ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების
თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
№ზ-258-4(ა-18) 30 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის №ბს-741-737(კს-17) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ი. თ-ას განცხადების დასაშვებობის საკითხი.
2005 წლის 11 ნოემბერს ი. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქ. სოხუმის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. სოხუმში, ... მდებარე სახლის მესაკუთრედ ი. თ-ას რეგისტრაციაში გატარება და ქ. სოხუმის მერიისათვის ხსენებული სახლის თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო ამავე სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის განჩინებით - აფხაზეთის ა/რ მთავრობა.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ი. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. თ-ა ცნობილ იქნა ქალაქ სოხუმში, ... მდებარე სახლის მესაკუთრედ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაეტარებინა ი. თ-ა და მის სახელზე აღერიცხა საკუთრების უფლებით ქალაქ სოხუმში, ... მდებარე სახლი; ი. თ-ას მოთხოვნა ქალაქ სოხუმის მერიისათვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. თ-ამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით საქმეზე აფხაზეთის მთავრობა ცნობილ იქნა ქ. სოხუმის მერიის უფლებამონაცვლედ და მესამე პირად ჩართული აფხაზეთის მთავრობა ჩაბმულ იქნა საქმეში როგორც სათანადო მოპასუხე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით ი. თ-ასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ი. თ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინება ი. თ-ასათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. თ-ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. სოხუმის მერიისათვის მოსარჩელის კუთვნილი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე; ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ი. თ-ა ცნობილ იქნა ქ. სოხუმში, ... მდებარე სახლის მესაკუთრედ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში ი. თ-ას გატარება და მის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების აღრიცხვა და საქმე ამ ნაწილში ხელახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში საჯარო რეესტრი ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და ამ ნაწილში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ი. თ-ას მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის ნაწილში განსახილველად გადაეცა საგნობრივად განსჯად სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის გამო შეჩერდა სამართალწარმოება საქმის სამოქალაქო წესით განხილვის დასრულებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ი. თ-ა ცნობილ იქნა მესაკუთრედ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-ამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ქ. სოხუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ი. თ-ას მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ქ. სოხუმის მერიისთვის მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების ამ ნაწილებში კანონიერ ძალაში ყოფნის გამო; დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. სოხუმში, ... მდებარე სახლის ი. თ-ას სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელად.
2015 წლის 12 ოქტომბერს ი. თ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განჩინებით ი. თ-ას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ი. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 9 თებერვალს ი. თ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით ი. თ-ას განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით ი. თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ი. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება.
2018 წლის 21 მარტს ი. თ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო ი. თ-ას განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 342-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ გამოიყენება. შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ი. თ-ას განცხადებაში არ არის მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელი საფუძვლებით ითხოვს განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის №ბს-741-737(კს-17) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ი. თ-ას განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე და 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის №ბს-741-737(კს-17) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი