#ბს-1088-1082(კს-17) 22 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მესამე პირი - ი. ბ-ი
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 1 მარტს მ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 25 იანვრის #30 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოსახლების შეწყვეტის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით მ. ა-ის სარჩელი მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ი. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მ. ა-ის წარმომადგენელს - ლ. ჭ-ეს განესაზღვრა ვადა, სააპელაციო პალატის განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღე, რათა სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით და სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილი იყო გასაჩივრებული, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, აგრეთვე, მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული მ. ა-ის წარმომადგენლის - ლ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტ მ. ა-ის წარმომადგენელს - ლ. ჭ-ეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქალაქ თბილისი, ..., კორპუსი #21, ბინა #49 და ჩაჰბარდა ლ. ჭ-ის მეუღლეს - ი. გ-ეს (პ/ნ ...) 2017 წლის 12 ოქტომბერს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ი. გ-ის ხელწერილით უკუგზავნილზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მ. ა-ის მიერ გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, რომელიც გაცემულია 2017 წლის 11 იანვარს ერთი წლის ვადით; ამ მინდობილობით მ. ა-ი ლ. ჭ-ეს ანიჭებს უფლებამოსილებას იყოს წარმომადგენელი საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და მარწმუნებლის სახელით გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, ჩაიბაროს საჭირო დოკუმენტაცია - სასამართლო გადაწყვეტილებები, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
2017 წლის 24 ოქტომბერს აპელანტ მ. ა-ის წარმომადგენელმა - ლ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე, ვინაიდან ავად იყო და მკურნალობდა მისი მეუღლე - ი. გ-ე, შესაბამისად, ვერ მოახერხა ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება. შუამდგომლობას დაურთო მეუღლის - ი. გ-ის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერთიფიკატი და მათი ქორწინების მოწმობა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მხრიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი, ვინაიდან ამ უკანასკნელისთვის ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადა იწურებოდა 2017 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო განცხადებით ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენელმა - ლ. ჭ-ემ ფოსტის მეშვეობით მიმართა 2017 წლის 24 ოქტომბერს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.1 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, 2017 წლის 12 ოქტომბერს, რომელიც უნდა შეევსო და ზემოაღნიშნული დოკუმენტები სასამართლოში წარედგინა 2017 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით; ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრისთვის ხარვეზის შევსების ვადა დამთავრდა 2017 წლის 19 ოქტომბერს, ხუთშაბათს, ხოლო აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 24 ოქტომბერს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის წარმომადგენლის - ლ. ჭ-ის ზემოაღნიშნული შინაარსის განცხადება მის მიერ დათარიღებულია 2017 წლის 23 ოქტომბრით, ე.ი. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო განჩინებაში მითითებული ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტ მ. ა-ის წარმომადგენლის - ლ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-ის წარმომადგენელმა - ლ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
მ. ა-ის წარმომადგენლის - ლ. ჭ-ის განმარტებით, მან იმიტომ ვერ მოახერხა ხარვეზის შევსება, რომ ავად იყო. მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ გაგრძელებულიყო ხარვეზის შესავსებად ვადა და ჩათვლილიყო საპატიოდ. ამასთან, მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, იგი მკურნალობდა სახლის პირობებში. მიუხედავად ამისა, განუხილველად იქნა დატოვებული აღნიშნული შუამდგომლობა, რამაც ზიანი მიაყენა მ. ა-საც.
მ. ა-ის წარმომადგენლის - ლ. ჭ-ის განმარტებით, იგი ვერ დაუკავშირდა მ. ა-ს, რადგან არ იმყოფებოდა რაიონში და ტელეფონი ჰქონდა გამორთული. ლ. ჭ-ის მოსაზრებით, სახეზეა დაუძლეველი ძალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მ. ა-ის წარმომადგენელს - ლ. ჭ-ეს განესაზღვრა ვადა, სააპელაციო პალატის განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღე, რათა სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით და სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილი იყო გასაჩივრებული, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, აგრეთვე, მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინება აპელანტ მ. ა-ის წარმომადგენელს - ლ. ჭ-ეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქალაქ თბილისი, ..., კორპუსი #21, ბინა #49 და ჩაჰბარდა ლ. ჭ-ის მეუღლეს - ი. გ-ეს (პ/ნ ...) 2017 წლის 12 ოქტომბერს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ი. გ-ის ხელწერილით უკუგზავნილზე.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მ. ა-ის მიერ გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, რომელიც გაცემულია 2017 წლის 11 იანვარს ერთი წლის ვადით. ამ მინდობილობით მ. ა-ი ლ. ჭ-ეს ანიჭებს უფლებამოსილებას იყოს წარმომადგენელი საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და მარწმუნებლის სახელით გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, ჩაიბაროს საჭირო დოკუმენტაცია - სასამართლო გადაწყვეტილებები, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინების ასლი მ. ა-ის წარმომადგენლის - ლ. ჭ-ის მეუღლეს - ი. გ-ეს ჩაჰბარდა 2017 წლის 12 ოქტომბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2017 წლის 13 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადა 2017 წლის 19 ოქტომბერს 24:00 საათზე იწურებოდა. ამასთან, მ. ა-ის წარმომადგენელმა - ლ. ჭ-ემ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით, რომელიც დათარიღებულია 2017 წლის 23 თებერვლით, სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბერს, ე.ი. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიმართა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია მ. ა-ის წარმომადგენლის - ლ. ჭ-ის განმარტებით, მან ხარვეზის შევსება ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლ. ჭ-ეს სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მისი ავადმყოფობა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მ. ა-ის წარმომადგენელის - ლ. ჭ-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები - მეუღლის ი. გ-ის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერთიფიკატი და მათი ქორწინების მოწმობა, არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი