Facebook Twitter

330310016001493313

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე Nბს-292-292(კ-18) 29 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2017წ. გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.02.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: თ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 01.06.2016წ. №171254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 01.08.2016წ. №22173 ბრძანება და დაევალა მოპასუხეს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 07.03.2018წ.

სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 07.11.2017წ. გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 26.01.2018წ. (ტ.2, ს.ფ. 83). ამდენად, განჩინებაზე საკასაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 21 დღიანი ვადა სსიპ შემოსავლების სამსახურს ამოეწურა 16.02.2018წ., 24:00 საათზე. საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში წარდგენილია 07.03.2018წ.(ტ.2, ს.ფ. 84).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი