№ბს-1024-1019(კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 7 ოქტომბერს გ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 აპრილის №71930 წერილის განხილვისა და ქ. თბილისში, ... ქ. №37-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ 532 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) გ. კ-ის წილობრივი საკუთრების უფლებით აღიარების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: თ. კ-ი, შპს „...“, ს. ს-ა და ქ. ს-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. კ-მა, თ. კ-მა, შპს „..-მ“, ს. ს-ამ და ქ. ს-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ის, შპს „...“-ის, თ. კ-ის, ს. ს-ას, ქ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა 2014 წლის 3 აპრილის №71930 წერილის განხილვა და ქ. თბილისში, ... 37-ში მდებარე ს/კ ...-ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ გ. კ-ი, თ. კ-ი, ქ. ს-ა, ს. ს-ა და შპს „...“ წარმოადგენდნენ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართალურთიერთობის სუბიექტებს, მაშინ როდესაც უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო მიწა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
კასატორის განმარტებით, რეგისტრირებული საკუთრების არსებობის პირობებში და მით უფრო მაშინ, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის სადავო, გაუგებარია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 3 აპრილის №71930 წერილთან დაკავშირებით საკითხის განხილვისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით მოწინააღმდეგე მხარისთვის რამდენად არსებობს მიღწევადი და სასურველი შედეგის დადგომის ალბათობა, ვინაიდან, წერილი რომელთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ დაავალა სააგენტოს საკითხის სათანადო შესწავლა, წარმოადგენს უკვე დასრულებული და შეწყვეტილი რეგისტრაციის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და ყოველგავრი სამართლებივი ნორმის მითითების და განმარტების გარეშე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თითქოსდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იმ კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლება გადაწყვიტოს საკითხი მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ფუნქცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს დელეგირებული და იგი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს ორგანოს, რომელიც კომპეტენტურია გადაწყვიტოს საკითხი მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
კასატორის მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 29-ე პუნქტით დაწესებული მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულება, მიმართოს სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს იმ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით, რომელზეც რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, გარკვეულწილად ემსახურება მარეგისტრირებელი ორგანოს საკითხის უკეთ შესწავლის მიზანს. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისას საჯარო რეესტრს სავალდებულოდ ესაჭიროება სხვა რომელიმე ორგანოს თანხმობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 აპრილის №71930 წერილის განხილვისა და ქ. თბილისში, ... ქ. №37-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ 532 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით (ს/კ №...) საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოცემული სარჩელის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მაისის №...-08 გადაწყვეტილებით გ. კ-ს, რომელიც ქ. თბილისში ... ქ. №37-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა, როგორც მართლზომიერი მფლობელი და მიუთითებდა, რომ 532 კვ.მ მიწის ნაკვეთი, არის შენობა-ნაგებობის ქვეშ მოქცეული მიწა, უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №37-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...), მიუხედავად მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის მათ სახელზე რეგისტრაციისა, სახელმწიფოს საკუთრებაა რეგისტრირებული და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 5 მაისის №5/15726 წერილით მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებისათვის დარეგისტრირება.
გ. კ-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 5 მაისის №5/15726 წერილის ბათილად ცნობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2014 წლის 9 ივლისის №1-1/181 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 5 მაისის №5/15726 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 აპრილის №71930 წერილის განხილვა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2014 წლის 9 ივლისის №1-1/181 ბრძანებაში მითითებულია, რომ თ. კ-ის, ს. ს-ას, ქ. ს-ას, შპს „…“ წარმომადგენლები ეთანხმებიან გ. კ-ის ადმინისტრაციულ საჩივარს, გააჩნიათ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოპოვების ინტერესი, ხოლო გ. კ-ი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვისას მოქმედებდა ასევე მათი სახელით, რაც დაადასტურა საჩივრის ავტორმაც.
2014 წლის 19 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს მოხსენებითი ბარათით მიმართა მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, რომლითაც სააგენტოს თავმჯდომარეს ეთხოვა, დაევალებინა რთული შემთხვევების მართვის დეპარტამენტისთვის საკითხის განხილვა კომისიური წესით.
2014 წლის 26 აგვისტოს გ. კ-ის წარმომადგენელმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ნორმა მიწაზე რეგისტრაციის განხორციელებისათვის კუმულაციურად რამდენიმე პირობის არსებობას აწესებს, კერძოდ: 1. მიწა უნდა იყოს განმცხადებლის მართლზომიერ მფლობელობაში, 2. მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირებული უნდა იყოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება და 3. აღნიშნული ორგანო თანახმა უნდა იყოს მიწის განკარგვაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს ორგანოს, რომელიც კომპეტენტურია გადაწყვიტოს საკითხი მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის გაცემა წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას, რაც გულისხმობს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 29-ე ნაწილით სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს პირდაპირ მიენიჭა დისკრეციული უფლებამოსილება გასცეს ან არ გასცეს თანხმობა სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს ქონების მართლზომიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი, რაც არ ნიშნავს უპირობოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაასაბუთოს რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტრესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.
აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2014 წლის 9 ივლისის №1-1/181 ბრძანებით გ. კ-ის წარმომადგენელის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 5 მაისის №5/15726 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 5 მაისის №5/15726 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 აპრილის №71930 წერილის განხილვა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ არ მომხდარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 აპრილის №71930 წერილის განხილვა.
ამასთან, რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის სადავო და შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 3 აპრილის №71930 წერილთან დაკავშირებით საკითხის განხილვისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაცილ-სამართლებრივი აქტის მიღებით მოწინააღმდეგე მხარისთვის რამდენად არსებობს მიღწევადი და სასურველი შედეგის დადგომის ალბათობა, ვინაიდან, წერილი რომელთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ დაავალა სააგენტოს საკითხის სათანადო შესწავლა, წარმოადგენს უკვე დასრულებული და შეწყვეტილი რეგისტრაციის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 აპრილის №71930 წერილის განხილვის დავალება, რის საფუძველზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება და ამ წერილთან დაკავშირებით დავა დასრულებული არ არის, რაც შესაძლოა გახდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი