Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

829აპ-10 22 დეკემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის განაჩენით:

შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა განსასჯელ მ. ბ-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის პროკურორ ე. ბ-ს შორის, ადვოკატ ნ. ტ-ს მონაწილეობით, ზემდგომი პროკურორის _ ნ. მ-ს თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე.

მ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურედ საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით, 341-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურედ საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად, მ. ბ-ს მიმართ დანიშნული საპატიმრო სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 5 წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დამატებით სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

მ. ბ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

დამტკიცდა განსასჯელ მ. წ-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის პროკურორ ე. ბ-ს შორის, ადვოკატ ლ. ხ-ს მონაწილეობით, ზემდგომი პროკურორის _ ნ. მ-ს თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე.

მ. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურედ საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურედ საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით, ამავე მუხლის პირველი ნაწილით (2009 წლის ეპიზოდი) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურედ საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად, მ. წ-ს მიმართ დანიშნული საპატიმრო სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 5 წელი.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. წ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 6981 ლარის სოლიდარულად გადახდა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის განაჩენით:

შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა განსასჯელ შ. ო-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას შორის, ადვოკატ ნ. კ-ს მონაწილეობით ბრალზე დადებული საპროცესო შეთანხმება, რომელსაც ეთანხმება ზემდგომი პროკურორი ნ. მ-ი.

შ. ო-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, შ. ო-ს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შ. ო-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 6 წელი, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2009 წლის 26 ოქტომბრიდან 2009 წლის 28 ოქტომბრამდე, ე.ი. ორი დღე.

შ. ო-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო 5000 ლარის ოდენობით გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ბ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის თანახმად, ბ გ-ს მიმართ სსკ-ის 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) ნახევარი _ 9 თვე, ასევე სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) ნახევარი _ 9 თვე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 ოქტომბრიდან.

ზ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის ეპიზოდი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლითა და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის ეპიზოდი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლითა და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის თანახმად, ზ. მ-ს მიმართ სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (2009 წლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) ნახევარი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) ნახევარი _ 6 თვე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 31 აგვისტოდან.

სამოქალაქო სარჩელი 6981 ლარის გადახდის ნაწილში დაკმაყოფილდა, საიდანაც ბ. გ-ს, შ. ო-სა და ზ. მ-ს მ. წ-სთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ 1500 ლარის სოლიდარულად გადახდა; ასევე ზ. მ-ს მ. წ-სთან ერთად დაეკისრა დარჩენილი თანხის _ 4481 ლარის სოლიდარულად გადახდა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ბ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მსჯავრდებულ ზ. მ-ს მიმართ სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.