საქმე # 330310017001672123
საქმე №ბს-922-918(კ-17) 9 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ხ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ხ-ამ 2017 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3524 ბრძანების ბათილად ცნობა - ი. ხ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ი. ხ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ი. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3524 ბრძანება ი. ხ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ხ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ჩატარებული წარმოების ფარგლებში ი. ხ-ას უარი ეთქვა ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ არ დადასტურდა მის მიერ მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი, რაც შეეხება შემოსავლის ოდენობის ცვლილებას, აღნიშნული აისახა მხოლოდ ქულათა რაოდენობაზე, რისი ლეგიტიმური უფლებამოსილებაც სამინისტროს ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლის ზრდის მიზეზებზე, კერძოდ, ის მიიჩნევს, რომ სამინისტროს უნდა დაედგინა ი. ხ-ას ოჯახის შემოსავლის ზრდის ფაქტი, ვინაიდან თანხის ოდენობის ზრდა დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობის გაზრდასთან. კასატორი მიიჩნევს, რომ ი. ხ-ას საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით სასამართლო უგულებელყოფს მათ მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენებაზე. მოწმე კი წარმოადგენს ი. ხ-ასთან დაახლოებულ პირს და საეჭვოა მისი ობიექტური დამოკიდებულება მოცემული საქმის მიმართ. მოწმე განმარტავს, რომ ი. ხ-ას მიერ მითითებულ მისამართზე არ არის არანაირი საცხოვრებელი პირობები, არ არის წყალი, გაზი, გათბობა, საყოფაცხოვრებო ნივთები, შესაბამისად აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ იქ არავინ არ ცხოვრობს და მით უმეტეს ი. ხ-ა. ი. ხ-ა არ უარყოფს მინიტორინგის პროცესში მისი ამ მისამართზე არყოფნის ფაქტს და არც იმას, რომ ამ მისამართზე არყოფნის პერიოდში ცხოვრობდა თავის შვილთან, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ისევე როგორც არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მასალებს. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ტექსტიდან და წარმოდგენილი ადმინისტრაციული მასალებიდან დასტურდება, რომ მათში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და ისინი დაფუძნებულია მხოლოდ იმ ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს, შესაბამისად, მითითება, რომ სამინისტროს უარი არის დაუსაბუთბელი, არ შეესაბამება რეალობას. კასატორი ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე - ი. ხ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, ი. ხ-ას რეგისტრირებულ და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - თბილისი, გლდანი, ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა 149. 2017 წლის 3 იანვრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ი. ხ-ასთან ერთად ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია ლ. ყ-ი (შვილიშვილი) და მოქმედი სარეიტინგო ქულაა 56150. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ი. ხ-ას ფაქტობრივ მისამართად მითითებულია - თბილისი, ... ქ. №6, ხოლო სარეიტინგო ქულაა - 9,5.
2016 წლის 4 ივლისს ი. ხ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით, ი. ხ-ა უზრუნველყოფილი იქნა საცხოვრებელი ბინის ქირით სამი თვის ვადით, კერძოდ, 2016 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში.
მონიტორინგის მასალების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები თბილისში, ... ქ. №6-ში (იტალიური ეზო, სარდაფი) გამოცხადდნენ 2016 წლის 5 სექტემბერს, 7 სექტემბერს და 8 სექტემბერს. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების შესახებ ოქმში მითითებულია, რომ რამდენიმე ვიზიტის შედეგად ი. ხ-ა აღნიშნულ მისამართზე არ დახვდათ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №122 ოქმში მითითებულია, რომ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო (ერთი ქულა დააკლდა შემოსავალში) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაში ი. ხ-ას შემოსავალში მითითებულია - 210 ლარი. სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალის მიხედვით, 2016 წლის ივნისის თვემდე ი. ხ-ას სახელმწიფო პენსია ერიცხებოდა 160 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის ივლისის თვიდან - 180 ლარის ოდენობით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 13 დეკემბრის №3524 ბრძანებით ი. ხ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე - ი. ხ-ამ არაერთხელ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მის მიერ შევსებულ აპლიკაციაში დამატებითი ინფორმაციის სახით მიეთითებინათ ის გარემოება, რომ ცხოვრობს უმძიმეს პირობებში, ნახევრად სარდაფის ტიპის ბინაში.
საკასაცსიო პალატა წარმოდგენილ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი არგუმენტაცია და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა აღნიშნული არგუმენტების გაქარწყლება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სამოქმედო გეგმით, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დევნილი პირის ინფორმირებულ მონაწილეობას, რამეთუ კონკრეტულ საკითხზე შესაძლო უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეულ გარემოებაზე დევნილის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე - ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტთან მიმართებით წარედგინა მოსაზრებები, არსებობის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ არ იყო გამოკვლეული შესაბამისი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და არასწორად დადგინდა თითქოს არსებობდა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა შეფასებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3524 ბრძანება და სწორად დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ხ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე