Facebook Twitter

№ბს-1049-1043(კ-17) 25 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 21 სექტემბერს თ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 20 ივლისის №04-15-01/3351 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 8 სექტემბრის №04/68716 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თ. ლ-ისათვის კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დავალდებულება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 20 ივლისის №04-15-01/3351 მიმართვა/გადაწყვეტილება და თ. ლ-ისა და მისი წარმომადგენლის - ვ. ხ-ის საჩივრის (№84721, 11.08.2016) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 8 სექტემბრის №04/68716 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ლ-ისათვის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება; თ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ამასთან, არასწორად განმარტა იგი. კასატორის განმარტებით, სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის დროს (და არა დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს) ჩაიდინა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედება, რის გამოც იგი მსჯავრდებულ იქნა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არასწორია, კერძოდ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის თანახმად, განსაზღვრულია იმ პირთა წრე, ვინც სამუშაოდან დათხოვნის შემთხვევაში მოიპოვა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება და ამასთან, სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ იქნა იმ პირთა წრე, ვისაც არ აქვს უფლება მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსია. სხვა ამკრძალავ დათქმაზე სპეციალური კანონი არ მიუთითებს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი საერთოდ არ მიუთითებს სამხედრო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევას პენსიის დანიშვნის შემზღუდავ პირობად, მაშინ როცა შესაძლებელია, რომ პირს სამხედრო ან სპეციალური წოდება ჩამოერთვას განაჩენის გარეშეც, აღნიშნული ნორმით პირს არ აქვს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება თუ იგი სამუშაოდან დათხოვნილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო; დღეს მოქმედია ორივე კანონი.

კასატორის მოსაზრებით, პენსიის მიღების უფლება და პენსიის დანიშვნა, გაცემა და გადაანგარიშება სულ სხვადასხვა სამართლებრივი შინაარსის მატარებელია. ზოგადი კანონის მიხედვით საერთო გახდა მხოლოდ პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი. ასევე პირზე, რომ გაიცეს პენსია, ჯერ მას ასეთი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, რაც სულ სხვა სამართლებრივ შინაარს ატარებს და იგი არ შეიძლება გავაიგივოთ პენსიის დანიშვნასა და გაცემის წესთან, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო განმარტავს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სპეციალური კანონი აღარ არის საჭირო, ვინაიდან ზოგადი კანონი ყველა იმ საკითხს არეგულირებს, რაც მითითებულია სპეციალურ კანონში, გარდა იმისა, რომ სპეციალური კანონიდან ახალი ზოგადი კანონის მიღებისას შევიდა არაერთი ცვლილება და ამოღებულ იქნა პენსიის დანიშვნის, გაცემისა და გაანგარიშების წესები. კასატორის მითითებით, თუ სააპელაციო სასამართლოს განმარტებას გავიზიარებთ, მაშინ ფაქტობრივად სპეციალური კანონი უნდა გაუქმებულიყო ზოგადი კანონის ამოქმედებისთანავე, რაც არ მომხდარა და სპეციალური კანონი დღესაც მოქმედებს მასში შეტანილი მრავალი ცვლილებით. თუ პენსიის დანიშვნის უფლება განაჩენით მსჯავრდებულ პირს ეკისრება, მაშინ შესაბამისი ცვლილება უნდა შეტანილიყო სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში და დამატებოდა ნასამართლობა ერთ-ერთ ამკრძალავ პირობად პენსიის მიღების უფლების შეზღუდვაზე, ან პირიქით ასეთივე ცვლილება უნდა შეტანილიყო ზოგადი კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტში.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას ჯერ უნდა ემსჯელა სპეციალური კანონით ჰქონდა თუ არა პენსიის მიღების უფლება თ. ლ-ეს მოპოვებული და შემდეგ უნდა ემსჯელა პენსიის დანიშვნასა და გაცემაზე. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ პენსიის გაცემისა და დანიშვნის წესზე და საერთოდ არაფერი თქვა პენსიის მიღების უფლებაზე და იმის ნაცვლად, რომ ამ ნაწილში გამოეყენებინა სპეციალური კანონი, გამოიყენა ზოგადი კანონი.

ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განჩინებაზე საქმე №3/ბ-316-2016წ. და 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე საქმე №3/ბ-620-12, ასევე საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე საქმე №ბს-502-497(კ-11) და 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე საქმე №ბს-902-894(2კ-16). კასატორის განმარტებით, აღნიშნულ საქმეებში ყველა მოსარჩელე ორგანოში მუშაობის პერიოდში მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო და ყველა შემთხვევაში, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო პალატამ მიიჩნიეს, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა ყოფილიყო სპეციალური კანონი და მოსარჩელეების მოთხოვნა პენსიის დანიშვნის თაობაზე, მიუხედავად ნასამართლობისა, დაკმაყოფილდა.

კასატორი ასევე არ ეთანხმება, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სოციალურ სამსახურში სათანადო სამსახურის მიერ არ გადაგზავნილა პენსიის დანიშვნის თაობაზე შესაბამისი დასკვნა ან წერილი, ვინაიდან, მან წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც საჭირო იყო პენსიის დასანიშნად.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე არსებობს სხვაგვარი პრაქტიკა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტული დავის სწორად გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი პირისათვის კომპენსაციის დანიშვნისას შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იხელმძღვანელონ თუ არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც გამორიცხავს კომპენსაციის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო პირის თანამდებობიდან დათხოვნის შემთხვევაში. კასატორი არ ეთანხმება განსახილველ შემთხვევაში მითითებული კანონის გამოყენებას და მოპასუხისთვის მისთვის კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დავალდებულებას „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოითხოვს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ითვალისწინებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ამასთან, 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, ხოლო მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია ის პირები, ვისაც ამ კანონის შესაბამისად აქვთ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება ანუ განსაზღვრულია ამ კანონის სუბიექტები, სადაც მიეთითა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პირებიც.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონმა შეცვალა გარკვეული კატეგორიის პირთა მიმართ საპენსიო უზრუნველყოფა და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში არსებულმა ნორმებმა თავი მოიყარა ერთ საკანონმდებლო აქტში - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები და გაუქმდა ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნისა და გაცემის, ასევე პენსიების გადაანგარიშების ძირითადი წესები. შესაბამისად, მითითებული წესები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით საერთო გახდა როგორც სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე, ისე ამ კანონით გათვალისიწნებულ სხვა სუბიექტებისათვის.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ თ. ლ-ე იყო რა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, წარმოადგენს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის სუბიექტს. ამასთან, იმისათვის, რომ თ. ლ-ეს დაენიშნოს კომპენსაცია, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის დადგენილ სავალდებულო პირობებს.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნება სასამართლო წესით სამხედრო ან სპეციალურ წოდებაჩამორთმეულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი გამართლებული ან რეაბიტილირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამასთან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. ლ-ემ 1975 წლის 24 აპრილიდან 1977 წლის 3 მაისამდე გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური, ხოლო 1980 წლის 2 იანვრიდან 2009 წლის 10 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობა დაიწყო სერჟანტის წოდებით, ხოლო მუშაობა დაასრულა მაიორის წოდებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 მაისის დასკვნით დგინდება, რომ 2009 წლის 21 მაისს, თ. ლ-ე ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება ორი თვის ვადით, რის გამოც პოლიციის მაიორს - თ. ზ. ლ-ეს 2009 წლის 20 მაისიდან შეეფარდა შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - შს ორგანოებიდან დათხოვნა. შესაბამისად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2009 წლის 3 ივლისს მიღებულ იქნა ბრძანება №1149, რომლითაც შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს ქობულეთის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფის შპს „…“ ჩაქვის წყალსადენის სათავე ნაგებობის ინსპექტორს - პოლიციის მაიორ თ. ზ. ლ-ეს შეეფარდა დისციპლინური სახდელი „შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 10 ივლისის №36805მ ბრძანების საფუძველზე, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს ქობულეთის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფის შპს „ბ...“ ჩაქვის წყალსადენის სათავე ნაგებობის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი თ. ზ. ლ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების“ 69-ე მუხლით (შს ორგანოებიდან დათხოვნა პოლიციის თანამშრომლის სახელის დისკრედიტაციისათვის).

ამდენად, მართალია, თ. ლ-ემ მუშაობა დაასრულა მაიორის წოდებით, რის გამოც იგი აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას, თუმცა იგი ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო პირობას, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო, რის გამოც თ. ლ-ეს მართებულად ეთქვა უარი კომპენსაციის დანიშვნაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული სასამართლო პრაქტიკის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სხვა ფაქტობრივი გარემოებებია კასატორის მიერ მითითებულ საქმეებში, კერძოდ, ერთ შემთხვევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ბს-502-497(კ-11)) საქმე ეხებოდა პროკურატურაში მუშაობის წლების წელთა ნამსახურობაში ჩათვლას, ხოლო მეორე შემთხვევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-902-894(2კ-16)) მოსარჩელეს პენსია დანიშნული ჰქონდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე - 2000 წლის 15 ივნისიდან, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც 2010 წელს შეუჩერდა საჯარო სამსახურში მუშაობის გამო; ხოლო მას უკვე მოპოვებული და რეალიზებული კომპენსაცია მიეცა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, და არა იმიტომ, რომ მასზე არ ვრცელდებოდა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა.

რაც შეეხება შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას), საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმისადმი დიდი ინტერესის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროების, იშვიათი სამართლებრივი პრობლემის არსებობის საფუძვლით საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა განეკუთვნება საქმის განმხილველი საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებულ, დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვითაც სასამართლო თავისი შეხედულებით განსაზღვრავს საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხს. საკასაციო პალატა დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის საჭიროებას წყვეტს არა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, არამედ დამოუკიდებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ლ-ის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი