Facebook Twitter
ბს-617-610(2კ-15) 19 აპრილი, 2018წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, გ. მ-ი, ი. მ-ი, მ. ს-ე, ე. მ-ი, თ. მ-ი, თ. მ-ი (გ. მ-ის მემკვიდრე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2015წ. განჩინება

დავის საგანი - იდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. მ-ემ 28.04.14წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების გ. მ-ის, ე. მ-ის, თ. მ-ის, ი. მ-ის, გ. მ-ისა და მ. ს-ის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 13.03.2014წ. მიმართა კასპის სარეგისტრაციო სამსახურს კასპში, სოფელ ... მდებარე თავის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით. სარეგისტრაციო სამსახურის 19.03.2014წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 10.04.2014წ. N76247 გადაწყვეტილებით უარი განაცხადა საქმის არსებით განხილვაზე იმ მოტივით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვით აღნიშნული საკითხის განხილვა არ განეკუთვნებოდა მის კომპეტენციას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი კასპის რაიონის სოფ. ... მიწის კომისიის 02.09.98წ. მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება არა მხოლოდ მისი საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, არამედ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, მოსაზღვრე მეზობელთა ვინაობა და ნაკვეთის გაბარიტები, რაც სრულად შეესაბამება წარდგენილ აზომვით ნახაზს, ხოლო ის ნაკვეთი, რომელთანაც არის გადაფარვა, მიზანმიმართულად არის არასწორად რეგისტრირებული იმ მიზნით, რომ მოიცვას მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ნაკვეთს გააჩნია ყველა საჭირო ფაქტობრივი საზღვარი (ძველი ღობე, ნარგავები), ნაკვეთი წარმოადგენს ცალკე ნაკვეთს და არა ... ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს. სხვაგვარად, ამ ორი ნაკვეთის ფართობების ჯამი სრულიად უკონფლიქტოდ და გადაფარვის გარეშე თავსდება მოცემულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, უნდა განხორციელდეს მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასკ-ის 22-ე - 23-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 19.03.2014წ. N... გადაწყვეტილების (წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან ერთად) ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2014წ. N76247 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. გადაფარვის აღმოფხვრის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე საზღვრების არსებული კონფიგურაციის ნაწილში ... კოდით ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობა (ტ.1, ს.ფ. 8). მოსარჩელემ მიუთითა აგრეთვე, რომ დავის საგანს შეადგენს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 3).
გორის რაიონული სასამართლოს 18.09.2014წ. განჩინებით მესამე პირის გ. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. მ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 18.09.2014წ. გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 15203 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ., გ., ე., თ., ი. მ-ების, მ. ს-ის და ვ. ლ-ას სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაცია უძრავი ქონების საზღვრების, ადგილმდებარეობისა და კონფიგურაციის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წარმოების შეჩერების შესახებ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 19.03.14წ. №... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ წარმოებაში მიღებისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.14წ. №76247 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მხარეთა მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას უძრავ ქონებაზე მოსარჩელისა და მესამე პირების (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობისა და ფარგლების, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდების, მესაკუთრეების (მოსარგებლეების), გეოგრაფიული მდებარეობის, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლების, უძრავი ქონების კონფიგურაციის, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრების შესწავლა და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით ახალი გადაწყვეტილების მიღება საკუთრების უფლების რეგისტრაციის თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კასპის რაიონული სასამართლოს 31.03.2000 წ. განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება, რომლითაც დადგინდა კასპის რაიონის სოფელ ... მდებარე ,,...” მოსარჩელეთა - ი., გ., გ., ე., თ. მ-ების, მ. ს-ისა და ვ. ლ-ას სახელზე თანაზიარ საკუთრებაში აღრიცხვა, თავისი წილის არაკანონიერ მემკვიდრეებზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან შეთანხმების გარეშე გასხვისების უფლების შეზღუდვით. განჩინების საფუძველზე მითითებული ქონება (15200 კვ.მ. მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) 09.06.2000 წ. 1/7 - 1/7 წილებით თანასაკუთრების უფლებით, № ... საკადასტრო კოდით აღირიცხა მესამე პირების სახელზე, თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. 14.11.2013წ. საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართეს თანამესაკუთრეებმა - გ. და ე. მ-ებმა და მოითხოვეს მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რაც რეგისტრაციის შესახებ 15.11.2013 წ. №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ კასპის რაიონის სოფელ ... საკრებულოში შემავალი ... სოფლის ყრილობის 02.02.1992წ. N2 ოქმის და მიწის ნაკვეთების განაწილების სიებით (მე-3 კატეგორია) ვ. ლ-ას, რომლის მემკვიდრეც არის მოსარჩელე რ. მ-ე, პირად საკუთრებაში ერიცხება 0,16 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთანავე, აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 02.09.1998 წ. № 4 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, ვ. ლ-ას სოფელ ... საკუთრებაში გადაეცა 0,16 ჰა მიწის ფართი ერთ ნაკვეთად, ნაკვეთს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება კულტურის სამინისტრო, სამხრეთიდან - ხევი, აღმოსავლეთიდან - ვ. ვ. ლ-ა; მიღება-ჩაბარების აქტს ... საკრებულოს გამგებელის სახელით ხელს აწერს რ. ქ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და მესამე პირებს უფლების დამდგენი დოკუმენტების - სასამართლო განჩინებისა და მიწის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით გააჩნიათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ამ ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და კოორდინატების დადგენა შესაძლებელია ე. წ. ... ადრინდელი ტოპოგრაფიული რუკით და ამის შესახებ მონაცემებს შეიცავს ვ. ლ-ას სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი. სასამართლომ არ გაიზარა მესამე პირთა მოსაზრება, რომ ვ. ლ-ას სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოსარჩელეს არ აქვს მოთხოვნის დაყენების უფლება, რადგან მასზე არაუფლებამოსილი პირი აწერს ხელს და სოფელ ...ას 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში ვ. ლ-ას კომლი არ ირიცხება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღება-ჩაბარების აქტი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამავე კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ვიდრე ამ დოკუმენტის კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იქნება აღიარებული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში მესამე პირთა სახელზე საკუთრების თავდაპირველი და შემდგომ ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა მოხდა მხოლოდ ამ პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მეშვეობით, ანუ მხოლოდ მათ მითითებებზე დაყრდნობით, და მიწის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ეს მონაცემები სხვა რაიმე დოკუმენტს არ ეყრდნობა. ამასთან, საჯარო რეესტრში მესამე პირთა სახელზე საკუთრების თავდაპირველი და შემდგომი ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციისას წარდგენილი იქნა ორი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელთა ვიზუალური შედარებითაც ნათელია, რომ სხვადასხვაა მიწის ნაკვეთის ადრინდელი და შემდგომი კონფიგურაცია და საზღვრები. ამდენად, მესამე პირების საკუთრებაში სადავო რეგისტრაციით აღირიცხა მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც უტყუარად და სრულყოფილადაა გასარკვევი მოსარჩელისა და მესამე პირთა (ან სხვა პირთა) საკუთრების უფლება.
სასამართლომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, ამდენად, მტკიცების ტვირთის მხოლოდ მოსარჩელეზე გადატანა უმართებულოა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა და სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს მესამე პირების სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ამავე მიწაზე სხვა პირთა უფლების არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა და თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებსა და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მხოლოდ მას შემდეგ მოეხდინა მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. სასამართლოს მოსაზრებით, მესამე პირების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია ზოგადად ქმნიდა უძრავი ქონების მათ სახელზე აღრიცხვის და შემდგომ ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციის საკმარის საფუძველს, თუმცა ამ რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა-გამოკვლევა არ მომხდარა, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო დამატებითი ზომები, რათა ზუსტად განესაზღვრა მათი საკუთრების ადგილმდებარეობა და ამით გამოერიცხა სხვა პირთა უფლებების შელახვა, კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას დაცული არ ყოფილა სზაკ-ის ნორმები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა-შეჯერების გარეშე სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის ან მესამე პირებისათვის მიკუთვნება. ამასთანავე, სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის დამატებითი კვლევის საჭიროებაზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ მესამე პირების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კასპის რაიონის სოფელ ... (...) 2013 წელს შპს ,,...” მიერ შესრულებულ „...“ და მიმდებარე ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმაზე მონიშნული (დაშტრიხული) ტერიტორია შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველ ნახაზზე მითითებულ დაშტრიხულ ფართს, და აღნიშნული ტერიტორია ხვდება 1998 წლის ,,სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანების საპროექტო ბიუროს” მიერ შესრულებულ ტოპოგეგმაზე, სადავო რეგისტრაციისას კი არც ეს საკითხი იქნა გამოკვლეული.
გორის რაიონული სასამართლოს 18.09.14წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა, გ. მ-მა, ი. მ-მა, მ. ს-ემ, ე. მ-მა, თ. მ-მა და თ. მ-მა (გ. მ-ის უფლებამონაცვლე).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.15წ. განჩინებით გ. მ-ის, ი. მ-ის, მ. ს-ის, ე. მ-ის, თ. მ-ის და თ. მ-ის (გ. მ-ის უფლებამონაცვლე) შუამდგომლობა 02.09.1998წ. N2 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმდინარე ადმინისტრაციული დავის დასრულებამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.15წ. განჩინებით გ. მ-ის, ი. მ-ის, მ. ს-ის, ე. მ-ის, თ. მ-ის და თ. მ-ის (გ. მ-ის უფლებამონაცვლე) შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.15წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 18.09.14წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით მესამე პირების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად № ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებში მოექცა მიწის მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელის მამკვიდრებლისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი, მემკვიდრე რ. მ-ემ ვეღარ შეძლო თავისი საკუთრების რეგისტრაცია მიუხედავად იმისა, რომ რ. მ-ემ სარეგისტრაციოდ წარადგინა უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1998 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, რ. მ-ის მამკვიდრებელმა - ვ. ლ-ამ 1992 წელს მიწის ნაკვეთების განაწილების შედეგად მიიღო 0,16 ჰა მიწის ნაკვეთი კასპის რაიონის სოფელ ... . ამასთანავე, მარეგისტრირებელმა ორგანომ, რ. მ-ის სარეგისტრაციო განაცხადზე 18.03.2014 წ. №... გადაწყვეტილებით ხარვეზი დაადგინა მხოლოდ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, უფლების დამდგენი დოკუმენტს - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის კანონშეუსაბამობის საფუძვლით ხარვეზი არ დადგენილა, ხოლო განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს 02.09.1998 წ. №4 მიღება-ჩაბარების აქტის (ადმინისტრაციული ხელშეკრულების) კანონიერება, და შესაბამისად, ამ სამართლებრივი დოკუმენტის კანონიერების წინააღმდეგ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერების საკითხზე აღძრული ცალკე დავის ფარგლებში, ამჟამად მიღება-ჩაბარების აქტის არამართლზომიერება კანონით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული.
სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირების მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკუთრების უფლების დამდგენი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის არარსებობის პირობებში სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ბათილად ეცნო რეგისტრაცია მიწის ნაკვეთის საზღვრების, ადგილმდებარეობის, კონფიგურაციის ნაწილში და აღნიშნა, რომ 14.11.2013 წ. საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართეს თანამესაკუთრეებმა - გ. და ე. მ-ებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების მოთხოვნით, განცხადებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, რეგისტრაციის შესახებ 15.11.2013 წ. № ... გადაწყვეტილებით, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთანავე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 09.06.2000 წ., კასპის რაიონული სასამართლოს 31.03.2000 წ. განჩინების საფუძველზე, კასპის რაიონის სოფელ ... მდებარე ,,...” დარეგისტრირდა მოსარჩელეთა - ი., გ., გ., ე., თ. მ-ების, მ. ს-ისა და ვ. ლ-ას თანასაკუთრების უფლებით, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული განჩინებით არ ირკვევა სადავო უძრავი ქონების მოცულობა, კონფიგურაცია, შესაბამისად, განჩინებასთან ერთად მარეგისტრირებელმა ორგანომ იხელმძღვანელა ტოპოგრაფიული რუკით, რომელიც დაცულია სარეგისტრაციო მასალებში, მესამე პირთა საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და კონფიგურაციის ცვლილება, დაზუსტება განხორციელდა 14.11.2013წ. წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 14.11.1996წ. კანონის მე-11, მე-13 მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. №327 ბრძანებულების მე-5 პუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა, ამასთანავე დაუზუსტებელი რეგისტრაცია გულისხმობს მისი დაზუსტების შესაძლებლობას, უძრავ ქონებაზე დაუზუსტებელი რეგისტრაცია არ გამორიცხავს შემდგომში ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას, თუმცა უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია და მათში ცვლილებების შეტანა, მათ შორის პირველადი რეგისტრაციის კორექტირება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და საკადასტრო მონაცემების საფუძველზე. ისეთ ვითარებაში, როცა WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენასთან ერთად, კონკრეტული უძრავი ქონება რეგისტრირდება შეცვლილი კონფიგურაციით, აღნიშნული უნდა განხორციელდეს სათანადო დასაბუთების შედეგად, რაზეც პასუხისმგებელია მარეგისტრირებელი ორგანო, სზაკ-ის 96-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სზაკ-ის 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სარეგისტრაციო ორგანოში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის - რ. მ-ის ჩაბმა კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც არ განხორციელებულა. ამასთანავე თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირებულ სადავო ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო მხოლოდ ორი თანამესაკუთრის განცხადების საფუძველზე მაშინ, როდესაც სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო ყველა თანამესაკუთრის მიერ შედგენილი ერთობლივი განცხადება, უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დანარჩენი თანამესაკუთრეების ჩართვა სარეგისტრაციო წარმოებაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, საკითხის ხელახალი განხილვისას, უნდა დაადგინოს 1998 წლის ,,სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანების საპროექტო ბიუროს” მიერ შესრულებული ტოპოგეგმით ირკვევა თუ არა იმ მიწის მოცულობა, კონფიგურაცია, საზღვრები, რომელზედაც განთავსებულია ე.წ. „...“, რადგან საქმის მასალებით ვერ დგინდება, 09.06.2000წ. რის საფუძველზე გაიცა სადავო უძრავი ქონების საკადასტრო რუკა მიწის ნაკვეთის დაფიქსირებული კონფიგურაციით, ხოლო 15.11.2013 წ. განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილება აშკარაა, თუმცა არ ირკვევა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გორის რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ მესამე პირების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია ზოგადად ქმნიდა უძრავი ქონების მათ სახელზე აღრიცხვის და შემდგომ ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციის საკმარის საფუძველს, თუმცა ამ რეგისტრაციისას, მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის და კონფიგურაციის დადგენა-გამოკვლევა არ მომხდარა, რის გამოც მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეღო დამატებითი ზომები, რათა ზუსტად განესაზღვრა მათი საკუთრების ადგილმდებარეობა და საზღვრები და ამით გამოერიცხა სხვა პირთა უფლებების შელახვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.15წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა, გ. მ-მა, ი. მ-მა, მ. ს-ემ, ე. მ-მა, თ. მ-მა და თ. მ-მა (გ. მ-ის უფლებამონაცვლე).
კასატორებმა გ. მ-მა, ი. მ-მა და სხვ. აღნიშნეს, რომ თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ საზღვრების კონფიგურაციის ნაწილში აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა შესაბამისი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასაც გულისხმობდა, მაშინ ვალდებული იყო მოსარჩელისთვის სარჩელის ტრანსფორმაცია შეეთავაზებინა, რახან სარჩელის ტრანსფორმაცია არ მომხდარა სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ბათილად ეცნო მიწის რეგისტრაცია კონფიგურაციის ნაწილში. ამასთანავე, მხარემ არაერთგზის მიუთითა რ. მ-ის უფლებადამდგენი დოკუმენტის უკანონობაზე, იმ საფუძვლით, რომ მასზე ხელმომწერი პირი არ იყო უფლებამოსილი, დარღვეული იყო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის წესები, სასამართლო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა მესამე პირთა შუამდგომლობა და მოეხდინა საქმეთა გაერთიანება ან შეეჩერებინა მიმდინარე წარმოება მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რადგან მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერების შემოწმების შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განსახილველი დავისთვის. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 ნაწილები, რადგან არ შეამოწმა აღნიშნული მტკიცებულების ნამდვილობა და არ ამორიცხა ის მტკიცებულებათა სიიდან, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობის პირობებშიც, უდავოა, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელს ვერ გადაეცემოდა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს, რადგან სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ „...“ მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, უშუალოდ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მოსარჩელე აცხადებს პრეტენზიას, საბჭოთა პერიოდიდან განლაგებულია შენობა-ნაგებობები, თუმცა სოფ. ... საკრებულოს 02.04.92წ. №2 ოქმსა და სოფ. ... მიწის კომისიის 02.09.98წ. №4 მიღება-ჩაბარების აქტში მხოლოდ მიწაზეა საუბარი და არა შენობა-ნაგებობებზე. გარდა ამისა მიწაზე განთავსებულია საკანალიზაციო ქსელი და კოლექტორი, ამდენად, გამოირიცხებოდა მიწის რეფორმის ფარგლებში მიწის განკარგვა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მიწა არც რ. მ-ის და არც მისი მამკვიდრებლის სახელზე არ არის აღრიცხული საჯაროო რეესტში თუ ტექ. ბიუროში.
სასამართლომ თვითონვე მიიჩნია დადგენილად, რომ 2000 წელს საკუთრების რეგისტრაციისას რეესტრმა იხელმძღვანელა სასამართლო გადაწყვეტილებითა და ტოპოგრაფიული რუკით, ხოლო საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ სადავოდ გამხდარი კონფიგურაცია ემთხვევა 1998 წლის ტოპოგრაფიული რუკის კონფიგურაციას, რაც ამყარებს საჯარო რეესტრის პოზიციას. ამასთანავე, დაზუსტებულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მართალია პირველადი განცხადება მხოლოდ ორი თანამესაკუთრის მიერ იქნა წარდგენილი, თუმცა, შემდგომში მოხდა სხვა დოკუმენტების, მათ შორის ყველა თანამესაკუთრის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცის წარდგენა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ სადავო უძრავი ქონების სტატუსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
კასატორებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა აღნიშნეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.15წ. განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება 09.06.2000წ. განხორციელებული რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისობა რეგისტრაციამდე არსებულ და მიწის ნაკვეთის რეალურ მდებარეობასთან, ამდენად, არ არსებობს ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის საჭიროება.
გ. მ-მა, ი. მ-მა, მ. ს-ემ და სხვებმა საკასაციო საჩივარში იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ სასამართლოში გასაჩივრებულია რ. მ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი – ვ.ლ-ას სახელზე კასპის რაიონის სოფ. ... საკრებულოს მიერ 02.09.98წ. გაცემული №4 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მართლზომიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.2016წ. განჩინებით სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოება შეჩერდა, გ. მ-ის, ი. მ-ის, მ. ს-ის და სხვათა სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
საკასაციო პალატას განცხადებით მომართეს გ. მ-მა, ი. მ-მა და სხვებმა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ გ. მ-ის, ი. მ-ის და სხვათა სარჩელის გამო მიმდინარე სამართალწარმოება დასრულებულია. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორებმა მიუთითეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2016წ. განჩინება, რომლითაც რ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.01.2016წ. გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2016წ. განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2015წ. განჩინების გაუქმების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის, გ. მ-ის, ი. მ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრებზე განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.2017წ. განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის, გ. მ-ის, ი. მ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი. სსკ-ის 408.3 მუხლის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ კასპის რაიონული სასამართლოს 31.03.2000წ. განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის თანახმად დადგინდა კასპის რაიონის სოფელ ... მდებარე ,,...” მოსარჩელეთა - ი., გ., გ., ე., თ. მ-ების, მ. ს-ისა და ვ. ლ-ას სახელზე თანაზიარ საკუთრებაში აღრიცხვა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან შეთანხმების გარეშე თავისი წილის არაკანონისმიერ მემკვიდრეებზე გასხვისების უფლების შეზღუდვით. 31.03.2000წ. განჩინების საფუძველზე 15 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (ს.კ....) 09.06.2000წ. თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მესამე პირების და ვ. ლ-ას სახელზე თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად, თითოეულზე 1/7 წილით, აღნიშნული რეგისტრაცია ან მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები სადავო არ გამხდარა. ვლ. ლ-ა გარდაიცვალა 19.10.2009წ., ვლ. ლ-ას მემკვიდრე არის მისი მეუღლე - რ. მ-ე, რომელმაც ქმრის დანაშთი სამკვიდრო მიიღო 10.03.2014წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. რ. მ-ე ნაკვეთის თანამესაკუთრედ საჯარო რეესტრში არ აღრიცხულა. 14.11.2013წ. მარეგისტრირებელ ორგანოს განცხადებით მიმართეს თანამესაკუთრეებმა - გ. და ე. მ-ებმა და მოითხოვეს მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად. 15.11.2013წ. საჯარო რეესტრში დამატებით წარდგენილ იქნა მ. ს-ის, ი. მ-ის, თ. მ-ის პირადობის მოწმობის ასლები, გ. მ-ისა და ვ. ლ-ას გარდაცვალების მოწმობის ასლები. რეგისტრაციის შესახებ 15.11.2013წ. №...გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გ. მ-ის, გ. მ-ის, ე. მ-ის, ვ. ლ-ას, თ. მ-ის, ი. მ-ისა და მ. ს-ის სახელზე აღირიცხა კასპის რაიონის სოფ. ... მდებარე 15 203 კვ.მ. დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 7 შენობა-ნაგებობით. 13.03.2014წ. კასპის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ვ. ლ-ას მემკვიდრემ - რ. მ-ემ და მოითხოვა კასპში, სოფელ ... მდებარე 0,16 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, უფლებადამდგენ დოკუმენტად მიუთითა მისი მამკვიდრებლის - ვ. ლ-ას სახელზე 02.09.1998 წ. გაცემული № 4 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მესამე პირებისა და ვ. ლ-ას თანასაკუთრებაში რიცხულ ნაკვეთთან დაფიქსირებული ზედდების გამო.
განსახილველ დავაში სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს 15.11.2013წ. განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა საზღვრების კონფიგურაციის ნაწილში, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და რ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ წარმოებაში მიღებისა და ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელე მოითხოვდა აგრეთვე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელების დავალებას (სასკ-ის 22-ე, 23-ე მუხ.). ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ რ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მარეგისტრირებელ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევა, მათ შორის რ. მ-ის მამკვიდრებლის - ვ. ლ-ას უფლებადამდგენი დოკუმენტებით მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რ. მ-ის უფლებადამდგენი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ძალაშია, მისი უკანონობა სათანადო წესით არ დადგენილა, ხოლო მის ნამდვილობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უნდა შეფასდეს მხოლოდ მიღება-ჩაბარების კანონიერებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოების და არა მიმდინარე დავის ფარგლებში.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო დოკუმენტად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურებისა და ფორმის დაცვით გამოცემული აქტი. უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა არ გულისხმობს სათანადო შეფასების გარეშე მის ავტომატურ გაზიარებას. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ ვ. ლ-ას სახელზე გაცემული 02.09.1998წ. N4 მიღება-ჩაბარების აქტის უფლებაწარმომშობ დოკუმენტად მიჩნევის შესაძლებლობაზე, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერებას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მხოლოდ რეგისტრირებულ ნაკვეთთან დაფიქსირებული ზედდების გამო და უფლებადამდგენი დოკუმენტის კანონშეუსაბამობის საფუძვლით ხარვეზი არ დადგენილა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაზე. რეესტრი გარიგებებთან მიმართებით ამოწმებს ფორმალური მოთხოვნების დაცულობას, ხელშეკრულების შინაარსობრივი მხარის მართლზომიერების, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხებს მარეგისტრირებელი ორგანო არ იკვლევს, უკეთუ გარიგებაზე შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია სათანადო წესით (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 22-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე - N4 მიღება-ჩაბარების აქტზე განხორციელებული ხელმოწერა დამოწმებული იყო სათანადო ბეჭდით, შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს არ ჰქონდა უფლებადამდგენ დოკუმენტთან დაკავშირებით ხარვეზის დადგენის საფუძველი, რაც არ გულისხმობს მიღება-ჩაბარების აქტის კანონშესაბამისობას. სასამართლოს, მარეგისტრირებელი ორგანოსაგან განსხვავებით, კანონმდებლობით მინიჭებული აქვს მასთან წარდგენილი დოკუმენტაციის როგორც ფორმალური, ასევე შინაარსობრივი მხარის შემოწმების შესაძლებლობა. სააპელაციო პალატამ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით, იმ საფუძვლით მიიჩნია 02.09.1998წ. N4 მიღება-ჩაბარების აქტი კანონიერად, რომ სათანადო წესით მისი უკანონობა არ ყოფილა დადგენილი, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური საწყისები (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) სასამართლოს არათუ უფლებამოსილს, არამედ ვალდებულს ხდიდა სრულად და ყოველმხრივ შეეფასებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული მტკიცებულებები, მით უფრო მესამე პირების მიერ აქტის მიმართ პრეტენზიის არსებობის პირობებში. მიღება-ჩაბარების აქტის ძალაში ყოფნა არ წარმოშობდა სასამართლოს მიერ მისი გაზიარების ვალდებულებას. სასამართლოს, მიმდინარე დავის ფარგლებშივე, შეეძლო და ვალდებულიც იყო სათანადოდ შეეფასებინა მიღება-ჩაბარების აქტი, როგოც ფართზე უფლებაწარმომქმნელი დოკუმენტი და მაშასადამე სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება, პალატას უნდა შეეფასებია აქტის სარწმუნოობასთან დაკავშირებით მესამე პირების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (სსკ-ის 137.2 მუხ.). გადაფარვის არსებობა თავისთავად ადასტურებს უფლებისწარმომშობ დოკუმენტებში კოლიზიის არსებობას, რაც ქმნის დოკუმენტაციის შეფასების საჭიროებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირების მიერ წარდგენილი განცხადებებისა და შუამდგომლობების შედეგად, სააპელაციო პალატას ჰქონდა ინფორმაცია მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ 26.01.2015წ. განჩინებით არ დააკმაყოფილა მესამე პირთა შუამდგომლობა მიმდინარე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ხოლო 17.03.2015წ. განჩინებით უარი თქვა საქმეთა გაერთიანებაზე იმ საფუძვლით, რომ დავის საგნიდან გამომდინარე საქმეები არ არის ერთგვაროვანი, ასევე მიმდინარე დავის განხილვა არ არის დამოკიდებული მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერებასთან დაკავშირებული დავის შედეგზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ნაკვეთზე მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტია მიწის მიღება-ჩაბარების 02.09.1998წ. აქტი N4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. N503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს. რ. მ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერება უშუალოდ უკავშირდება მოსარჩელის სახელზე სადავო ფართის საჯარო რეესტრში აღრიცხვას, მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც უფლებისდამდგენი დოკუმენტის, უკანონობა საფუძველს აცლის ამ აქტის მიხედვით რ. მ-ის მამკვიდრებლისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის და შესაბამისად ამ ნაწილში მესამე პირთა ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესახებ რ. მ-ის მოთხოვნას. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა ნაკვეთზე უფლების და ფარგლების, ნაკვეთის მახასიათებლების, კონფიგურაციის, ნაკვეთის საზღვრების და პარამეტრების შესწავლა, რასაც მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს. ამდენად, ნაკვეთის მიღება-ჩაბარების კანონიერებას მნიშვნელობა აქვს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაუზუსტებული რეგისტრაცია განხორციელდა 09.06.2000 წელს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაცია გულისხმობს მისი დაზუსტების შესაძლებლობას. საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. N327 ბრძანებულების თანახმად, პირველადი რეგისტრაცია ითვალისწინებდა რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტების შესაძლებლობას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე (მე-5 პ.). ამდენად, მესამე პირთა სახელზე ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაცია არ გამორიცხავდა შემდგომში ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მესამე პირთა სახელზე ნაკვეთის საკუთრების თავდაპირველი და შემდგომი ელექტრონული რეგისტრაციებისას წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზებს შორის სხვაობის არსებობის შესახებ, არ ადასტურებს სადავო რეგისტრაციის უკანონობას. უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია და მათში ცვლილების შეტანა, მათ შორის პირველადი რეგისტრაციის კორექტირება, წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და საკადასტრო მონაცემების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ ნაკვეთს გააჩნია ყველა საჭირო ფაქტობრივი საზღვარი (ძველი ღობე, ნარგავები), არ ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკადასტრო რუკა დგება შესაბამის კოორდინატთა სისტემაში განხორციელებული აგეგმვის საფუძველზე და არა ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის ან ღობის გათვალისწინებით, კორექტირებას საფუძვლად უდევს საკადასტრო მონაცემები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის თანახმად არის მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის გრაფიკული და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემის ამსახველი დოკუმენტი არის ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც 26.1 მუხლის მიხედვით დგება სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრები დაზუსტდა WGS კოორდინატთა სისტემაში და UTM პროექციაში შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რაც გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული რეგისტრაციის საფუძველი.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ საჯარო რეესტრში მესამე პირთა სახელზე საკუთრების რეგისტრაცია მოხდა მხოლოდ მესამე პირთა მითითებებზე დაყრდნობით. საქმის მასალებით, საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო უძრავი ძეგლის ტერიტორია, რომელშიც შედის ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული და მასთან ისტორიულად და ფუნქციურად დაკავშირებული ტერიტორია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასახლის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ძეგლის სტატუსი თავდაპირველად 1938 წ., ხოლო შემდგომში საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის 07.11.06წ. ბრძანებით იქნა დადასტურებული (ტ.1, ს.ფ.42, 225). საქართველოს პრეზიდენტის 07.11.2006წ. N665 ბრძანებულებით უძრავ ძეგლს ეროვნული მნიშნელობის კატეგორია მიენიჭა, ძეგლი შეყვანილია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში. მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განთავსებულია შენობა-ნაგებობები, საქართველოს კულტურის სამინისტროს უძრავი ძეგლის პასპორტში ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული შენობა-ნაგებობები სასახლის კომპლექსის შემადგენელ ნაწილს შეადგენს. სასახლის კომპლექსის მიწის ტოპოგრაფიული რუკით დასტურდება, რომ მიწა, რომელზედაც დგას ავტოფარეხი უძრავი ძეგლის ტერიტორიის ნაწილია, ასეთად რჩება ის დღემდე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ზედდება წარმოიშვა და მიღება-ჩაბარების აქტით ვ. ლ-ასთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი ე.წ. „...“ კომპლექსის შემადგენლობაში მოექცა მესამე პირთა მიერ ნაკვეთის საზღვრების დაზუსტების შედეგად. საქმეში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.07.2014წ. დასკვნის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველ ნახაზზე მითითებული ფართი ხვდება 1988 წლის „სპეციალური სამეცნიერო სარეგისტრაციო საწარმოო გაერთიანების საპროექტო ბიუროს“ მიერ შესრულებულ ტოპოგეგმაზე მითითებულ ტერიტორიაში. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003905514 დასკვნის თანახმად მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს, შედის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის პასპორტის ტოპოგრაფიულ გეგმაში. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.07.2014წ. დასკვნის თანახმად (ტ.1, ს.ფ. 216), კასპის რაიონში, სოფ. ... (...) 2013 წელს შპს „…“ მიერ შესრულებულ ... და მიმდინარე ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმაზე მონიშნული (დაშტრიხული) ტერიტორია შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველ ნახაზზე მითითებულ დაშტრიხულ ფართს (ტ.1, ს.ფ. 220) და აღნიშნული ტერიტორია ხვდება 1988 წლის „სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანების საპროექტო ბიუროს“ მიერ შესრულებულ ტოპოგეგმაზე ნაჩვენებ ფართში (ტ.1, ს.ფ. 221). ექსპერტიზის დასკვნა თავისი შინაარსით კატეგორიულია და ის ადასტურებს, რომ ნაკვეთი, რომელზედაც მოსარჩელე აცხადებს პრეტენზიას, არის უძრავი ძეგლის ნაწილი.
სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 27.01.2016წ. გადაწყვეტილების თანახმად, დავის განხილვისას (21.01.2016წ. სხდომაზე) მოსმენილ იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის საპროექტო სამსახურის მთავარი სპეციალისტის განმარტება, რომლის თანახმად 1956 წლის ტოპოლოგიურ გეგმაზე უწყვეტი შტრიხოვანი ხაზის შიგნით მოთავსებული ტერიტორია არის სასახლის კომპლექსისათვის მიკუთვნებული ტერიტორია, 1988 წლის ტოპოგეგმას 1956 წლის გეგმისაგან განასხვავებს მხოლოდ ის, რომ ნაკვეთზე დამატებულია რამდენიმე ნაგებობა, მათ შორის ნაგებობა, რომელიც არის რ. მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობა. სპეციალისტის განმარტებით ვ. ლ-ასთვის გადაცემული 1600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1956 და 1988 წლების ტოპოლოგიური რუკების თანახმად, შედიოდა ე.წ. „...“ კომპლექსისთვის მიკუთვნებულ ტერიტორიაში. ამდენად, ზედდება წარმოიშვა N4 მიღება-ჩაბარების აქტით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კომპლექსის შემადგენლობაში მყოფი ნაკვეთის არასწორად განკარგვამ და არა მესამე პირთა მიერ საკადასტრო საზღვრების დაზუსტებამ. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა მოპასუხე და მესამე პირების პოზიციის მართებულობა, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის საწინააღმდეგო გარემოება, საექსპერტო დასკვნით დადასტურდა სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისობა მიწის ნაკვეთის რეალურ მდგომარეობასთან. ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ მოუხდენია საექსპერტო დასკვნის მოტივირებული უარყოფა, სასამართლოებმა მიუთითეს საექსპერტო დასკვნაზე, რომელიც მოპასუხეთა და მესამე პირთა პოზიციას ადასტურებდა და დასკვნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება არის წინააღმდეგობრივი, სარეზოლუციო ნაწილი არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი გარემოებებისაგან.
02.09.1998წ. N4 მიღება-ჩაბარების აქტის არამართლზომიერების შესახებ მესამე პირთა მოსაზრების საფუძვლიანობა დადასტურდა კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2016წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც მოსარჩელეების - მ. ს-ის, გ. მ-ის, ი. მ-ის, ე. მ-ის, თ. მ-ისა და თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვ. ლ-ას სახელზე კასპის რაიონის სოფ. ... საკრებულოს მიერ 02.09.1998წ. გაცემული N4 მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული დავის ფარგლებში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ-ის მიერ 13.03.2014წ. განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შენობა, რომელიც იმავდროულად რეგისტრირებულია ე.წ. „...“ მიწის ნაკვეთის საზღვრებში და ასახულია სასახლის 1998 წლის ტოპოლოგიურ რუკაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 27.01.2016წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი N4 მიღება-ჩაბარების აქტი, ეხება სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთს და შესაბამისად გადაწყვეტილება მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის დამადასტურებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან მოსარჩელე და მესამე პირები ჩართული იყვნენ ხსენებული საქმის განხილვაში, სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად მათ არ შეუძლიათ სადავოდ გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები, გადაწყვეტილების ობიექტური ფარგლები ვრცელდება გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასპის რაიონული სასამართლოს 31.03.2000წ. განჩინების საფუძველზე 152000 კვ.მ. ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 09.06.2000წ. თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მესამე პირების და ვლ. ლ-ას სახელზე. ვლ. ლ-ას რაიმე პრეტენზია თანასაკუთრებაში მყოფი ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ნაკვეთის კონფიგურაციასა და საზღვრებთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს, არ არსებობს თანამესაკუთრეების მიერ ვლ. ლ-ასათვის ფართის დათმობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. კასპის რაიონული სასამართლოს 31.03.2000წ. N2/14 განჩინებით დამტკიცებული მორიგებით „...“ მახასიათებლები არ განსაზღვრულა, შესაბამისად იგულისხმება, რომ მორიგება შედგა „...“ კომპლექსის გამო, რომელიც მთელი თავისი მახასიათებლებით, ზუსტი მონაცემებით ასახული იყო ოფიციალურ დოკუმენტაციაში - 1989წ. და 1991წ. პასპორტებში, 1956წ. და 1988წ. ტოპოლოგიურ რუკებში. ხსენებული დოკუმენტაციით ირკვევა სასახლის კომპლექსის საზღვრები, სადავო ტერიტორია არის სასახლის კომპლექსის მიწის ნაწილი, თანამესაკუთრეები არ შეთანხმებულან სადავო მიწის ნაკვეთის ვლ. ლ-ასთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემაზე, რაც დასტურდება აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.01.2016წ. N3ბ/94-15 გადაწყვეტილებითაც. ვლ. ლ-ა 19.10.2009წ. გარდაიცვალა, მოსარჩელის მამკვიდრებელს არ მოუთხოვია მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ნაკვეთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ვლ. ლ-ას მემკვიდრეს 2014 წლამდე ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრის სამსახურისათვის არ მიუმართავს, ის არც სასახლის კომპლექსის თანამესაკუთრედ დარეგისტრირებულა მისი მამკვიდრებლის ნაცვლად. გ. მ-მა და ე. მ-მა 14.11.2013წ. განცხადებით მიმართეს მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვეს თანასაკუთრებაში არსებული საზღვრების და ფართობის დაზუსტება წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად. 15.11.2013წ. საჯარო რეესტრში დამატებით წარდგენილ იქნა მ. ს-ის, ი. მ-ის, თ. მ-ის პირადობის მოწმობების ასლები, გ. მ-ის და ვლ. ლ-ას გარდაცვალების მოწმობების ასლები. თანამესაკუთრეებზე დაუზუსტებელი და დაზუსტებული რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია კასპის რაიონული სასამართლოს 31.03.2000წ. განჩინება N2/14, ხსენებულ საქმეში ერთ-ერთ თანამოსარჩელედ იყო რ. მ-ის მამკვიდრებელი ვლ. ლ-ა, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე თანასაკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით 08.06.2000წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. მ-ემ 10.03.14წ. მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა. 02.09.1998წ. N4 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე არ განხორციელებულა რაიმე დაზუსტებული ან თუნდაც დაუზუსტებელი რეგისტრაცია, მოსარჩელემ ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გასატარებლად განცხადებით მხოლოდ 13.03.14წ. მიმართა, შესაბამისად, კანონიერ ძალაში მყოფი 31.03.2000წ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არც დაუზუსტებული (09.06.2000წ.) და არც დაზუსტებული (15.11.2013წ.) რეგისტრაციის განხროციელებისას საჯარო რეესტრის კასპის სარეგისტრაციო სამსახური ვერ მოახდენდა შედარებას რაიმე მონაცემებთან. სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია ისტორიული უძრავი ძეგლის მიწის ნაკვეთის საზღვრების მიხედვით, ამდენად, მოსარჩელის ჩართულობა სარეგისტრაციო წარმოების შედეგზე ზემოქმედებას არ მოახდენდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებისდამდგენი დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა სამართლებრივ საფუძველს აცლის სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნას.
მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტს ასევე წარმოადგენს მიწის ნაკვეთის განაწილების სია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ... საკრებულოში შემავალი სოფ. ... 02.04.1992წ. ყრილობის N2 ოქმის თანახმად, მესამე კატეგორიის მიკუთვნებულ პირებს გამოეყოთ 0,10 ჰა-ს ოდენობის ნაკვეთი, რაც შეესაბამება მესამე კატეგორიის კომლისათვის კანონმდებლობით (მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. N48 დადგენილების მე-8 პ., 10.03.1992წ. N290 დადგენილების მე-6 პ.) განსაზღვრულ ოდენობას, თუმცა ... თემის საკრებულოს სოფ. ... მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების განაწილების სიების თანახმად, ვ.ლ-ას გამოეყო არა 0,10 ჰა, არამედ 0,16 ჰა მიწის ფართობი, ამასთანავე, სიაში არ არის მითითებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია (ტ.1, ს.ფ. 205-209), საზღვრები, რაც ნაკვეთის საზღვრებთან დაკავშირებით დავის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის ნაკვეთის იდენტიფიკაციას. რაც შეეხება რ. მ-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახულ საკადასტრო მონაცემებს (ტ.1, ს.ფ. 17-18), რომლის მიხედვითაც რ. მ-ე ითხოვს ნაკვეთის რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მომიჯნავე უძრავი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს და შედგენილი ნახაზით ნაკვეთის საზღვრები იჭრება მოსაზღვრე ნაკვეთის საზღვრებში, 11.03.2014წ. საკადასტრო აღწერას სასახლის კომპლექსის თანამესაკუთრეები არ მოწვეულან, საკადასტრო აღწერაზე დამსწრე პირების გრაფა შევსებული არ არის.
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 10.03.1992წ. N290 დადგენილების 1-ლი მუხლის მიხედვით ისტორიული ძეგლის მიწა არ შედიოდა მიწის რეფორმის ფონდში, ამდენად, სიის და 02.09.1998წ. მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას ვერ იქნებოდა გადაცემული ისტორიული ძეგლის ნაკვეთი, შესაბამისად, დაირღვა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992წ. N48, 10.03.1992წ. N290 დადგენილებების ნორმატიული დანაწესი ისტორიული ძეგლის მიწის, როგორც სახელმწიფო ფონდის მიწის, პრივატიზების აკრძალვის შესახებ, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 27.01.2016წ. N3ბ/94-15 კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ხელშეკრულება - 02.09.1998წ. N4 მიღება-ჩაბარების აქტი ბათილად იქნა ცნობილი. კულტურის ძეგლის, ნაკვეთის მიწის რეფორმის ფონდში განაწილება და შემდგომში კერძო პირისათვის გადაცემა მოგვიანებით იქნა გათვალისწინებული კანონმდებლობით, კერძოდ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 25.06.1999წ. კანონის 24.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ძეგლის მესაკუთრე შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, ამავე კანონის 27-ე მუხლით დადგინდა, რომ უძრავ ძეგლზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მემკვიდრეობითი უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია რ. მ-ის მოსაზრება მესამე პირების სახელზე არასწორი რეგისტრაციის შედეგად მისი მამკვიდრებლის - ვ. ლ-ასათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ე.წ. „...“ კომპლექსის შემადგენლობაში მოქცევის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობა ქმნიდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს. შესაბამისად, მართებულია რ. მ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 19.03.2014წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარმოების შეჩერების საფუძველზე გამოცემული წარმოების შეწყვეტის შესახებ აქტი ქვედა ინსტანციების სასამართლოს მიერ არ გაუქმებულა, სასამართლოებმა საერთოდ არ იქონიეს მსჯელობა წარმოების შეწყვეტის აქტზე. ამდენად, სასახლის კომპლექსის კუთვნილი სადავო ფართი შესაძლოა აღირიცხოს არა რ. მ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში, არამედ მესამე პირთა და რ. მ-ის თანასაკუთრებაში (უკეთუ ის მოისურვებდა საჯარო რეესტრში რეგისისტრაციის გზით გამხდარიყო კომპლექსის თანამესაკუთრე).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ რ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა 15.11.2013წ. განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა საზღვრების კონფიგურაციის ნაწილში, თუმცა მოსარჩელე არ ითხოვდა რეგისტრაციის შესახებ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 15.11.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. საჯარო რეესტრში ფაქტობრივად განხორციელებული რეგისტრაცია არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების შედეგი, შესაბამისად სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, გასაჩივრებას უნდა დაქვემდებარებოდა აქტი და არა მისი შედეგი, რადგან ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება გამოიწვია არა უშუალოდ რეგისტრაციამ, არამედ რეგისტრაციის შესახებ 15.11.2013 წ. გადაწყვეტილებამ. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს, სასკ-ის 281 მუხლის საფუძველზე, არ მოუხდენიათ მოსარჩელის მოთხოვნის ტრანსფორმირების გზით დაზუსტება. მოსარჩელის მოთხოვნა კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 15 203 კვ.მ. ნაკვეთის N... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ საჭიროებდა დაზუსტებას, სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო ნაკვეთის რეგისტრაციას. სააპელაციო პალატა თავადაც აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა N... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ საზღვრების კონფიგურაციის ნაწილში, ეხებოდა სარეგისტრაციო სამსახურის 15.11.2013წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას, რადგან აღნიშნული არის ის ერთადერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც განხორციელდა სადავო რეგისტრაცია. ხსენებული მითითების მიუხედავად, სააპელაციო პალატის ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნაკვეთის რეგისტრაცია და არა სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
საფუძველს არის მოკლებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა, რადგან სათანადოდ არ დადასტურებულა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროება. სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღებისათვის. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დანაწესების მიუხედავად სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან სასამართლო წარმოების დროს, საექსპერტო დასკვნით დადასტურდა სადავო რეგისტრაციის კანონიერება, არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალების საფუძველი. სასკ-ის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავის გარეშე საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.07.2014წ. დასკვნა, ტოპოგრაფიული რუკები, „...“ გენგეგმა, 09.06.2000წ. სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა და სხვა დოკუმენტაცია იძლეოდა სასამართლოს მიერ სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
დაუსაბუთებელია აგრეთვე სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე „ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ წარმოებაში მიღების და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2014წ. N76247 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. აღნიშნული დანაწესი მართალია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ართმევს უფლებას სზაკ-ის 178-ე მუხლის საფუძველზე განიხილოს მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე საჩივარი, თუმცა ნორმა არ ადგენს სააგენტოს მიერ საჩივრის განხილვის ვალდებულებას (სუსგ 25.05.2011წ. N1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. Nბს-598-591(კ-15)). განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრით რ. მ-ემ მოითხოვა არა მხოლოდ წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, არამედ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებაც. ამდენად, რეესტრი უფლებამოსილი იყო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლისა და სზაკ-ის 80.4 მუხლის გათვალისწინებით, არ მიეღო წარმოებაში რ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
სააგენტოს 10.04.2014წ. გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული რ. მ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი რეგისტრაციის შეჩერების შესახებ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 19.03.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მესამე პირთა სახელზე სასახლის კომპლექსის ნაკვეთის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, საქმის განხილვა 17.04.2014წ. დაინიშნა და საქმის განხილვაში მოწვეულ იქნენ მესამე პირები. სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მოყვანილი რაიმე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იქნა ბათილად ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2014წ. გადაწყვეტილება ამ ნაწილში, სასამართლოს არც ის დაუდგენია თუ რა შედეგით დამთავრდა საჩივრის ზეპირი მოსმენა, რატომ არ არის დავის საგანი ზეპირი მოსმენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.04.2014წ. N88631 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რ. მ-ის სარჩელი გორის რაიონული სასამართლოს მიერ წარმოებაში 02.05.14წ. განჩინებით იქნა მიღებული, სააგენტოს 29.04.2014წ. გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, რაც დამატებით ადასტურებს მოთხოვნის უსაფუძვლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასწორად განმარტა სასკ-ის 32.4 მუხლი, რასაც შედაგად მოჰყვა დავაზე არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, არსებობს სსკ-ის 393.3 და 394.1 („ე“ ქვ.პ.) მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. ამასთანავე, საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, მათ შორის კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა დაბრუნების საფუძველი, რადგან ის მტკიცებულება, რომელსაც ეფუძნებოდა რ. მ-ის სარჩელი - N4 მიღება-ჩაბარების აქტი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი, მოსარჩელე ვერ ადასტურებს თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, ვერ წარმოადგენს მესამე პირთა სახელზე 15.11.2013წ. განხორციელებული რეგისტრაციისა თუ მის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების არამართლზომიერებას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ. მ-ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ამასთანავე, სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, რ. მ-ეს (პ.ნ. ...) უნდა დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის ანაზღაურება, ასევე გ. კ-ის (პ.ნ. ...) მიერ - 450 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მისი ტერიტორიული სამსახურის, გ. მ-ის, ი. მ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2015წ. განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. რ. მ-ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 450 ლარის ანაზღაურება;
5. რ. მ-ეს გ. კ-ის (პ.ნ. ...) სასარგებლოდ დაეკისროს 450 ლარის ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი