Facebook Twitter

№ბს-894-890(კ-17) 8 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისისა და 1 აგვისტოს საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 20 თებერვალს გ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - აჭარის ა/რ მთავრობის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის რეგიონული ოფისის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „რ...“ მიმართ.

მოსარჩელემ გ. ვ-ის კომლის კუთვნილი 1900 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილში აჭარის ა/რ მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №431 ბრძანებისა და ასევე ქ. ბათუმში, ... მდებარე გ. ვ-ის კომლის მფლობელობაში არსებულ 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელთა საფუძველზეც სადავო ქონება აღმოჩნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში, კერძოდ: თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №52 განკარგულების, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №22 განკარგულების, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2012 9 აგვისტოს №217 ბრძანების, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 8 ოქტომბრის №356 ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 თებერვლის №... გადაწყვეტილების, 2012 წლის 14 მარტის №...გადაწყვეტილების, 2012 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილების, 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილების, 2012 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილების, 2012 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილების, 2012 წლის 16 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, 2012 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილების, 2014 წლის 25 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და ასევე ქ. ბათუმში, ... მდებარე გ. ვ-ის კომლის მფლობელობაში არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...“ შორის 2014 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2016 წლის 7 ივნისს გ. ვ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, ქ. ბათუმში, ... მდებარე მოპასუხე შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 1517 კვ.მ.-ზე (საკადასტრო კოდი: ...) ყადაღის დადება და შპს „...“ 1517 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი სამუშაოების წარმოების აკრძალვა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით გ. ვ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა გ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით გ. ვ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებაზე განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გ. ვ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისისა და 11 ივლისის განჩინებები.

2017 წლის 24 აპრილს გ. ვ-ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოპასუხე - შპს „...“ უძრავ ქონებაზე - 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მდებარე ქ. ბათუმი, ..., ს/კ ...) ნაწილის - 1517 კვ.მ.-ზე ყადაღის დადება და შპს „...“ ქ. ბათუმში, ... მდებარე თავის საკუთრებად რეგისტრირებულ 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სამუშაოების წარმოების აკრძალვა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით გ. ვ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი ასევე ითხოვდა გაუქმებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნაზე და 2017 წლის 1 აგვისტოს საოქმო განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა მტკიცებულებათა გამოთხოვაზე. ამასთან, კასატორმა იშუამდგომლა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნისა და აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებიდან - საარქივო სამმართველოდან და საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოდან ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2009 წლის 4 თებერვლით დათარიღებულ №11/3 ცნობაში და 2015 წლის 1 ივლისით დათარიღებულ №2015046675-04 ცნობაში მითითებული 1900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 140 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობის ი. დ-ის საკუთრებაში (მფლობელობაში, სარგებლობაში ან სხვაგვარად) გადაცემის დამადასტურებელი საბუთებისა და შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებიდან №171030613003 სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე.

კასატორი საკასაციო საჩივარს ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების/საოქმო განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება/საოქმო განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი სარჩელის მიზანია მრავალი წლის განმავლობაში მოსარჩელის ოჯახის კომლის მფლობელობაში არსებული ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 1900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 140 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობის საკუთრებაში რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

ამავე კანონის მე-5 მუხლით რეგლამენტირებულია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, კერძოდ, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებს განსაზღვრავდა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი: ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-73 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.

საქმის მასალების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გ. ვ-ეს სადავო მიწის ნაკვეთზე გააჩნია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რამდენადაც ქონება გავიდა კომლის მფლობელობიდან გარიგების დადების გზით, რაზეც გ. ვ-ეს ჰქონდა კიდევაც დავა საკუთარ შვილთან - დ. დ-ესთან. 2009 წლის 9 იანვარს გ. ვ-ემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, დ. დ-ისა და დ. კ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვდა დ. დ-ის მიერ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში 2006 წლის 6 აპრილს წარდგენილი (განაცხადი №608/2006) 2002 წლის 20 თებერვლის №22/5-343 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, ტექნიკური პასპორტისა და იმ სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობას, რომლითაც დ. დ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა საჯარო რეესტრში სოფელ ... მდებარე 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 140,4 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. მოსარჩელე ასევე მოითხოვდა 2006 წლის 5 აპრილს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დ. დ-ესა და დ. კ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. სარჩელის მოტივს წარმოადგენდა ის, რომ გ. ვ-ის მეუღლის, ი. დ-ის კომლს 1994 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით სოფელ ... გადაეცა 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 140,4 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რაც მის შვილს, დ. დ-ეს 2002 წლის 20 თებერვლის №22/5-343 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრებაში დაურეგისტრირებია და შემდეგ კი გაუყიდია დ. კ-ზე. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, გ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ იგი მეუღლესთან ერთად ცალკე კომლს წარმოადგენდა და შესაბამისად, ცალკე ჰქონდა მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით (რაზეც არის აღნიშვნა საარქივო ცნობაში), ხოლო დ. დ-ე წარმოადგენდა ცალკე კომლს და სწორედ აღნიშნული კომლის ქონება გაასხვისა მან დ. კ-ზე, ხოლო ი. დ-ის კომლის ქონება (მიწა დასაცხოვრებელი სახლი) მან წარადგინა სარეგისტრაციოდ 2013 წლის 11 ივლისს, ვინაიდან, ამგვარი მსჯელობის მართებულობა საქმის მასალებით არ დასტურდება.

რაც შეეხება სარეგისტრაციო დოკუმენტად წარდგენილ საარქივო ცნობას, რომლის შესაბამისად, მითითებული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა არის აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ... (...) შენობა-ნაგებობა 150.55 კვ.მ და მასზე დამაგრებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელის მეუღლეს - ი. დ-ეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობის მინიჭების გამო გადაეცა საკუთრებაში, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა წარმოადგენდა ცნობის გაცემის საფუძველს, კერძოდ, აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიიდან მიღებული 2017 წლის 17 ივლისის წერილით ირკვევა, რომ 2016 წლის 12 იანვრის წერილის (ცნობის) საფუძველი იყო მათ უწყებაში არსებული წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1995 წელს ი. დ-ეს, აკადემიკოსის ხარისხის მინიჭებასთან დაკავშირებით, გადაეცა აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ... (მდებარე ...) 150.55 შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 1900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი ამჟამად აღარ გააჩნიათ, რადგან 2007-2008 წლებში იმდროინდელი ხელისუფლების მითითებით განადგურდა მათი უწყების არქივი. კორესპოდენციის გასავლისა და შემოსავლის ჟურნალს 2008 წლიდან არ აწარმოებენ და აღრიცხვიანობა ფიქსირდება მათი უწყების კომპიუტული სისტემის ბაზაში. ამავე წერილით დამატებით აცნობეს სასამართლოს, რომ აკადემიკოს ი. დ-ისათვის აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ... (მდებარე ...) 150.55. შენობა-ნაგებობისა და მასზე მიმაგრებული 1900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელობაში/საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი დაცული უნდა იყოს აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის ადგილობრივ ორგანოში, რომელმაც გასცა რამდენიმე საარქივო ცნობა იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნულ 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კომლის უფროსად დაფიქსირდა ი. დ-ე. შესაძლოა ასეთი ინფორმაცია ინახებოდეს გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება სარეგისტრაციო ობიექტზე გ. ვ-ის მართლზომიერი მფლობელობის უფლება, უსაფუძვლოა მოსარჩელის ყველა დანარჩენი მოთხოვნა სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან და ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებენ მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობებს საქმეზე ექსპერტიზის დანიშვნისა და მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნა გ. ვ-ის მიერ დაყენებული იყო სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მითითებული საპროცესო მოქმედებების ჩატარებას შედეგად არ მოჰყვებოდა იმ სახის მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც გავლენას მოახდენდა დავის გადაწყვეტაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით, შეამოწმოს მისი შესაბამისობა მოქმედ საპროცესო და მატერიალურ ნორმებთან, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მოპოვების პროცესუალური კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ვ-ის შუამდგომლობები ექსპერტიზის დანიშვნისა და მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორის - გ. ვ-ის შუამდგომლობები ექსპერტიზის დანიშვნისა და მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისისა და 1 აგვისტოს საოქმო განჩინებები;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი