Facebook Twitter

საქმე №330310015001063223

№ბს-1094-1088(კ-17) 8 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 11 აგვისტოს გ. მ-ემ, მ. ც-ემ, ნ. მ-ემ და ა. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2015 წლის 23 აპრილის №12/15079700-23 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის №481 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობისათვის ქ. თბილისში, ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი 50/025) მდებარე №2 შენობა-ნაგებობაში (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...) არსებული 80.07 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გ. მ-ის, მ. ც-ის, ნ. მ-ის და ა. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ. ჩ-ი და ს. ნ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ის, მ. ც-ის, ნ. მ-ის და ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2015 წლის 23 აპრილის №12/15079700-23 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის №481 ბრძანება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რომლითაც გ. მ-ეს, მ. ც-ეს, ნ. მ-ეს და ა. მ-ეს გადაეცემათ ქ. თბილისში, ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი 50/025) მდებარე №... შენობა-ნაგებობაში (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...) არსებული 80.07 კვ.მ. ფართი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელეები თბილისის სააპელაციო სასამართლოში ისევე, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონიერი სარგებლობის დამდგენ დოკუმენტებად უთითებდნენ 2008 წლის 3 მაისის №79 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ მოსარჩელეებს პრივატიზებამოთხოვნილი ფართი დროებით სარგებლობაში გადაეცათ 2008 წლის 3 მაისს, მუდმივმოქმედი ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 17 მარტის №7 ოქმის საფუძველზე. კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები განკარგავენ მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო საბინაო ფონდში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებს, რის გამოც სადავო ფართის განკარგვაზე ვერ გავრცელდება ზემოხსენებული წესის მოქმედება, თუმცა აღნიშნული წესის რეგულირების ფარგლებშიც არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი ვინაიდან, დროებით გადაცემული ფართის არსებობის შემთხვევაში, გადაცემის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს 2007 წლის 2 თებერვლამდე. მოცემულ შემთხვევაში კი მსგავსი ფაქტი არ დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

კასატორი ასევე არ დაეთანხმა სასამართლოების მიერ გაკეთებულ დასკვნას იმასთან მიმართებაში, რომ ქ. თბილისში, ... და ... ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვეთი №50/025) მდებარე №... შენობაში არსებული ფართი გადაცემული ჰქონდათ მოსარჩელეებს 2005 წლამდე, ვინაიდან საბინაო პირობების შემოწმების აქტში არ არის მითითებული მისი შედგენის თარიღი. კასატორი არ იზიარებს მხარის პოზიციას, რომ აქტში დაფიქსირებულია ც-ე თ., რომელიც გარდაიცვალა 2005 წელს და შესაბამისად აქტი შედგენილია მინიმუმ 2005 წელს. საქმეში წარმოდგენილი თ. ც-ის გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ თ. ც-ე გარდაიცვალა 2005 წლის 25 ივლისს, მისი იდენტობა კი საბინაო პირობების აქტში ასახულ თ. ც-ესთან ვერ დგინდება.

კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ საქმეში დაცული საბინაო შემოწმების აქტის საფუძველზე შესაძლებელია დადგენილად იქნეს მიჩნეული სადავო ფართზე მოსარჩელეთა უფლება, რომელიც წარმოიშვა 2007 წლის 2 თებერვლამდე. საბინაო შემოწმების აქტის 2005 წელს შედგენის დადასტურების შემთხვევაშიც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ვერ მიიჩნევა კანონიერი სარგებლობის დამდგენ დოკუმენტად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2015 წლის 11 დეკემბრის წერილი, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეების ბინების მიღების აღრიცხვაზე აყვანა ხდებოდა შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, რისთვისაც სამხედრო ნაწილში იქმნებოდა საბინაო კომისია. საბინაო კომისია, შეტანილი განაცხადის საფუძველზე სწავლობდა სამხედრო მოსამსახურის საბინაო პირობებს და ადგენდა შესაბამის აქტს, რომელშიც აისახებოდა ოჯახის შემადგენლობა, დაკავებული ფართობი, მისი ტექნიკური დახასიათება და სხვა. ამავე აქტში უნდა ასახულიყო აგრეთვე კომისიის დასკვნა აღრიცხვაზე აყვანის შესაძლებლობის შესახებ. საბინაო კომისიის აქტს იხილავდა და ამტკიცებდა სამხედრო ნაწილის მეთაური, რაც ფორმდებოდა შესაბამისი ბრძანებით. მსგავსი სამხედრო მეთაურის ბრძანება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. გარდა აღნიშნულისა 2008 წლის 3 მაისის №79 მიღება-ჩაბარების აქტში ბინის განაწილების საფუძვლად მითითებულია კომისიის გადაწყვეტილება. საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს №1 რეგიონალური ბაზის 2008 წლის 3 მაისის №704 ცნობა, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, ... ქ. №...-ში არსებული №... სახლის №3 ბინა ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუდმივადმოქმედი ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 17 მარტის №7 ოქმის გადაწყვეტილებით განაწილებულია გ. მ-ეზე.

შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია სასამართლომ რატომ გამოიყენა საქართველოს მთავრობის №189 დადგენილება სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისთვის და თუნდაც ამ წესის მოქმედების შემთხვევაშიც, რის საფუძველზე მიიჩნია საბინაო შემოწმების აქტი კანონიერი სარგებლობის დამდგენ დოკუმენტად, იმ პირობებში, როდესაც საბინაო შემოწმების აქტით მხოლოდ აისახებოდა აღრიცხვაზე აყვანის შესაძლებლობა, ოჯახის შემადგენლობა და დაკავებული ფართი, ხოლო აღნიშნულ დოკუმენტს ამტკიცებდა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელი, მსგავსი დოკუმენტი, რომელიც 2007 წლის 2 თებერვლამდე იქნებოდა შედგენილი საქმეში არ არის წარმოდგენილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

ამდენად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2004 წლის 12 ივნისის №167 ბრძანებით საბინაო ფონდის აღრიცხვისა და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხების მოწესრიგების მიზნით გარნიზონებში შეიქნა გარნიზონის მუდმივმოქმედი საბინაო კომისიები და დაინიშნენ კომისიის თავმჯდომარეები. ამავე ბრძანებით დადგინდა სამხედრო ნაწილებში და ორგანიზაციებში მუდმივმოქედი საბინაო კომისიების შექმნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მიზნით ზ. ბ-ის, ზ. მ-ის, თ. ე-ის და ლ. მ-ის შემადგენლობით შექმნილმა კომისიამ განახორციელა გ. მ-ის მიერ დაკავებული ფართის საბინაო პირობები, რის თაობაზეც შედგა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ აქტი. აქტის თანახმად, გ. მ-ის ოჯახი შედგება 5 სულისგან, კონკრეტულად: თვითონ, მეუღლე - მ. ც-ე, შვილები - ნ. მ-ე და ა. მ-ე, თ. ც-ე. აქტის შენიშვნის გრაფაში მითითებულია, რომ ოჯახი ცხოვრობს ცალკე და დაკავებული აქვს 19,80 კვ.მ ფართი. ამავე აქტით, კომისიის მიერ დადგინდა ისანი-სამგორის რაიონში, ... ქ. №...-ში, ... საცხოვრებელ სახლში არსებული 79,80 კვ.მ ფართის გ. მ-ის ოჯახისათვის გამოყოფა. აქტის შენიშვნის გრაფაში მითითებულია, რომ სახლი შედგება 3 ოთახისაგან, საცხოვრებელი ფართი შეადგენს 41.90 კვ.მ.-ს, ოთახები იზოლირებულია, მითითებული ფართი მდებარეობს ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, სახლი ქვისაა, ავარიული, მშრალი და ნათელი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №579 ბრძანებით დადგინდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული გამოთავისუფლებული შენობების, მათ შორის ... №..., ... ქ. №...-ში არსებული შენობების (გ.გ-ით №5;15;19;25;34) საცხოვრებელ ფართებად გადაკეთება და თავდაცვის სამინისტროს სამსახურეობრივ საცხოვრებელ საბინაო ფონდში მათი ჩარიცხვა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული სამმართველოს რეგიონალური ბაზის 2008 წლის 3 მაისის №704 ცნობის თანახმად, გ. მ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი, მისამართზე: ქ. თბილისი, ... №..., ... ქ. №..., სახლი №..., ბინა №3 ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 17 მარტის №7 ოქმის გადაწყვეტილებით განაწილებულია მასზედ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 17 მარტის №7 სხდომის ოქმით, რომლის დღის წესრიგს წარმოადგენდა საბინაო ფონდში ჩარიცხულ შენობებში მცხოვრებ სამხედრო მოსამსახურეებზე მათ მიერ დაკავებული ფართების, თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 21 თებერვლის №96 ბრძანების შესაბამისად განაწილების საკითხი, დადგინდა უფროს ლეიტენანტ გ. მ-ის ოჯახისათვის (თვითო, მეუღლე და ორი შვილი) არასტანდარტული ბინის განაწილება, მისამართზე: ქ. თბილისი, ... №...-ის, ... ქ. №... (ყოფ. ... ქუჩა) სახლი №..., ბინა №3.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით საბინაო ფონდიდან სამხედრო მოსამსახურეზე განაწილებული საცხოვრებელი ფართის 2008 წლის 3 მაისის №79 მიღება-ჩაბარების აქტით, ... ასეულის მეთაურის მოადგილეს გ. მ-ეს (ს/ნ №...) გაუნაწილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელი ფონდიდან დროებით სარგებლობაში ორსართულიანი სახლის არასტანდარტული ბინა, პირველ სართულზე, ოთახი 3, ფართით 80,07 კვ.მ. განაწილებული საცხოვრებელი ფართის მისამართია: ქ. თბილისი, ... ..., ... ქ. №..., კორპუსი №....

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ სათანადო დოკუმენტები კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს მიეკუთვნება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა დოკუმენტი, რაშიც იგულისხმება როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული წესით გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც ცალსახად დგინდება უძრავ ქონებაზე მოსარგებლის მართლზომიერი მფლობელობა.

განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ხსენებული დოკუმენტები წარმოადგენენ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სადავო ფართზე მოსარჩელის სახელზე გაცემულ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებისა და მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, დადასტურებულად იქნა მიჩნეული სადავო ფართზე მოსარჩელეთა უფლება, რომელიც წარმოიშვა 2007 წლის 2 თებერვლამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი