Facebook Twitter

საქმე №ბს-303-303(უს-18) 5 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. უ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ზ. ჩ-ე

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 6 იანვარს გ. უ-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზ. ჩ-ის მიმართ, 1997 წლის 5 აგვისტოს მარნეულის რაიონული საკრებულოს გამგეობის №12/10 დადგენილების (წერეთლის ყოფილი სახელმწიფო მეურნეობის ბოსტნეულის დასამზადებელი შენობის პრივატიზაციის ნუსხაში შეტანის ნაწილში), მარნეულის რაიონის ქონების საპრივატიზაციო კომისიის 1999 წლის 19 თებერვლისა №1 და 1999 წლის 22 თებერვლის №2 ოქმების (მე-5 დასახელებაში მითითებული წერეთლის ყოფილი სახელმწიფო მეურნეობის ბოსტნეულის დასამზადებელი შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა და შეფასება), 1999 წლის 29 მარტის აუქციონის შედეგების ოქმის, 1999 წლის 31 მარტის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარნეულის რაიონული განყოფილების №53 ბრძანების, მარნეულის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიული განყოფილებასა და ზ. ჩ-ეს შორის 1999 წლის 5 აპრილს მარნეულის რაიონის სოფელ … მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. უ-მა, რომელმაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განჩინებით გ. უ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2017 წლის 24 ოქტომბერს გ. უ-მა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-198-ე მუხლების შესაბამისად, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის ქონების აღწერის დავალება და მის კუთვნილ ლიმონათის საამქროს ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა, რომელიც მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ...ში ზ. ჩ-ის სახელზე რიცხულ უძრავი ქონების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გ. უ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

გ. უ-მა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ სანამ უძრავ ქონებაზე აუქციონი ჩატარდებოდა აღნიშნულ მოძრავ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა. გახსნილი ჰქონდა ლიმონათის საამქრო შპს „...“, სადაც ინახავდა მის მიერ ჩამოთვლილ მოძრავ ქონებას. აუქციონზე გატანილი იყო მხოლოდ უძრავი ქონება, რომელიც უკანონოდ შეიძინა ზ. ჩ-ემ, რაზეც დავა მიმდინარეობს სასამართლოში.

საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ. ჩ-ე ყიდის მის ქონებას. აღნიშნულ საკითხზე მიმართა მარნეულის პოლიციას, რაზედაც არანაირი რეაგირება პოლიციას არ მოუხდენია.

შესაბამისად, საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გ. უ-ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. უ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის - გ. უ-ის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის ქონების აღწერის დავალება და მის კუთვნილ ლიმონათის საამქროს ქონებაზე, რომელიც მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ... ზ. ჩ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ნაწილში, ყადაღის დადება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეში გ. უ-ი სადავოდ ხდის უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხს, დადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აუქციონის შედეგებს, რომლითაც მოხდა უძრავი ქონების, მდებარე - მარნეულის რაიონის სოფელი …ის ყოფილი სახელმწიფო მეურნეობის ბოსტნეულის დასამზადებელი შენობის პრივატიზება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მოსარჩელე ითხოვს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის ქონების აღწერის დავალებას და მის კუთვნილ ლიმონათის საამქროს ქონებაზე ყადაღის დადებას, რომელიც მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ …ში ზ. ჩ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ნაწილში. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართულია მოძრავი ქონების დაცვისკენ, მაშინ, როდესაც დავის საგანს არ წარმოადგენს განცხადებაში მითითებული მოძრავი ქონება.

საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ გ. უ-ის მოთხოვნა, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს განცხადებაში სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სცილდება მოცემული დავის ფარგლებს. ასევე, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ არსებობს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. უ-ის სარჩელი ზ. ჩ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 40%-ის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მხარე სადავოდ გახდის მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით სამოქალაქო წესით და სარჩელის აღძვრამდეც მოითხოვოს მისი უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

მოცემულ შემთხვევაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გ. უ-მა გაასაჩივრა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. უ-ს არ მიუთითებია იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. უ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. უ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრისა და 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი