საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-186-186(კ-18) 17 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „…
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ დირექტორმა ჯ. დ-ემ 2016 წლის 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ოქტომბრის №38371 ბრძანების ბათილად ცნობა შპს “...”-ს მიმართ ჯარიმის დაკისრების თობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...“ მიერ, აპელანტმა სადავო გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებიის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკამაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით კასატორს - შპს „...“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება ან სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
შპს „...“ დირექტორმა ჯ. დ-ემ 2018 წლის 20 მარტს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა განცხადებას დაურთო სახელწმიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის - 250 ლარის გადახდის გადავადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით. აღნიშნული განჩინება შპს „...“ მენეჯერს ქ. მ-ს ჩაჰბარდა 2018 წლის 24 მარტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყო და 2018 წლის 2 აპრილს (ორშაბათს) ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 374-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - შპს „...“ (ს/კ...) დაუბრუნდეს 20.03.2018წ. №1 საგადახდო დავალებით ლ. ლ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე