#ბს-1064-1058(კს-17) 25 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ვ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
მესამე პირი - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 30 ივნისს ვ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ვ. ც-ის, დ. მ-ის, ი. ლ-ის, გ. ჯ-ას და თ. ყ-ას მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ 100 000 ევროს ექვივალენტი ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად მოპასუხედ განისაზღვრა მხოლოდ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კდოექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ვ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელს - ზ. ი-ს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2017 წლის 2 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ი-ს ვ. ნ-ისგან მინიჭებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ამასთან, მინდობილობა ძალაშია 2018 წლის 17 თებერვლამდე.
ვ. ნ-ის წარმომადგენლის - ე. ლ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 21 აგვისტოს წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით 2017 წლის 18 აგვისტოს. ამასთან, სააპელაციო საჩივარს ერთვოდა 2017 წლის 17 აგვისტოს გაცემული ორდერი #1660.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 2 აგვისტოს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრების ვადა დაიწყო 2017 წლის 3 აგვისტოს, რომელიც დასრულდა 2017 წლის 16 აგვისტოს, 24 საათზე. ხოლო, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე, ვ. ნ-ის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილია 2017 წლის 18 აგვისტოს და ჩაბარებულია 2017 წლის 21 აგვისტოს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება, რის გამოც ვ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის - ვ. ნ-ის წარმომადგენლის ე. ლ-ის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ვ. ნ-ის წარმომადგენელს - ზ. ი-ს, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნდა. ამასთან, იგი არ გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ზ. ი-ი მხოლოდ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა #15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ვ. ნ-ის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება გაეგზავნა ზ. ი-ს, რომელიც ვერ შეძლებდა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამასთან, ვ. ნ-ის წარმომადგენელი ე. ლ-ე აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის არ გაუგზავნიათ. ვ. ნ-ე არის მსჯავრდებული და მოთავსებულია #15 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელთან დაკავშირება შეუძლებელია და იმის გამო, რომ დაწესებულება მოთავსებულია ზაჰესის ტერიტორიაზე, ე. ლ-ის განმარტებით, იგი შეზღუდულია პირდაპირი კომუნიკაცია იქონიოს მსჯავრდებულთან. ვ. ნ-ის წარმომადგენლის განმარტებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე მოხდა საჩივრის წარდგენა სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ვ. ნ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ვ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელე ვ. ნ-ის წარმომადგენელს - ზ. ი-ს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2017 წლის 2 აგვისტოს. ზ. ი-ს ვ. ნ-ისგან მინიჭებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ამასთან, მინდობილობა ძალაშია 2018 წლის 17 თებერვლამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 2 აგვისტოს, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2017 წლის 3 აგვისტოს, რომელიც დასრულდა 2017 წლის 16 აგვისტოს, 24 საათზე. ხოლო, იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე, ვ. ნ-ის წარმომადგენლის მიერ გაგზავნილია 2017 წლის 18 აგვისტოს და ჩაბარებულია 2017 წლის 21 აგვისტოს, აპელანტის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ გახადა კერძო საჩივრის ავტორმა, რომლის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილის მიმღებ პირს - ზ. ი-ს სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნდა. ამასთან, იგი არ გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის წევრი, არამედ მხოლოდ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა #15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ვ. ნ-ის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზ. ი-ი ვერ შეძლებდა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი - ვ. ნ-ე სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების ზ. ი-ისთვის, როგორც სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის შესაბამისი უფლებამოსილების არმქონე პირისთვის ჩაბარებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვ. ნ-ისთვის განკუთვნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი 2017 წლის 2 აგვისტოს ჩაიბარა ზ. ი-მა, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის შესაბამისი უფლებამოსილების არმქონე პირია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემობაზე, რომ ვ. ნ-ის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა ორი პირი - ზ. ი-ი, რომელიც არ გახლავთ ადვოკატი და ა(ა)იპ ... ცენტრის იურისტი - ე. ლ-ე. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება გაეგზავნა სწორედ ზ. ი-ს და არ გაგზავნია ა(ა)იპ ... ცენტრის იურისტს - ე. ლ-ეს.
მართალია, ზ. ი-ს ვ. ნ-ისგან მინიჭებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ამასთან, მინდობილობა ძალაშია 2018 წლის 17 თებერვლამდე, თუმცა საკასაციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების გაგზავნა/ჩაბარების ფაქტს უკავშირებს არა მხოლოდ მხარის მიერ წარმომადგენლისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭებას, არამედ - სააპელაციო სასამართლოში კანონით გათვალისწინებული წესით წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ვ. ნ-ის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა ორი წარმომადგენელი, სწორედ მხარის ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება უნდა გაგზავნოდა ვ. ნ-ის წარმომადგენელს - ა(ა)იპ ... ცენტრის იურისტ ე. ლ-ეს, რომლის უფლებამოსილებაც ასევე გულისხმობდა სააპელაციო სასამართლოში ვ. ნ-ის ინტერესების დაცვას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება გაეგზავნა ზ. ი-ს, სააპელაციო სასამართლოს სათანადო შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისთვის, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება ხომ არ უნდა გაგზავნოდა ა(ა)იპ ... ცენტრის იურისტს - ე. ლ-ეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება უნდა მისცეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაიწყო თუ არა 2017 წლის 3 აგვისტოს, იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება არ გაგზავნია ვ. ნ-ის წარმომადგენელს - ა(ა)იპ ... ცენტრის იურისტ ე. ლ-ეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება და საქმე ვ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება და საქმე ვ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი