Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹811აპ-10 ქ. თბილისი

22 ნოემბერი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მ. ოშხარელი, პ.სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ფ-ს დამცველი ადვოკატების _ გ. ფ-სა და ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განაჩენით თ. ფ-ა, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დაენიშნა ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რის შედეგადაც მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა თ. ფ-მ დანიშნული სასჯელიდან 7 (შვიდი) წელი და 6 (ექვსი) თვე უნდა მოიხადოს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც მას ჩეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით დარჩა უცვლელად. იმავე განაჩენით მთლიანად დაკმაყოფილდა დაზარალებულ მ. ე-ს სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულ თ. ფ-ს დაეკისრა მ. ე-ს მიყენებული ზიანის _ 50000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. მსჯავრდებულ თ. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 4 დეკემბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ თ. ფ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ. ფ-ს დამცველი ადვოკატების _ გ. ფ-სა და ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ფ-ს დამცველი ადვოკატების _ გ. ფ-სა და ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.