Facebook Twitter

საქმე #080310016001403296

#ბს-1085-1079(კ-17) 8 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 9 ივნისს ნ. დ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თ. შ-ისთვის (პ/ნ ...) ქ.წყალტუბო, ... ქ. #..., ბინა #...-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ნივთის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თ. შ-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა ქ.წყალტუბო, ... ქ. #..., ბინა #...-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2016 წლის 21 ივნისს ნ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და თ. შ-ის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 21 აპრილის #15017988-013/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. დ-ის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თ. შ-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა ქ. წყალტუბო, ... ქ. #..., ბინა #...-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ არსებით დარღვევაზე, რომ იგი, როგორც მესაკუთრე არ ყოფილა ინფორმირებული აუქციონის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 21 აპრილის #15017988-013/001 განკარგულება, რომლითაც ნ. დ-ის კუთვნილი უძრავი ნივთის (მდებარე - წყალტუბო, ... ქუჩა #...) აუქციონის გზით შემძენი გახდა თ. შ-ე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 აპრილს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა #A15017988-004/004 წინადადებით მიმართა ნ. დ-ს და აცნობა, რომ წარმოებაში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 6 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც სპს „...“ სს „...“ სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა 6597 აშშ დოლარი და 955,3 ლარი. მოვალეს მიეცა წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში შესრულების შესახებ და ამასთან, განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკით დატვირთული ქონების - ქ. წყალტუბო, ... ქუჩა #..., ბინა #...-ში მდებარე უძრავი ნივთის რეალიზაცია. აღნიშნული წინადადება ნ. დ-ს გაეგზავნა ორ მისამართზე - 1. ქ.წყალტუბო, ... ქუჩა #..., ბინა #... და 2. ქ.ქუთაისი, .... #.... აღსანიშნავია, რომ გზავნილი მისამართიდან - ქ. წყალტუბო, ... ქუჩა #..., ბინა #..., დაბრუნდა მითითებით, რომ ადრესატი დასახელებულ მისამართზე არ ცხოვრობდა, ხოლო მისამართზე - ქ.ქუთაისი, ... #..., გზავნილი 2015 წლის 6 აპრილს ჩაბარდა პირადად ადრესატს - ნ. დ-ს.

საქმეში დაცული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების რეალობასა და სარწმუნოობაში ეჭვის გამაქარწყლებელი მტკიცებულება კი ნ. დ-ს არ წარმოუდგენია. საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ... #...-ში #A15017988-004/004 წინადადების ჩაბარების შესახებ საფოსტო გზავნილზე მითითებული ხელმოწერა არ ეკუთვნოდა ნ. დ-ს. ნ. დ-ის მიერ სადავოდ ქცეულ გარემოებაზე მხოლოდ მითითება არ განაპირობებს მის უტყუარობას და სისწორეს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე–6 და მე–7 პუნქტების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისათვის დადგენილი წესით; ხოლო ამავე მუხლის მე–8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69–ე მუხლის 1–ლი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს იძულებითი აუქციონის ჩატარებას; ხოლო მითითებული კანონის 71–ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ 1–ლი მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტების შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ–განცხადებას, რაც განსახილველ შემთხვევაში განხორციელებულია. მითითებული ნორმის მე–3 და მე–4 პუნქტების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს პერსონალურად არ ეცნობებათ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნა აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნ. დ-ის მიმართ შესრულებულია. ამასთან, თ. შ-ემ სადავო ქონება შეიძინა კანონის მოთხოვნათა დაცვით და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მიიღო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75–ე მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე გამოცემული განკარგულებით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი