ბს-1102-1096(კ-17) 12 აპრილი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ვ-ემ 25.04.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 16.03.2016წ. N12-პ ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ნ. ვ-ის ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე სრულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.07.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. განჩინებით ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-ემ.
კასატორმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია განამტკიცებს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობაზე უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიებს.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.12.2015წ. Nბს-449-442(კ-15) განჩინება, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, ამასთანავე, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს.
კასატორი თვლის, რომ მისი გათავისუფლების მომენტისათვის ვაკანტური იყო სასამართლოს ... თანამდებობა, რომელსაც სრულად გადაეცა გაუქმებული შტატის ფუნქციები. ნ. ვ-ე ცალსახად აკმაყოფილებდა ... თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამასთანავე, სწორედ ამ თანამდებობაზე იყო დასაქმებული ნ. ვ-ე 2005 წლიდან 2012 წლამდე. მართალია პლენუმის 15.03.2016წ. დადგენილებით შტატების რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაუქმებული შტატის ფუნქციები უცვლელი დარჩა. ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად შენარჩუნდა გაუქმებული შტატის ფუნქციების მატარებელი შტატი განსხვავებული სახელწოდებით, რაც ნიშნავს რეორგანიზაციის ფორმალურად განხორციელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია, უზენაესი სასამართლო არ ახდენს ნორმათა აბსტრაქტულ განმარტებას. ამდენად, გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი მოსაზრებები განმარტებულ უნდა იქნეს დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. ამასთანავე, სწორედ არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას ენიჭება უზენაესი სასამართლოს სამართლებრივ განმარტებებს კონკრეტული საქმის განხილვისათვის მნიშვნელობა. დივერგენციის საფუძვლით საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც არსებითად მსგავსი გარემოებების მქონე დავაში სააპელაციო სასამართლო ნორმის საკასაციო პალატისგან განსხვავებულ განმარტებას ახდენს. ამდენად, უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებებით ხელმძღვანელობისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს განხილული და განსახილველი დავების ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსებითი მსგავსება. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული დავისა და განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რადგან 08.12.2015წ. Nბს-449-442(კ-15) განჩინების მიხედვით, საქმეზე არ დასტურდებოდა შტატების შემცირება, გარკვევას საჭიროებდა იმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე ახლადშექმნილი საშტატო ერთეულების არსებობა, რაც რეორგანიზაციამდე ეკავათ მოსარჩელეებს, შესაფასებელი იყო ის გარემოება, რომ გამგებლის წარმომადგენლისა (ახლადშექმნილი საშტატო ერთეული) და რწმუნებულის (გაუქმებული საშტატო ერთეული) ფუნქციებს შორის იკვეთებოდა არსებითი მსგავსება. საკასაციო სასამართლოს 08.12.2015წ. (ბს-449-442(კ-15)) განჩინებაში მითითება იმაზე, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება ფუნქციური დატვირთვით ამგვარი შტატის არარსებობის შემთხვევაში, განპირობებული იყო ხსენებულ საქმეში დადგენილი გარემოებით, კერძოდ იმით, რომ რეორგანიზაციამდე არსებული შტატების რაოდენობა არ შეცვლილა (კერძოდ 21 რწმუნებულის შტატის ნაცვლად შეიქმნა 21 წარმომადგენლის შტატი). რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება შტატების შემცირება, ორი საშტატო ერთეულის ფუნქციების გაერთიანება (ე.ი. ფუნქციური დატვირთვის მნიშვნელოვანი ცვლილება), საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ ... სამსახურს სხვა საშტატო ერთეული არ დამატებია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელოვანი სხვაობის გამო, კასატორი არასწორად ახდენს საკასაციო სასამართლოს 08.12.2015წ. Nბს-449-442(კ-15) განჩინების ინტერპრეტირებას. ხსენებული განჩინება გამორიცხავს ისეთი ხელოვნური პროცედურების წარმართვის შესაძლებლობას, როდესაც საშტატო ერთეული მხოლოდ ფორმალურად იცვლის სახელწოდებას, სტრუქტურულ ქვემდებარეობას, თუმცა ახალი საშტატო ერთეულის ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულისათვის შტატის დაქვემდებარების გზით იქმნება იმავე დატვირთვის და ფუნქციური მახასიათებლების მქონე თანამდებობა, რაც ადასტურებს რეორგანიზაციის ფორმალურ, მოჩვენებით ხასიათს და დასაქმებულის ინტერესების არამართლზომიერ შელახვას. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, რეორგანიზაცია თავისთავად არ ქმნის საფუძველს პირის გათავისუფლებისათვის თუ მას თან არ სდევს შტატების შემცირება, შემცირებად არ ჩაითვლება თანამდებობის სახელწოდების შეცვლა. საკასაციო სასამართლოს 11.02.2016წ. ბს-683-675(2კ-15) გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთეული გაუქმებულად ითვლება ფუნქციური დატვირთვის არარსებობის შემთხვევაში, ეხება საშტატო ერთეულის მოჩვენებითი შემცირების დადგენას, როდესაც ადგილი აქვს სახელწოდების შეცვლას და არა საშტატო ერთეულის რეალურ შემცირებას, სწორედ ასეთი შეთხვევების მიმართ უარყო საკასაციო სასამართლომ მუშაკის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლის არსებობა, თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია იგივე ფუნქციური დატვირთვით ახალი საშტატო ერთეულის შექმნას ან უცველად დატოვებას. საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება რეორგანიზაციის ფორმალური ხასიათის შესახებ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება, კერძოდ ... სამსახური ადრე არსებული ოთხი შტატის ნაცვლად (..., მთავარი ..., ... და ...) ორი საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა, მოხდა საშტატო ერთეულების (..., უფროსი ...) გაუქმება, რეოგანიზაციამდე არსებული საშტატო ერთეულისთვის (მთავარი ...; ...) ფუნქცია-მოვალეობების გაზრდა. მანამდე არსებულ ფუნქციებთან ერთად მთავარი ... გაუქმებული საშტატო ერთეულის - ... უფლებამოსილებების მინიჭება არ წარმოადგენს დაწესებულებაში შტატების შემცირებით რეორგანიზაციის ჩატარებულად მიჩნევის დამაბრკოლებელ გარემოებას. არსებითი მნიშვნელობა აქვს შტატების რეალურ შემცირებას, რომელიც უდავოდ სახეზეა და არა ფუნქციის არსებობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა დაწესებულებაში შტატების ოპტიმიზაცია, ამა თუ იმ ფუნქციის შემსრულებელი პირების საშტატო ერთეულების შემცირება. მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატის შემცირება ქმნიდა კასატორის დათხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, იწვევს მოხელის გათავისუფლებას სამსახურიდან.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 18.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტს, მოხელეთა და სხვა მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს. ამდენად, უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტში ცვლილება შედის პლენუმის დადგენილებით. მოსარჩელე არ ასაჩივრებს მის მიერ დაკავებული შტატის გაუქმებას, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი საშტატო ერთეული ფორმალურად გაუქმდა, რადგან შტატის ფუნქციები შენარჩუნდა, ამასთან, შესაძლებელი იყო იმავე სამსახურში არსებულ სასამართლოს ... ვაკანტურ შტატზე მისი დანიშვნა. საკასაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციას არ ჰქონია ფორმალური ხასიათი, მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული გაუქმდა და მისი ფუნქციები გადაეცა სასამართლო ... შტატს, გარდა სახელმძღვანელო ფუნქციისა, რაც ფუნქციონალურად ..., როგორც სამსახურის ხელმძღვანელის, წამყვან, პრიორიტეტულ ფუნქციას შეადგენდა. რაც შეეხება ... რეორგანიზაციამდე არსებული ყველა ფუნქცია მას შეუნარჩუნდა, მთავარი ... უშუალოდ ახორციელებდა მედიასთან თანამშრომლობის ფუნქციას, რეორგანიზაციის შედეგად ... სამსახური დაკომპლექტდა ორი საშტატო ერთეულით, გაიწერა ... და ... უფლებამოსილება, რამაც გამორიცხა სამსახურის ხელმძღვანელობის, ... მეშვეობით სამსახურის ორი თანამშრომლის საქმიანობის კოორდინაციის ფუნქციის საჭიროება, მით უფრო, რომ ... სამსახურის საქმიანობის კოორდინაციის გაწევის ფუნქციას უზენაესი სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით ინარჩუნებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ... (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), ამასთანავე, რეგლამენტის თანახმად, ... სამსახური უშუალოდ ექვემდებარებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს (მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულების დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ინოვაციური ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესზე მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127.5 მუხლი ითვალისწინებდა მოხელის აღდგენას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. მოცემულ შემთხვევაში გათავისუფლებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან ის თანამდებობა, რომელსაც იკავებდა კასატორი, გაუქმებულია, ხოლო სასამართლოს ... თანამდებობა შევსებულ იქნა კონკურსის წესით, რომლის შედეგები არ გასაჩივრებულა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ შემდგომში საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხორციელებული რეორგანიზაციების შედეგად დაწესებულებაში ახლებურად გადანაწილდა ადამიანური რესურსები, სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედების გამო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდნენ დამხმარე ფუნქციების განმახორციელებელი პირები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის გათავისუფლების მომენტში სასამართლოს ... შტატი არ იყო ვაკანტური. ის გარემოება, რომ საშტატო ერთეულზე დანიშნული იყო მოვალეობის შემსრულებელი და თანამდებობის შესავსებად არ იყო ჩატარებული კონკურსი, არ ადასტურებს შტატის ვაკანტურობას განსახილველი დავის მიზნებისთვის, რადგან მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირი მოხელისაგან სტატუსით არ განსხვავდება, მათ განასხვავებს მხოლოდ დასაქმების ხანგრძლივობა. ამდენად, მოვალეობის შემსრულებელი ლეგიტიმურად იკავებდა კონკრეტულ თანამდებობას, კონკურსის შედეგად დანიშნული მოხელის მსგავსად ასრულებდა დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, იღებდა ანაზღაურებას. თავად ნ. ვ-ე წლების განმავლობაში სამსახურში ასრულებდა მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას (15.06.05წ.-10.11.05წ.; 01.12.05წ. - 04.10.06წ.; 01.12.12წ. - 28.11.13წ.), რაც არ ნიშნავდა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ვაკანტურობას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ თანამდებობაზე პირის მოვალეობის შემსულებლად განმწესება წარმოადგენდა აღმჭურველ აქტს, რომლის მიმართ პირს ჰქონდა კანონიერი ნდობა. მოსარჩელის გათავისუფლების პერიოდში სასამართლო ... მოვალეობის შემსრულებელი პირი მანამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ... განყოფილების ... სექტორში, მუდმივ შტატზე, უზენაესი სასამართლოს ... სამსახურში ... მოვალეობის შემსრულებლად ის გადაყვანილ იქნა რეორგანიზაციამდე, იმჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პირის თანამდებობაზე დანიშვნას ითვალისწინებდა მხოლოდ კონკურსის საფუძველზე („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში 29.06.12წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად, დადგინდა მხოლოდ კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის წესი), ნ. ჯ-ი ... თანამდებობაზე დაინიშნა 30-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა კონკურსის შედეგებით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას. ამასთანავე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, შესაბამისად არ დასტურდება შედავების უპასუხოდ დატოვება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი