Facebook Twitter

საქმე №ბს-400-397(კ-17) 27 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა დედის - თ. ბ-ის მიმართ 2015 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე მიუღებელი საპენსიო თანხის გაცემის დავალება, აგრეთვე მიუღებელი პენსიის ყოველ ვადაგადაცილებული დღეზე 0.07%-ის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თ. ბ-ს, ასაკით პენსიონერს, სახელმწიფო პენსია 1990 წლის 30 ოქტომბრიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის განყოფილებაში ჰქონდა დანიშნული. მასზე პენსიის გაცემა 2015 წლის 1 აგვისტოდან შეჩერდა, 2015 წლის 1 ოქტომბრიდან კი შეწყდა პენსიონერის გარდაცვალების გამო (თ. ბ-ი გარდაიცვალა 2015 წლის 22 სექტემბერს). 2015 წლის 1 ოქტომბერს ნ. კ-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლითაც დედის - თ. ბ-ის გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 7 ოქტომბრის N04/76421 წერილით ნ. კ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. განმცხადებელს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით განემარტა, რომ თ. ბ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის შეჩერებიდან მის მიერ გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა, ვინაიდან თ. ბ-ს ან მის წარმომადგენელს შეჩერებული პენსიის განახლება არ მოუთხოვია პენსიონერის სიცოცხლეში.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. მოსარჩელე მიუთითებდა აღნიშნული კანონის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა, ამასთან ქალებს პენსიის უფლება წარმოეშობა 60 წლიდან. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მის დედას - თ. ბ-ს საპენსიო ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსია დანიშნული ჰქონდა 1990 წლის 30 ოქტომბრიდან დუშეთის რაიონულ განყოფილებაში.

მოსარჩელე მიუთითებდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, პენსიის შეწყვეტის საფუძველია პენსიონერის გარდაცვალება. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისთვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. მოსარჩელე დამატებით მიუთითებდა, ამავე კანონის მე-16 მუხლზე, რომლის თანახმად, მინდობილობის ვადის გასვლა არ წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველს და ასევე მითითებული კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პენსიის შეწყვეტის საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, ნ. კ-ზე გაეცა მისი დედის - თ. ბ-ის მიმართ 2015 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე მიუღებელი პენსია. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა ნორმა, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.

პალატამ განმარტა, რომ ნ. კ-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბერს მიმართა განცხადებით, რომლითაც დედის - თ. ბ-ის გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება მოითხოვა. მოთხოვნა განხორციელდა პენსიონერის გარდაცვალების შემდგომ, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

კასატორი ნ. კ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პენსიის მიღება პირის ძირითადი სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ევროპის სოციალური ქარტიის (მიღებულია 1996 წლის 3 მაისს) 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებით, რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით, სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება მეტი ხნით, რომელიც გამოიხატება მათთვის სათანადო სახსრების გამოყოფით და სახვა საშუალებებით.

კასატორი მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. აგრეთვე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ყოველი სახელმწიფო სტრუქტურის და რესურსების შესაბამისად ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისთვის.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო პენსიის შესახებს საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება: საქართველოს კონსტიტუციისა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის სხვა ნორმატიული აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. აგრეთვე პენსიის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა, ხოლო მე-12 მუხლის მიხედვით, პენსიონერი უფლებამოსილია, მიიღოს პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-13, მე-14 და მე-17 მუხლების მიხედვით, პენსია ინიშნება მასზე უფლებამოსილი პირის მიერ კომპეტენტურ ორგანოში შესაბამისი განცხადების კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარდგენის საფუძველზე, ხოლო წყდება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი განცხადებით, ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას, ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას, ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

კასატორი პენსიის შეჩერებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეჩერების საფუძველია პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა და პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ კი წარსული დროისათვის მიუღებელი თანხა ანაზღაურდება პენსიის შეჩერებიდან არა უმეტეს 1 წლის პერიოდისათვის. აგრეთვე სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისთვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

კასატორი დასახელებული ნომრიდან გამოდინარე მიიჩნევს, რომ პენსიონერი უფლებამოსილია, მიიღოს პენსია მისი დანიშვნიდან შეწყვეტამდე, პენსიის შეჩერება არ გულისხმობს მასზე უფლების გაუქმებას. სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის შინაარსის მიხედვით პენსიის შეჩერება პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის ვარაუდს უკავშირდება. პენსიის შეჩერების შემთხვევაში თუ არ დადასტურდა პენსიის შეწყვეტის საფუძველი და ბენეფიციარმა მოითხოვა მისი განახლება, იგი უფლებამოსილია, მიიღოს შეჩერების დროიდან გასაცემი პენსია და აღნიშნულ უფლებას კანონი მხოლოდ დროის ინტერვალით ზღუდავს-შეჩერებიდან 1 წლის განმავლობაში მიუღებელი პენსია ანაზღაურდება.

კასატორი ბენეფიციარის მოთხოვნასთან დაკავშირებით პენსიის განახლებაზე აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით, მისი განცხადება წარმოადგენს პენსიის გაცემის საფუძველს და არა პენსიის შეჩერების დროიდან 1 წლის ფარგლებში პენსიონერის კუთვნილ პენსიაზე მისი უფლების დადასტურების აუცილებელ პირობას, რამეთუ პენსიონერის ნება პენსიის მიღებაზე გამოიხატება პენსიის დანიშვნისას და ამ სახით არის პენსიის ადმინისტრირების ორგანოებისათვის ცნობილი, ვიდრე საწინააღმდეგო განცხადება არ იქნება მათთან წარდგენილი, ამდენად პენსიის შეწყვეტის საფუძვლის არ არსებობისას მისი შეჩერებიდან 1 წლის განმავლობაში გასაცემი პენსია წარმოადგენს სარგებელს, რომელიც პენსიონერს ეკუთვნის, მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი შესაბამისი უფლება გადადის მის მემკვიდრეზე, თანახმად სახელმწიფოს პენსიის შესახებ კანონის მე-18 მუხლისა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული საკითხი განსხვავებულადაა დარეგულირებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნის და გაცემის წესით“, რომლის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში. ამდენად, სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აწესებს პენსიონერისა და მისი მემკვიდრის უფლების იმგვარ შეზღუდვას, რომელიც სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონით არ არის გათვალისწინებული და არც მისი მიზნებიდან გამომდინარეობს.

ნ. კ-ი მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საკანომდებლო აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანომდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ფარგლებში. „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნის და გაცემის წესი“ დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანებით, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების და პენსის დანიშვნის წესისა და პირობების განსაზღვრის მიზნით და მის გამოყენება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედებას ემსახურება, ცხადია, მისი მოქმედების ფარგლები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირებისას მასზე უპირატესი იურდიული ძალა უნდა მიენიჭოს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონს.

კასატორი მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ბ-ი უფლებამოსილი იყო მიეღო პენსია გარდაცვალებამდე, ასევე, პენსიის შეჩერებიდან 2015 წლის 1 აგვისტოდან 1 წლის ფარგლებში, თუმცა აღნიშნული უფლების რეალიზება 2015 წლის 22 სექტემბერს მისი გარდაცვალების გამო ვერ განხორციელდა და პენსია 2015 წლის 1 ოქტომბრიდან შეწყდა. შესაბამისად, მის მემკვიდრეზე გადავიდა 2015 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე გასაცემი - 2 თვის პენსიის მოთხოვნის უფლება, აქედან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გააჩნია ვალდებულება თ. ბ-ის მემკვიდრეზე გასცეს თ. ბ-ის კუთვნილი 2015 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე მიუღებელი პენსია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითაც განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეზე დადგენილია, რომ თ. ბ-ს, როგორც ასაკით პენსიონერს, სახელმწიფო პენსია 1990 წლის 30 ოქტომბრიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის განყოფილებაში ჰქონდა დანიშნული. მასზე პენსიის გაცემა 2015 წლის 1 აგვისტოდან შეჩერდა, 2015 წლის 1 ოქტომბრიდან კი შეწყდა პენსიონერის გარდაცვალების გამო (თ. ბ-ი გარდაიცვალა 2015 წლის 22 სექტემბერს). 2015 წლის 1 ოქტომბერს ნ. კ-მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა, რომლითაც მისი დედის - თ. ბ-ის გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 7 ოქტომბრის N04/76421 წერილით ნ. კ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. განმცხადებელს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით განემარტა, რომ თ. ბ-ისათვის სახელმწიფო გასაცემლის შეჩერებიდან მის მიერ გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა, ვინაიდან თ. ბ-ს ან მის წარმომადგენელს შეჩერებული პენსიის განახლება არ მოუთხოვია პენსიონერის სიცოცხლეში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე (შემდგომში - პენსია) უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, მისი შეჩერების განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

პალატა მიუთითებს დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის მიღწევა, ხოლო მე-12 მუხლის მიხედვით, პენსიონერი უფლებამოსილია, მიიღოს პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული კანონის მე-18 მუხლის თანახმად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. შესაბამისად, პენსიონერი უფლებამოსილია, მიიღოს პენსია მისი დანიშვნიდან შეწყვეტამდე - სრული პერიოდის განმავლობაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პალატა დამატებით მიუთითებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესახებ ბრძანების მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, პენსია მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეჩერდება, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. პალატა განმარტავს, რომ პენსიის შეჩერება არ გულისხმობს სამართლებრივ შედეგად პენსიის მიღების უფლების შეზღუდვას, იგი შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის ვარაუდი.

დასახელებული ბრძანების მე-10 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუღებელი პენსიის გაცემის საკითხი განსხვავებულად არის მოწესრიგებული ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტებში, რომელიც თავის მხრივ, სადავო ურთიერთობას აწესრიგებს. შესაბამისად, პალატას მართებულად მიაჩნია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის ინტერპრეტირება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. დასახელებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს პენიის დანიშვნისა და მისი გამოცემის განახლებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, ასევე საპენსიო დოკუმენტების წარმოებისა და პენიის გაცემის წესები.

საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - მიულერი ავსტრიის წინააღმდეგ (Muller v. Austria n5849/72), სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე არ არსებობს ხანდაზმულობის პენსიის ზოგადი უფლება, თუმცა არსებობს საკუთრების უფლება, რათა პირმა, თუ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ კანონის საფუძველზე დაწესებულ პირობებს მიიღოს აღნიშნული თანხა. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (stec and others v. the united kingdom n65731/01, n65900/01). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პრეცედენტულ სამართალში, შენატანების საფუძველზე უზრუნველყოფილი დახმარების საქმეები გამიჯნა იმ საქმეებისგან, რომელიც შენატანებთან არ იყო დაკავშირებული და ახალი მიდგომის თანახმად, დაადგინა, რომ თუ მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს სოციალური კეთილდღეობის დახმარებას - შენატანების წინასწარი გადახდის ან გადაუხდელობის პირობით, ასეთი კანონმდებლობა განხილული უნდა იქნეს, როგორც მესაკუთრის ინტერესის წარმომშობი, რაც პირველი ოქმის 1-ლი მუხლის - საკუთრების უფლების ფარგლებში ექცევა. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მრავალი ადამიანი, სრულად ან ნაწილობრივ, სოციალურ დახმარებებზეა დამოკიდებული. მრავალი შიდასახელმწიფოებრივი სისტემა აღიარებს, რომ ასეთ პირებს სჭირდებათ საიმედოობისა და უსაფრთხოების გარკვეული ხარისხი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შესაძლებელია მოწესრიგდეს ამა თუ იმ უფლებით სარგებლობის პროცედურები, მოცემულ შემთხვევაში კი პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესები. მაგრამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით კანონით აღიარებული უფლების შეზღუდვა არ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს, რამეთუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით სოციალური უფლებები, ამ შემთხვევაში კი პენსიის მიღების უფლება გათანაბრებულია საკუთრების უფლების სამართლებრივ მახასიათებლებთან, რაც პენსიის მიღების უფლებაზე ავტომატურად ავრცელებს საკუთრების უფლებაზე მოქმედ სამართლებრივ წესრიგს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვალს დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესახებ ბრძანება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს ემსახურება და მის საფუძველზეა გამოცემული, შესაბამისად, ნორმათა არსებული კონკურენციის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს საქართველოს კანონს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომლის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნ. კ-ს აქვს სამართლებრივი საფუძველი მიიღოს დედის - თ. ბ-ის კუთვნილი პენსია, რამეთუ განსახილველ შემთხვევაში კანონით მემკვიდრემ - ნ. კ-მა 2015 წლის 1 ოქტომბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დედის - თ. ბ-ის (გარდაცვლილი 2015 წლის 22 სექტემბერს) მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების შესახებ, ამასთანავე საქმეზე დადგენილი არ არის სხვა გარემოება, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იქნებოდა განხილული.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ნ. კ-მა დაადასტურა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც საფუძვლად უდევს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს, ნ. კ-ზე გასცეს მისი დედის - თ. ბ-ის მიერ 2015 წლის 1 აგვისტოდან მის გარდაცვლამებამდე მიუღებელი პენსია;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე