საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-213-213(კ-18) 9 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ბ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ო-ი; მოპასუხეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილება; მესამე პირი - არასრულწლოვანი ბა. ა-ი).
2016 წლის 21 მარტს დ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების მიმართ, მესამე პირის - არასრულწლოვანი ბა. ა-ის მონაწილეობით.
მოსარჩელემ მოითხოვა ბავშვზე ზრუნვის საჭიროების ან ზიანის რისკის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2015 წლის 25 აგვისტოს დასკვნისა და „არასრულწლოვან ბავშვზე - ბა. ა-ზე მეურვეობის დაწესების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის (რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი ბა. ა-ის მეურვედ დაინიშნა ბ. ა-ი), ასევე დ. ო-ის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების მესამე და მეხუთე პუნქტების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილებისათვის არასრულწლოვან ბა. ა-ისათვის მეურვის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით დ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების 2015 წლის 25 აგვისტოს დასკვნა ბავშვზე ზრუნვის საჭიროების ან ზიანის რისკის შესახებ, „არასრულწლოვან ბავშვზე - ბა. ა-ზე მეურვეობის დაწესების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი ბა. ა-ის მეურვედ დაინიშნა ბ. ა-ი, ასევე დ. ო-ის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების მესამე და მეხუთე პუნქტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებას დაევალა არასრულწლოვან ბა. ა-ისათვის მეურვის დანიშვნის საკითხის ხელახლა განხილვა და კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულმა განყოფილებამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით დ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის განყოფილების 2015 წლის 25 აგვისტოს დასკვნა ბავშვზე ზრუნვის საჭიროების ან ზიანის რისკის შესახებ, „არასრულწლოვან ბავშვზე - ბა. ა-ზე მეურვეობის დაწესების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი ბა. ა-ის მეურვედ დაინიშნა ბ. ა-ი, ასევე დ. ო-ის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების მესამე და მეხუთე პუნქტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებას დაევალა არასრულწლოვან ბა. ა-ისათვის მეურვის დანიშვნის საკითხის ხელახლა განხილვა და კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულმა განყოფილებამ, ხოლო ბ. ა-ს მითითებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება ბ. ა-ის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაშია შესული. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი საქმე არსებითად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების ნაწილში განიხილა და უცვლელად დატოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბ. ა-ს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და გადაწყვეტილება მის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს ბ. ა-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი