Facebook Twitter

N330310015722019

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-250-250(კს-18) 19 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. რ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია მ. ვ-ის და ვ. ვ-ის სარჩელი, მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.04.2014წ. №1206116, 04.08.2014წ. №1420298 ბრძანებების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 13.01.2015წ. №3 ბრძანების და ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 06.02.2014წ. N5 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.

08.05.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. რ-მა და განცხადებას დაურთო სარჩელი, რომელშიც თავად არის მითითებული მოსარჩელედ, ხოლო მოპასუხეებად დასახელებულნი არიან სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სასარჩელო მოთხოვნად მითითებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.02.2014წ. N290 განკარგულების, ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 06.02.2014წ. №5 სხდომის ოქმის და სსიპ არქიტექტურის სამსახურის 20.02.2014წ. №1145247 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. განმცხადებელმა სსკ-ის 182-ე მუხლზე მითითებით მოითხოვა საქმეში თანამოსარჩელედ ჩაბმა და საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ მ. ვ-ის და ვ. ვ-ის სარჩელთან მის მიერ წარდგენილი სარჩელის გაერთიანება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.05.2017წ. განჩინებით ნ. რ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2017წ. განჩინებით ნ. რ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.05.2017წ. განჩინებაზე დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 414-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ თუ კანონით არ არის გათვალისწინებული განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა, კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასარჩელო მოთხოვნების (სასამართლოს წარმოებაში არსებული დამოუკიდებელი საქმეების) გაერთიანებაზე უარის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. სააპელაციო პალატის მითითებით, ნ. რ-მა სარჩელების გაერთიანება მოითხოვა იმ პირობებში, როდესაც მისი სარჩელი დადგენილი წესით არ იყო დარეგისტრირებული საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში, ხოლო მ. ვ-ის და ვ. ვ-ის სარჩელი უკვე იმყოფებოდა საქალაქო სასამართლოს წარმოებაში, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის თანამოსარჩელედ ცნობაზე უარის თქმა ფაქტობრივად წარმოადგენდა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარს და მას კერძო საჩივარი სწორედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ განჩინებაზე ჰქონდა წარმოდგენილი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით დაშვებულია თანამოსარჩელეობა, თუმცა აღნიშნულის აუცილებელ პირობას წარმოადგენს რამდენიმე მოსარჩელის მიერ სარჩელის ერთად წარდგენა, რასაც არ ჰქონია ადგილი მოცემულ შემთხვევაში.

15.02.2018წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა ნ. რ-ის წარმომადგენელმა დ. ჯ-ემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.07.2017წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მან დადგენილი ფორმით და წესით წარადგინა სარჩელი საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში, ამასთანავე, საქალაქო სასამართლომ მას რეალურად უარი უთხრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც კანონით შესაძლებელია გასაჩივრდეს, თუმცა საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო პალატამ ეს საპროცესო უფლება შეუზღუდეს (განჩინებებში მიუთითეს მათი გასაჩივრების დაუშვებლობაზე). ამდენად, ნ. რ-ი მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლომ წარმოებაში უნდა მიიღოს აღნიშნული კერძო საჩივარი და უნდა გააუქმოს როგორც სააპელაციო პალატის 07.07.2017წ. განჩინება, ისე საქალაქო სასამართლოს 15.05.2017წ. განჩინება, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, საქმეში თანამოსარჩელედ ჩაბმაზე და საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივრისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. რ-ის წარმომადგენლის დ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის 414.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 419.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მოცემულ შემთხვევაში, ნ. რ-მა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.05.2017წ. განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა საქმეში თანამოსარჩელედ ჩაბმისა და საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. რ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელი იყო, რამდენადაც კანონი არ ითვალისწინებს ამგვარ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, შესაბამისად, სააპელაციო პალატის 07.07.2017წ. განჩინებით განუხილველად დარჩა კერძო საჩივარი და ნ. რ-ს განემარტა, რომ განჩინება არ საჩივრდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 419.3 მუხლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება, მოცემულ შემთხვევაში, ნ. რ-მა კერძო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა ზემდგომი სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.07.2017წ. განჩინებაზე, რაც დაუშვებელია და სსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. რ-ის წარმომადგენლის დ. ჯ-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი