საქმე #330310016001280729
#ბს-1109-1103(კ-17) 8 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 15 მარტს მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ „მ. ბ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 15 თებერვლის #MOC 8 16 00000279 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისთვის მ. ბ-ის #... პენიტენციური დაწესებულების ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, მ. ბ-ის სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და მ. ბ-ის სასარგებლოდ კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით დეკრეტული შვებულების თანხის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მ. ბ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 15 თებერვლის #MOC 8 16 00000279 ბრძანება; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს დაევალა მ. ბ-ის #... პენიტენციური დაწესებულების ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს დაევალა მ. ბ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან, მის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენამდე ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს დაევალა მ. ბ-ის სასარგებლოდ მიუღებელი (განაცდური) დეკრეტული შვებულების თანხის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურმა დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 15 თებერვლის #MOC 8 16 00000279 ბრძანება, რომლითაც მ. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პროფესიული გადამზადების კურსების არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სასწავლო კურსის ან პროფესიული გადამზადების კურსების არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო და აღნიშნავს, რომ სპეციალური პროფესიული გადამზადების არადამაკმაყოფილებელი შედეგი შეიძლება იქცეს პენიტენციური დაწესებულებიდან მოსამსახურის დათხოვნის საფუძველი, თუმცა, მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ მ. ბ-ე სამსახურიდან გათავისუფლებისას იყო 5 თვის ორსული, ამასთან, გათავისუფლების მომენტში მას ჰყავდა 3 წლამდე შვილი.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.2 მუხლის თანახმად, პენიტენციური სამსახურის ოფიცრისა და რიგითის საქმიანობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საყურადღებოა, რომ ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდგომ დასაქმებული ქალის უფლებების შესახებ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი სამართლებრივ რეგულაციებს არ შეიცავს, რაც ამ სტატუსის მქონე ქალებთან მიმართებით ქმნის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების აუცილებლობას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111.2 მუხლის შესაბამისად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოსარჩელე - მ. ბ-ე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ექვემდებარებოდა სავალდებულო სერტიფიცირებას, ამასთან, მან პროფესიული გადამზადების კურსის შემაჯამებელ გამოცდაზე ვერ გადალახა ქულათა მინიმალური ზღვარი, კერძოდ, ტესტირების საფუძველზე დააგროვა 50 ქულა, ხოლო გამოცდის გადაბარების შემდეგ დააგროვა უფრო ნაკლები - 44 ქულა, თუმცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111.2 მუხლის შესაბამისად, მ. ბ-ძე არ ექვემდებარებოდა სამსახურიდან განთავისუფლებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ შედეგს არ ცვლის ის გარემოება, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი სამსახურიდან დათხოვნის თვალსაზრისით შეზღუდვას აწესებს ატესტაციის და არა პროფესიული გადამზადების შედეგებთან მიმართებაში. ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98.1 მუხლის შესაბამისად, ისევე როგორც „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი - პროფესიული გადამზადების კურსების არადამაკმაყოფილებლად გავლა, ქმნის მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111.2 მუხლის შინაარსობრივი ანალიზი, სხვადასხვა ნორმატიულ აქტში გამოყენებული ცნებების არაიდენტურობის მიუხედავად, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მუხლის დანიშნულებაა იქონიოს შემაკავებელი ეფექტი და გათავისუფლების საფუძვლების წარმოშობის მიუხედავად, აწესებს იმ მაღალ სტანდარტს, რაც ორსული ქალისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ზღუდავს სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი