საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-340-340(კ-18) 5 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - გ. ტ-ი, ფ. ტ-ი (მესამე პირები)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ. დ-ი, ი. კ-ი (მოსარჩელეები)
მოპასუხე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. დ-იმა და ი. კ-მა 2016 წლის 29 დეკემბერს სარჩელი წარადგინეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისისა და მესამე პირების: ფ. ტ-ისა და გ. ტ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 09 სექტემბრის N...-03 და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 21 ივნისის N...-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით გიორგი დავითელაშვილისა და ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.09.2016 წლის N...-03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების - საკადასტრო კოდი ..., გ. ტ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.06.2016 წლის N...-03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების - საკადასტრო კოდი ..., ფ. ტ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს - კახეთის რეგიონალურ ოფისს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდგომ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო უძრავი ქონების (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ... და ... იხ. ექსპერტიზის დასკვნა N...) გ. დ-ისა და ი. კ-ის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა - გ. ტ-მა და ფ. ტ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ტ-ისა და ფ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. დ-ისა და ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 სექტემბრის N...-03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) გ. ტ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ივნისის N...-03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ....) ფ. ტ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს - კახეთის რეგიონალურ ოფისს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ტ-მა და ფ. ტ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ტ-ისა და ფ. ტ-ის წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება გ. ტ-ისა და ფ. ტ-ის წარმომადგენლის - თ. ტ-ის ოჯახის წევრს (რძალს) ჩაჰბარდა 2018 წლის 26 თებერვალს, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა კი 2018 წლის 27 თებერვლიდან დაიწყო და 2018 წლის 19 მარტს ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. გ. ტ-ისა და ფ. ტ-ის მიერ საკასაციო საჩივარი 2018 წლის 21 მარტს იქნა დარეგისტრირებული საფოსტო მომსახურების ოფისში, ანუ ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განხილული ვერ იქნება, სსსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ტ-ისა და ფ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე