საქმე # 330310016001311594
საქმე №ბს-1059-1053(კ-17) 23 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. რ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. რ-ემ 2016 წლის 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სასაზღვრო პოლიციაში დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე (გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დღემდე) იძულებითი განაცდური მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ოდენობით. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელე გ. რ-ის სასარგებლოდ დამატებით დაკისრებოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლისთვის, მის მიერ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე (გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დღემდე) იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის 10%- ის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საქმეზე N3/3867 მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, კერძოდ, 2016 წლის 22 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2452,64 ლარის ოდენობით, შესაბამისი გამოქვითვის გათვალისწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ გ. რ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს განაცდურისა და მიუღებელი ხელფასის 10 პროცენტის ოდენობით ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავალი). კანონის თანახმად, საჯარო სამსახურში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება დროში შეზღუდული უფლებაა და მასზე დადგენილია ხანდაზმულობის ერთ თვიანი ვადა, კერძოდ, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება, ხოლო სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის დინება იწყება სამართლებრივი აქტების ჩაბარების დღიდან.
კასატორი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა საპროცესო უფლებები, კერძოდ, მოსარჩელეს დავის საგნის ან საფუძვლის შეცვლა შეუძლია მხოლოდ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადებამდე, ხოლო ამავე კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარე მიხვდა, რომ პირველმა ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის საფუძვლით და ფაქტობრივად აღარ არსებობდა მოთხოვნის იურიდიული ინტერესი, სააპელაციო სასამართლოს ქმედების ხელშეწყობით, თითქოს შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, სინამდვილეში შეცვალა მოთხოვნის საფუძველი და ფაქტობრივად გაზარდა მოთხოვნა, რაც მისი მოსაზრებით დაუშვებელი.
კასატორი აღნიშნავს, რომ იგი უარს არ ამბობს აღასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, თუ კი ამას მიზანმიმართულად ხელს არ შეუშლის მოსარჩელე. კასატორი მიუთითებს, რომ გ. რ-ე გამოძახებულ იქნა სასაზღვრო პოლიციაში თანამდებობაზე აღდგენის მიზნით, თუმცა არ გამოცხადდა, რადგან იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და მისი სტატუსი საქართველოს მოქალაქეობის თაობაზე დაუდგენელია.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს იძულებითი განაცდური და უკანონო ადმინისტრაციული აქტებით მიყენებული ზიანის შესახებ მოთხოვნა უნდა დაეყენებინა და წარედგინა 2014 წლის 19 ოქტომბერს, როდესაც მან წარადგინა სარჩელი და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 11 მარტისა და 11 ივლისის ბრძანებების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ 2016 წლის 7 აპრილს სასამართლოში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სადავო გადაწყეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბერის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 11 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე ამავე დაწესებულების ... სამმართველოს ... სამმართველოს ... სამსახურის უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი გ. რ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების სამმართველოს განკარგულებაში, ხოლო 2014 წლის 11 ივლისის ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
გ. რ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 11 მარტისა და 11 ივლისის ბრძანებების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 11 მარტის ბრძანება გ. რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ბათილად იქნა აგრეთვე ცნობილი 2014 წლის 11 ივლისის ბრძანება გ. რ-ის საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხეს დაევალა გ. რ-ის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება 2016 წლის 22 იანვარს შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებული არ არის.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილება, რომლითაც გ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა 2016 წლის 22 იანვარს შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა გ. რ-ის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ასევე საქმის მასალებით დგინდება, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვამდე მოპასუხეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მცდელობა არ ჰქონია.
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარსა და სარჩელის ტრანსფორმირებასთან დაკავშრებით განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმის მასალებში, ისევე, როგორც სხდომის ოქმებში კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები არ იკვეთება, ასევე არ იკვეთება კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მისცა სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, რამეთუ სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირება არ წარმოადგენს მის მიერ მოთხოვნის ტრანსფორმაციას - საფუძვლის შეცვლას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად.
საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამასთანავე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსთვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონდებლო ჩანაწერები ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო მოთხოვნას, რომელიც წინამდებარე საქმის შემთხვევაში უგულებელყოფილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შესაბამისად, იგი ვალდებულია მოსარჩელე მხარეს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, რომელიც მიადგა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად მართებულად შეაფასა სადავო საკითხი, ისევე, როგორც სწორად მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფუძვლით.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთანავე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე