საქმე #330310016001622653
#ბს-1076-1070(2კ-17) 8 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ზ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 29 ნოემბერს ზ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.
მოსარჩელემ „ზ. ს-ის განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 10 ნოემბრის #313/05 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ზ. ს-ის საქართველოს ეროვნული ბანკის ... დეპარტამენტის ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ზ. ს-ის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 10 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ზ. ს-ის განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 10 ნოემბრის #313/05 ბრძანება; საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა ზ. ს-ის საქართველოს ეროვნული ბანკის ... დეპარტამენტის ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს ეროვნულ ბანკს ზ. ს-ის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან 2016 წლის 10 ნოემბრიდან მის სამსახურში აღდგენამდე, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც გასაჩივრებული გაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ზ. ს-ის განთავისუფლების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 10 ნოემბრის #313/05 ბრძანების ბათილად ცნობის, ზ. ს-ის განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 10 ნოემბრის #313/05 ბრძანება ზ. ს-ის განთავისუფლების შესახებ და მოპასუხე საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა; სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღარების დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ არის აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობები. ეროვნული ბანკის მოსაზრებით, სადავო აქტი კანონიერია როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. სასამართლოს შეუძლია შეაფასოს და გადაწყვიტოს სადავო საკითხი - ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების მიხედვით. მოწმეთა ჩვენებები ცალსახად ადასტურებენ გამოცემული აქტის მატერიალურ საფუძვლიანობას - ს-ის მიერ ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - ზ. ს-ი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება. ამასთან, კასატორის მითითებით, სადავო აქტი ბათილად არის გამოცხადებული ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ გათავისუფლებიდან ახალი აქტის გამოცემამდე სრული პერიოდისთვის ზ. ს-ს ეკუთვნის იძულებითი განაცდური.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეროვნული ბანკისა და ზ. ს-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და ზ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მის მიერ დისციპლინური გადაცდომა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლი ადგენს დისციპლინურ გადაცდომის სახეებს. კერძოდ, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ამავე კანონის 79.1 მუხლის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. მითითებული კანონის 99.3 მუხლის თანახმად კი, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 6 ნოემბრის #109/04 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ბანკის შინაგანაწესით ასევე გათვალისწინებულია დისციპლინურ პასუხისმგებლობათა სახეების გრადაცია სიმძიმის მიხედვით, რომლის თანახმად, თანამშრომლის მიერ შრომის დისციპლინისა და შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის შეჩერებით - არაუმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) სამსახურიდან განთავისუფლება.
განსახილველ შემთხვევაში, ზ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედება მიჩნეული იქნა რა დისციპლინურ გადაცდომად და შეეფარდა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან განთავისუფლება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ იგი დისციპლინურად სახდელდაუდებელი იყო, რომ ხასიათდებოდა დადებითად და რომ წარმატებით ჰქონდა გავლილი სხვადასხვა ტიპის პროფესიული მომზადება.
ამასთან, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს მსჯელობას ჩადენილი გადაცდომისათვის შეფარდებული დისციპლინური ღონისძიების პროპორციულობაზე. სადავო ბრძანება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზ. ს-ის მიმართ ყველაზე მძიმე ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება. კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას მის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, დასაბუთება კი პირველ რიგში გულისხმობს მტკიცებას იმისა, რომ გამოცემული აქტი არსებულ პირობებში წარმოადგენდა ყველაზე მეტად მისაღებ გადაწყვეტილებას და იგი სხვა გადაწყვეტილებაზე მეტად ამართლებდა კანონის მოთხოვნებს.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული ზ. ს-ის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - ზ. ს-ის მოსაზრებას სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქმეზე დადგენილი გარემოებები არ იძლევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით გამოკვლევას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში ზ. ს-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის #2/4/735 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კონსტიტუციური სარჩელი #735 („საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ზ. ს-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანება მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სადავო აქტების მატერიალური კანონიერება, რის გამოც საქართველოს ეროვნულ ბანკს მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. შესაბამისად, ამ ეტაპზე სახეზე არ გვაქვს სადავო აქტების ბათილად ცნობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რაც წარმოადგენს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და ზ. ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი