ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში, ... N1-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოადგენენ მოსარჩელეები და ასევე, მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნებით. შესაბამისად, საქმეზე მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებამ რა სამართლებრივი პრობლემა მოუწესრიგა მოსარჩელე მხარეს და რა შედეგი უნდა დადგეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკითხის ხელახალი გამოკვლევის შემდეგ, გაურკვეველია.

კასატორები - ხ. ხ-ა, თ. ხ-ა, დ. ფ-ა და ვი. ხ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა - შეფასების გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და 394-ე მუხლის "ე1" ქვეპუნქტით.

კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო პალატის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრის ბათილად ცნობილი ჩანაწერის შემდგომ განხორციელებული რეგისტრაციების საფუძველს კონკრეტული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგენენ, რაც გამორიცხავს 2005 წლის 19 მაისის შემდგომ განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო პალატის განმარტება არამართებულ დასკვნებს ეფუძნება, კერძოდ, საჯარო რეესტრის ბათილად ცნობილი ჩანაწერის შემდგომ განხორციელებული რეგისტრაციები (ხ. ხ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის გარდა) შესრულებულია სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე, ხოლო რიგი რეგისტრაციები ტექნიკური პარამეტრების დაზუსტების და არა განკარგვითი ტრანზაქციების სახით, შესაბამისად, რაიმე სახის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.

კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ ყველა სადავო რეგისტრაცია, რომელთა შედეგად ვ. ხ-ას და მ. ხ-ას საკუთრების უფლება იქნა რეგისტრირებული, უსასყიდლო სამოქალაქო სამართლებრივი ტრანზაქციებით, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობითა და ჩუქების ხელშეკრულებით არის განხორციელებული, რომელთან მიმართებაშიც კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის მე ქანიზმი არ ვრცელდება. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 989-ე მუხლში მოცემული პრინციპით, რომლის მიხედვითაც, თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები,რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ხ-ას, თ. ხ-ას, დ. ფ-ასა და ვი. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ხ. ხ-ას, თ. ხ-ას, დ. ფ-ას და ვი. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალების, კერძოდ, მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, ისნის რაიონში, ... N1-ში მდებარე ლიტ.ა-ს მოსარგებლედ ირიცხება ნ. დ. ძე ხ-ა, ხოლო ამავე მისამართზე ლიტ.ბ-ს თანამოსარგებლედ ირიცხება ე. ჩ-ი ნ. ასული. N151133 გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ნ. დ. ძე ხ-ა გარდაიცვალა 19... წლის 22 მაისს. 2005 წლის 19 სექტემბერს ნ. ხ-ამ N 21543/2005 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ... N1- ში მდებარე მიწისა და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის გაცემა. ნ. ხ-ას 2005 წლის 19 სექტემბრის N 21543/2005 განცხადების საფუძველზე, განხორციელდა რეგისტრაცია და მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის საფუძველზე დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... №1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. ხ-ას და ე. ჩ-ის საკუთრებად. ამ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობებიდან: №2, №3, №4, №5, №6 და №8 აღრიცხულია ნ. ხ-ას სახელზე, №1 აღრიცხულია ე. ჩ-ის სახელზე, ხოლო №7 და №9 აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე.

დადგენილია, რომ ნი. ხ-ას მემკვიდრეს, ნ. ხ-ას გარდა წარმოადგენდა ჭ. ხ-ა, რომლის სამკვიდრო ქონებაც, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით, 2015 წლის 05 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, მიიღეს მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა დ. ფ-ამ, ხ. ხ-ამ და თ. ხ-ამ, ხოლო ე. ჩ-ის მემკვიდრეს წარმოადგენს ვი. ხ-ი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ შეაფასა და არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების ნ. ხ-ასა და ე. ჩ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არსებობდა თუ არა სამკვიდრო მოწმობა ნი. ხ-ას სამკვიდრო ქონებაზე. ამდენად სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, საჯარო რეესტრის 2005 წლის 19 მაისის სარეგისტრაციო ჩანაწერი არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ნი. ხ-ას ქონების ნ. ხ-ას სახელზე აღრიცხვამ შედეგობრივად გამოიწვია ნი. ხ-ას სხვა მემკვიდრეების კანონით დაცული მთელი რიგი უფლებების შელახვა.

რაც შეეხება 2005 წლის 19 მაისის შემდგომ განხორციელებულ რეგისტრაციების შესახებ ბათილად ცნობის მოთხოვნას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი წინადადებაზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ვინაიდან, უფლების დამდგენი დოკუმენტები სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელეს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა 2005 წლის შემდგომ განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი ხელშეკრულებების კანონიერების შესახებ, ამასთან სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები არ არიან შეზღუდულნი, იდავონ როგორც ნი. ხ-ას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, ასევე 2005 წლის 19 მაისის შემდგომ განხორციელებული რეგისრაციების საფუძვლად წარდგენილი ხელშეკრულებების კანონიერების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ხ. ხ-ას, თ. ხ-ას, დ. ფ-ას და ვი. ხ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;

3. კასატორებს - ხ. ხ-ას (პ/ნ ...), თ. ხ-ას (პ/ნ ...), დ. ფ-ას (პ/ნ ...) და ვი. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ 31.07.2017წ. №0 საგადასახადო დავალებით პ. კ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 21.09.2017წ. N25665 საგადასდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% -210 (ორას ათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე