Facebook Twitter

#ბს-1133-1127(კს-17) 22 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ბ-ი

მესამე პირი - ზ. ღ-ი

დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 30 სექტემბერს ნ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ღ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილება ქ.თბილისში, ... ქუჩა #3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ზ. ღ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ზ. ღ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა ადმინისტრაციულ საქმეში ი. ა-ას მესამე პირის სტატუსით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ქ.თბილისში, ... #3-ში მდებარე უძრავი ქონება, მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლებით, აღირიცხვა ზ. ღ-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმეში მესამე პირად ი. ა-ას ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობს იმ მოტივით, რომ დღეის მდგომარეობით ზ. ღ-ის კუთვნილ წილზე, ზ. ღ-ის უფლებების ნაცვლად რეგისტრირებულია ი. ა-ას უფლება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით, აღნიშნული კი მოსარჩელის მიერ არ არის გასაჩივრებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეეხებოდა ზემოაღნიშნული პირის უფლებას, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით პირის ჩართვისათვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს საერთო გადაწყვეტილების მიღების საჭიროება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა, ვინაიდან ი. ა-ას უფლება რეგისტრირებულია დამოუკიდებელი სარეგისტრაციო წარმოებით და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე მიღებულია დამოუკიდებელი 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილება, რომელიც არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ი. ა-ას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩართვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, აპელანტს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში მესამე პირად ი. ა-ას ჩაბმა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების ეტაპზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად ნ. ე-ას ჩართვის თაობაზე და განმარტა, რომ სადავო უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ზ. ღ-ის კუთვნილ წილზე რეგისტრირებულია ნ. ე-ას საკუთრების უფლება (ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე). შესაბამისად, ნ. ე-ა ჩართული უნდა ყოფილიყო საქმეში მესამე პირად. თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილებით, სადავო უძრავ ნივთზე, 2016 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ე-ას კუთვნილ წილზე დარეგისტრირდა ი. ა-ას საკუთრების უფლება. სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაყენებულ იქნა ი. ა-ას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის შუამდგომლობა. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სასამართლოს დასაბუთებას, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს მხოლოდ ზ. ღ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და სადავოდ არ ხდის რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილებას, შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას აღნიშნული პირის უფლებებზე. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასაბუთება არასწორია და ი. ა-ა ჩართულ უნდა იქნეს საქმეში მესამე პირად, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ ხდის სადავოდ ი. ა-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, დავა ეხება იმ წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობას, რომლის მესაკუთრეს ამჟამად წარმოადგენს ი. ა-ა. რის გამოც, იგი ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნული დავის თაობაზე, ვინაიდან შემდგომში სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა იმოქმედოს მის კანონიერ ინტერესებზე.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე - ნ. ბ-ი რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ღ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილება ქ.თბილისში, ... #3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ზ. ღ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ზ. ღ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა ადმინისტრაციულ საქმეში ი. ა-ას მესამე პირის სტატუსით ჩაბმის თაობაზე არ დაკმყოფილდა იმ მოტივით, რომ მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეეხებოდა ზემოაღნიშნულ პირის უფლებას, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით პირის ჩართვისათვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს საერთო გადაწყვეტილების მიღების საჭიროება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა, ვინაიდან ი. ა-ას უფლება რეგისტრირებულია დამოუკიდებელი სარეგისტრაციო წარმოებით და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე მიღებულია დამოუკიდებელი 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილება, რომელიც არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე,Oოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.

მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია ქ.თბილისში, ... ქუჩა #3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ზ. ღ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სადავო უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ზ. ღ-ის კუთვნილ წილზე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ნ. ე-ას საკუთრების უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კი, რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილებით, სადავო უძრავ ნივთზე, 2016 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ე-ას კუთვნილ წილზე დარეგისტრირდა ი. ა-ას საკუთრების უფლება.

საქმეში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილების მიხედვით, გარიგების საფუძველზე ი. ა-ას სახელზე განხორციელდა რეგისტრაცია ქ.თბილისი, ... ქუჩა #3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ზონა:თბილისი, სექტორი:...). საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2016 წლის 28 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებასთან მიმართებით, მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილის - ზ. ღ-ის უფლებამონაცვლე ჯერ გახდა ნ. ე-ა, ხოლო შემდგომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ე-ას უფლებამონაცვლე - ი. ა-ა, რომელიც დღეის მდგომარეობით სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემოქმედებას ახდენს ი. ა-ას არათუ სამართლებრივ ინტერესზე, არამედ საკუთრების უფლებაზეც, რამდენადაც დღეის მდგომარეობით, იგი წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს დავა. თუკი სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისში, ... ქუჩა #3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ზ. ღ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 7 ივნისის #... გადაწყვეტილება, დადგინდება, რომ ზ. ღ-ი არ იყო ნივთის მესაკუთრე, ფართის განკარგვაზე უფლებამოსილი პირი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ი. ა-ას უფლებრივ მდგომარეობაზეც. შესაბამისად, ი. ა-ას ინტერესი განსახილველ დავაში არა აბსტრაქტული, არამედ კანონით დაცული და სამართლებრივად მნიშვნელოვანი ინტერესია.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია, ფორმალური გაგებით ი. ა-ა არ არის მოცემული სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე, ვინაიდან რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის #... გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული და მოცემულ საქმეზე არ წარმოადგენს დავის საგანს, თუმცა იმდენად, რამდენადაც დღეის მდგომარეობით, ქ.თბილისში, ... ქუჩა #3-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე სწორედ ი. ა-აა, სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებასთან მიმართებით, ი. ა-ა მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილის უფლებამონაცვლეა, რა გზითაც, იგი ამ სამართალურთიერთობის მონაწილე ხდება, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ა-ა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით განსაზღვრულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე, საქმეში ი. ა-ას მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად, უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე, საქმეში ი. ა-ას მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი