Facebook Twitter

საქმე Nბს 667-663 (2კ-17) 27 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

ქ. წ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

ქ. წ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. წ-ამ 2015 წლის 20 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება, გარდაცვლილი მამის - გ.წ-ას კუთვნილი 2 (ორი) თვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 1200 ლარის ანაზღაურების სახით.

მოსარჩელის განმარტებით, გ.წ-ა იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას. მამის შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ქ. წ-ა როგორც უფლებამოსილი/მინდობილი პირი განკარგავდა მის საკომპენსაციო თანხებს, თუმცა 2014 წლის სექტემბერში მინდობილობას გაუვიდა ვადა, ახალი მინდობილობის გაფორმება ვერ მოხერხდა, რადგან გ.წ-ას, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო საკუთარი მოქმედებების შეცნობა.

2014 წლის 26 სექტემბერს ქ. წ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მამის ქმედუუნაროდ ცნობის მოთხოვნით, რადგან მას როგორც მეურვეს განეკარგა მამის საკომპენსაციო თანხები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით განცხადება დატოვა განუხილველი, რადგან გ.წ-ა გარდაიცვალა 2014 წლის 26 ოქტომბერს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და როგორც მამის პირველი რიგის მემკვიდრემ, მოითხოვა მის მიერ გარდაცვალებამდე მიუღებელი ორი თვის საკომპენსაციო თანხის გაცემა, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 10 დეკემბრის პასუხით არ იქნა დაკმაყოფილებული მოთხოვნა.

მოსარჩელის განმარტებით მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლები და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ქ. წ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მამას - აწ გარდაცვლილ გ.წ-ას შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღება 2014 წლის 01 სექტემბრიდან მინდობილობის განუახლებლობის გამო და ბენეფიციარის სიცოცხლეში არ მომხდარა შეჩერებული სახელმწიფო გასაცემლის განახლება. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტზე, კერძოდ, კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი კომპენსაციის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით კომპენსაციის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე; ბ) მოთხოვნა, შეჩერებული კომპენსაციის განახლების შესახებ, კომპენსაციის მიმღები პირის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია კომპენსაციის მიმღები პირის სიცოცხლეში. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.წ-ას კომპენსაცია შეუჩერდა 2014 წლის სექტემბერში და მას სიცოცხლეში კომპენსაციის განახლების მოთხოვნით აღარ მიუმართავს, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი მიუღებელი კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. წ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. წ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა ქ. წ-ას სასარგებლოდ მამის - გ.წ-ას სექტემბრის თვის მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება - 604 (ექვსას ოთხი) ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის 2016 წლის 4 აპრილის N04-5855 წერილის თანახმად, გ.წ-ას დანიშნული ჰქონდა სახელმწფო პაკეტი - 560 ლარის ოდენობით, ასევე იღებდა სოციალურ პაკეტს - 44 ლარის ოდენობით. გ.წ-ას 2013 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელი შეუჩერდა ერთწლიანი მინდობილობის ვადის გასვლის გამო. 2013 წლის 1 ოქტომბრიდან გასაცემელი განახლდა პირადი განცხადების საფუძველზე და ჩაერიცხა სახელმწიფო კომპენსაცია 1680 ლარის ოდენობით (2013 წლის აგვისტოს თვიდან 2013 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით) სოციალური პაკეტი - 132 ლარის ოდენობით. 2014 წლის 1 სექტემბრიდან გ.წ-ას სახელმწიფო გასაცემელი შეუჩერდა ერთწლიანი მინდობილობის ვადის გასვლის გამო, ხოლო ამავე წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო გასაცემელი შეუწყდა გარდაცვალების გამო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა 2012 წლის 23 ივლისის საქართველოს მთავრობის №279 დადგენილებით დამტკიცებულ სოციალური პაკეტის განსაზღვრის წესზე, რომლის მე - 13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ბენეფიციარის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით სოციალური პაკეტის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე; ანალოგიურ დებულებას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დავის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი კომპენსაციის თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით კომპენსაციის თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე;

სააპელაციო პალატამ იმისათვის, რომ დაედგინა ჰქონდა თუ არა ადგილი მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, როდესაც 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში არ განხორციელდა სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა გ.წ-ას საბანკო ანგარიშზე, მიმოიხილა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას; გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის განახლების თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, გასაცემლის გამცემი საბანკო დაწესებულება. პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის №279 დადგენილებით დამტკიცებულ სოციალური პაკეტის განსაზღვრის წესსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დავის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესზე, რომლებიც შეიცავენ ამგვარ დებულებებს და უფრო განავრცობენ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების საფუძველს და ასეთ ერთ-ერთ საფუძვლად დადგენილია ისეთი გარემოებების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება (საქართველოს მთავრობის №279 დადგენილებით დამტკიცებულ სოციალური პაკეტის განსაზღვრის წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დავის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).

ზემოთ მითითებული ნორმების შეჯერების საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ როდესაც სახელმწიფო კომპენსაციის თანხის გაცემა ხდება მინდობილობის საფუძველზე, ასეთი მინდობილობის გაცემიდან/წარდგენიდან ერთი წლის განმავლობაში მინდობილი პირი უფლებამოსილია, რომ მიიღოს სახელმწიფო გასაცემლის თანხა. ამასთან პალატამ მიუთითა, რომ განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულების შემთხვევაშიც, სოციალური პაკეტის თანხის გაცემის მიზნებისათვის მოქმედებს ერთწლიანი შეზღუდვა და აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს ამ რწმუნებულების წარდგენიდან ერთი წლის განმავლობაში. იგი წარმოადგენს კონტროლის ერთ-ერთ სახეს, რათა არ მოხდეს სახელმწიფო გასაცემლის თანხის არამიზნობრივი განკარგვა/მითვისება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ.წ-ას სიცოცხლეში არ მომხდარა მინდობილობის განახლება, თუმცა პალატის მოსაზრებით სადავო შემთხვევაში, დარღვევა გამოიხატა იმ გარემოებაში, რომ უშუალოდ ერთ წლიანი ვადა, მინდობილობის საფუძველზე, გ.წ-ას ანგარიშზე სახელმწიფო კომპენსაციის თანხის დარიცხვა/გაცემისას, არ იქნა დაცული. კერძოდ, 2013 წლის 1 ოქტომბრიდან განახლდა კომპენსაციის თანხის გაცემა გ.წ-ას პირადი განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, გ.წ-ას სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, უფლებამოსილ პირს შეეძლო 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე. სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ნორმების დარღვევას აქვს ადგილი, როცა 2014 წლის სექტემბრის თვის გასაცემელი არ დაერიცხა/ ვერ მიიღო გ.წ-ას მიერ უფლებამოსილმა პირმა, მინდობილობის განუახლებლობის საფუძვლით, იმ პირობებში, როცა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან განახლდა გ.წ-ას სახელმწიფო გასაცემელი პირადი განცხადების საფუძველზე. ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოს მინდობილობის გაცემის/წარდგენის ერთწლიანი ვადა უნდა აეთვალა არა სახელმწიფო კომპენსაციის თანხის შეჩერების პერიოდიდან (2013 წლის 1 აგვისტო), არამედ 2013 წლის 1 ოქტომბრიდან. ქ. წ-ას მოთხოვნას წარმოადგენდა 1200 ლარის ოდენობით სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება. საქმის მასალებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ გ.წ-ას სახელმწიფო კომპენსაციის ყოველთვიური თანხა შეადგენდა 560 ლარს, იგი ღებულობდა ასევე სოციალურ პაკეტს ყოველთვიურად 44 ლარის ოდენობით, შესაბამისად, 2014 წლის სექტემბრის თვეში მას უნდა დარიცხოდა შესაბამის საბანკო ანგარიშზე 604 ლარი და სწორედ ამ ოდენობის თანხის (მიუღებელი სოციალური პაკეტი) ანაზღაურება დაეკისრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. წ-ას სასარგებლოდ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 - ე მუხლის თანახმად - თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი სექტემბრის თვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე, იყო უკანონო, შესაბამისად, ქ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა 604 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ქ. წ-ამ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი ქ. წ-ა საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გ.წ-ა იყო დიდი სამამულო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას 560 (ხუთას სამოცი) ლარს და სოციალურ პაკეტს 44 (ორმოცდაოთხ) ლარს. მამის შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ის როგორც უფლებამოსილი მინდობილი პირი, იღებდა მის საკომპენსაციო თანხებს. 2014 წლის 1 სექტემბერს ვადაგასული მინდობილობის განახლება ვერ მოხერხდა, რადგან გ.წ-ას მისი მდგომარეობიდან გამომდინარე უჭირდა ხელის მოწერა, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოში ხელახალ რეგისტრაციას ის ვერ გაივლიდა, რადგან არ შეეძლო გადაადგილება. 2014 წლის 26 ოქტომბერს გ.წ-ა გარდაიცვალა და მისი გარდაცვალების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული გ.წ-ას ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ მოთხოვნა.

კასატორის განმარტებით, 2014 წლის ნოემბრის თვეში მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაცვლილი მამის გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, მაგრამ 2014 წლის 10 დეკემბრის წერილით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების საფუძველზე ეთქვა უარი მამის მიუღებელი კომპენსაციის გაცემაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგან 2014 სექტემბრის პენსია უკანონოდ ან შეცდომით არ იყო ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე, (ბოლო რეგისტრაცია გ.წ-ას გავლილი ჰქონდა 2013 წლის სექტემბერში,) ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კომპენსაცია შეჩერებული იყო კანონდარღვევით, ერთი თვით ადრე, გარდა ამისა სასამართლოზე გაირკვა, რომ გ.წ-ას აუღებელი ჰქონდა არა ორი თვის - სექტემბრისა და ოქტომბრის, რასაც ის მოითხოვდა, არამედ სამი თვის პენსია. ვინაიდან ბენეფიციარი სექტემბერში იღებს, აგვისტოში დარიცხულ პენსიას, შესაბამისად, ოქტომბერში და ნოემბერში გ.წ-ას უნდა მიეღო სექტემბერსა და ოქტომბერში დარიცხული პენსია, აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს გ.წ-ას კუთვნილი სამი თვის კომპენსაციის (1812 ლარის) სრულად ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ქ. წ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ქ. წ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში მითითებულია გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, კასატორი ითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გ.წ-ას მიუღებელი სამი თვის საკომპენსაციო თანხა 1812 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე ქ. წ-ას მიერ და მოსარჩელის საბოლოო ინტერესს წარმოადგენს მის მიერ 2014 წლის 26 ოქტომბერს გარდაცვლილი მამის - გ.წ-ას გარდაცვალებამდე მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის მიღება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს მიუღებელი საკომპენსაციო თანხის კანონიერი საფუძვლის არსებობა, ხოლო რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნას - 1812 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით, პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნის გაზრდა არ დაიშვება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ქ. წ-ას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ქ. წ-ას სასარგებლოდ, მისი გარდაცვლილი მამის - გ.წ-ას კუთვნილი მიუღებელი პენსიის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ქმნის საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს, კერძოდ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, სახელმწიფო კომპენსაციისდა სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია სამართლიანობა; კანონის წინაშე თანასწორობა; მუდმივობა; კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია, ხოლო კანონმდებლობა კომპენსაციისა (გარდა ერთჯერადი კომპენსაციებისა) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

სახელმწიფო კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობებს არეგულირებს ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“.

საქმეზე დადგენილია, რომ გ.წ-ა იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია, რომელსაც მინდობილობის საფუძველზე იღებდა მისი შვილი - ქ. წ-ა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მინოდობილობა განახლდა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან, მომსახურე საბანკო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან გ.წ-ას შეუჩერდა სახელმწიფო კომპენსაცია, იმ საფუძვლით, რომ მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. გ.წ-ა გარდაიცვალა 2014 წლის 26 ოქტომბერს, მამის გარდაცვალებიდან მომდენო თვეს ქ. წ-ამ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 10 დეკემბრის N04/98544 წერილით მას ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ გ.წ-ას 2014 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა შეუჩერდა, მინდობილობის ვადის გასვლის გამო და ბენეფიციარის სიცოცხლეში არ მომხდარა შეჩერებული სახელმწიფო გასაცემლის განახლება, შესაბამისად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა ქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“ არ ითვალისწინებს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობას, გარდაცვლილი ბენეფიციარის მემკვიდრეებზე, იმ შემთხვევაში თუ, კომპენსაციის მიმღების მიერ მის სიცოცხლეში არ არის მიმართული განცხადებით შეჩერებული სახელმწიფო კომპენსაციის განახლებაზე.

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას; გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის განახლების თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, გასაცემლის გამცემი საბანკო დაწესებულება.

ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი არეგულირებს მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის აღების წესს პირის გარდაცვალების შემთხვევაში, კერძოდ, აღნიშნული მუხლი სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირის მემკვიდრეებს ანიჭებს უფლებას, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა მიიღონ კომპენსაცია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იყო მიღებული. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომპენსაციის მიმღები პირი უფლებამოსილია, მიიღოს შესაბამისი თანხა მისი დანიშვნიდან შეწყვეტამდე და მისი შეჩერება არ გულისხმობს კომპენსაციაზე უფლების გაუქმებას.

აღნიშნული საკითხის სხვაგვარი რეგულაცია მოცემულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-18 მუხლში, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების საფუძვლად მითითებულია იმ გარემოების არსებობა, როდესაც შესაბამისი ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გ.წ-ას არ მიუმართავს შესაბამისი საბანკო დაწესებულებისათვის მინოდბილობის განახლების მოთხოვნით, ხოლო ამავე წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი მიუღებელი კომპენსაციის თანხების პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, მოთხოვნა, შეჩერებული კომპენსაციის განახლების შესახებ, კომპენსაციის მიმღები პირის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია კომპენსაციის მიმღები პირის სიცოცხლეში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე, ვინაიდან დადგენილია რომ გ.წ-ას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო მის სიცოცლეში მიემართა საბანკო დაწესებულებისათვის მინდობილობის განსაახლებლად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“ წინააღმდეგობრივია და განსხვავებულად არეგულირებს მსგავს საკითხს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესი, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირის და მისი მემკვიდრის უფლების იმგვარი შეზღუდვის შესახებ, რომელიც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული და არც მისი მიზნებიდან გამომდინარეობს, ვერ იქნება გაზიარებული რადგან საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

„სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხის, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოებისა და პენსიის დანიშვნის წესისა და პირობების განსაზღვრის მიზნით და მისი გამოყენება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედებას ემსახურება. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირებისას მასზე უპირატესი იურიდიული ძალა უნდა მიენიჭოს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1-ლი ოქმის თანახმად, ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. სახელმწიფო კომპენსაციის, პენსიის მოთხოვნა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად. (იხ. Pravednaya v. Russia, application no. 69529/01, 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება) სახელმწიფო კომპენსაცია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე, მიუხედავად პირის ქონებრივი მდგომარეობისა.

განსახილველ შემთხვევაში გ.წ-ას როგორც კომპენსაციის მიმღებ პირს, შესაბამისი თანხის პერიოდული მიღების უფლება სამისდღემშიოდ, ჰქონდა მოპოვებული და ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსიტუციით დაცულ უფლებებში. საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებას, აღნიშნული უფლება და მისი გამოყენების მექანიზმები რეგულისრდება მოქმედი კანონმდებლობით, რომლითაც დეტალურად წესრიგდება კომპენსაციის გაცემის პროცედურები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტების საფუძველზე ქ. წ-ას, როგორც გ.წ-ას მემკვიდრეს უნდა აუნაზღაურდეს გ.წ-ასათვის კომპენსაციის გაცემის შეჩერებიდან მის გარდაცვალებამდე გასაცემი მიუღებელი თანხა და კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, პროცედურული საკითხის წინააღმდეგობის გამო, არ შეიძლება შეიზღუდოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, ასეთი უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.წ-ას კანონით ჰქონდა მინიჭებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, რომელიც სრულად ვერ იქნა რეალიზებული, კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გ.წ-ა უფლებამოსილი იყო რა მიეღო 2014 წლის 1 აგვისტოდან შეჩერებული სახელმწიფო კომპენსაცია, რაც ამ დრომდე არ არის გაცემული მის მემკვიდრეზე. როგორც უკვე აღინიშნა კომპენსაციის გაცემის შეჩერება არ გულისხმობს მასზე უფლების დაკარგვას, მხოლოდ იმის გამო, რომ კანონქვემდებარე აქტით დადგენილი მოთხოვნები, შეჩერებული სახელმწიფო კომპენსაციის განახლებასთან დაკავშირებით კომპენსაციის მიმღები პირის სიცოცლეში მიმართვის თაობაზე, არ იქნა დაცული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მინდობილობის ვადის გასვლის გამო, გათვალისწინებულია კომპენსაციის გაცემის შეჩერების საკითხი და აღნიშნული იცავს სახელმწიფოს გასაცემლის თანხის არამიზნობრივი განკარგვა/მითვისებისგან, შესაძლებელია გაკეთდეს შეფასება, რომ კომპენსაციის გაცემის შეჩერება გულისხმობს ერთწლიანი მინდობილობის ვადის გასვლის შემთხვევაში, პროცედურული მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას და არ უნდა იწვევდეს სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების დაკარგვას. განსახილველ შემთხვევაში, გ.წ-ამ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდობილობის განახლება ვერ განახორციელა, ხოლო 2014 წლის 26 ოქტომბერს მისი გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაცია 2014 წლის ნოემბრიდან შეწყდა, გ.წ-ას უფლების შესაბამისად მის მემკვიდრეზე გადავიდა 2014 წლის 1 აგვისტოდან გ.წ-ას გარდაცვალებამდე მისაღები სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გააჩნია ვალდებულება, გ.წ-ს მემკვიდრეზე - ქ. წ-აზე გასცეს გ.წ-ას კუთვნილი, 2014 წლის 1 აგვისტოდან მის გარდაცვალებამდე მიუღებელისახელმწიფო კომპენსაცია, რაც მას უნდა მიეღო. ქ. წ-ას მოთხოვნა მამის - გ.წ-ას მიუღებელ სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებით, საფუძვლიანია და გამომდინარეობს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ისევე როგორც პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით, რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოებრივ სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება მეტი ხნით, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება, სათანადო სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. წ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. წ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს ქ. წ-ას სასარგებლოდ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის შეჩერებიდან გ.წ-ას გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე