Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

809აპ-10 ქ. თბილისი

16 დეკემბერი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ს-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. ქ-ასა და რ. კ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განაჩენზე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განაჩენით რ. ს-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 108-ე მუხლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 24 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 30 აგვისტოდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განაჩენით დაზუსტდა მხოლოდ ნივთმტკიცებათა ნაწილში; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს

სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 108-ე მუხლითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ს-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. ქ-ასა და რ. კ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.