Facebook Twitter

#ბს-1082-1076(2კ-17) 15 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ს-ისა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 21 ოქტომბერს გ. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გ. ს-ისა და ა. ზ-ი მიმართ.

მოსარჩელემ ა. ზ-ი სახელზე შემდეგ უძრავ ქონებებზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა: 1. სარეგისტრაციო ზონა - წალკა, კოდი - 85, სექტორი - ..., კოდი - 18, კვარტალი - 23, ნაკვეთი - 017, დაზუსტებული ფართობი 1901 კვ.მ, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი ..., თარიღი - 11.06.2009წ., ამონაწერის მომზადების თარიღი - 17.06.2009წ.; 2. სარეგისტრაციო ზონა - წალკა, კოდი - 85, სექტორი - ..., კოდი - 18, კვარტალი - 22, ნაკვეთი - 004, დაზუსტებული ფართობი 2519 კვ.მ, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი ..., თარიღი - 11.06.2009წ., ამონაწერის მომზადების თარიღი - 17.06.2009წ.; 3. სარეგისტრაციო ზონა - წალკა, კოდი - 85, სექტორი - ..., კოდი - 18, კვარტალი - 30, ნაკვეთი - 011, დაზუსტებული ფართობი 2141 კვ.მ, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი ..., თარიღი - 11.06.2009წ., ამონაწერის მომზადების თარიღი - 17.06.2009წ.; 4. სარეგისტრაციო ზონა - წალკა, კოდი - 85, სექტორი - ..., კოდი - 18, კვარტალი - 25, ნაკვეთი - 003, დაზუსტებული ფართობი 1166 კვ.მ, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი ... , თარიღი - 14.06.2009წ., ამონაწერის მომზადების თარიღი - 18.06.2009წ.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ს-ე.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ა. ზ- სახელზე 2009 წლის 11 ივნისის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით #... (განცხადების რეგისტრაციის #...); ბათილად იქნა ცნობილი ა. ზ- სახელზე 2009 წლის 11 ივნისის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით #... (განცხადების რეგისტრაციის #...); ბათილად იქნა ცნობილი ა. ზ- სახელზე 2009 წლის 11 ივნისის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით #... (განცხადების რეგისტრაციის #...); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა. ზ- სახელზე 2009 წლის 14 ივნისის უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით #... (განცხადების რეგისტრაციის #...) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ზ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ხ-ი (პ/ნ ...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით სსიპ საჯრო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ საჯრო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ა. ზ- სახელზე 2009 წლის 14 ივნისის უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით #... და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 14 ივნისის განცხადების საფუძველზე, 2009 წლის 18 ივნისის #... გადაწყვეტილებით ა. ზ- სახელზე განხორციელებული უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით #... .

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გ. ს-ემ და ნ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების - გ. ს-ისა და ნ. ხ-ის მოსაზრებით, საჯარო რეესტრმა განახორციელა კანონშესაბამისი მოქმედებები. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს და მთლიანად ამ ინსტიტუტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ს-ისა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით განუხილველი დარჩა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ისა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ა. ზ- სახელზე 2009 წლის 14 ივნისის განცხადების საფუძველზე, 2009 წლის 18 ივნისის #... გადაწყვეტილებით განხორციელებული უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით #..., რომლითაც დარეგისტრირდა ა. ზ- საკუთრების უფლება წალკაში მდებარე 1166 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2002 წლის 15 მაისის #2135/2002 სააღრიცხვო ბარათი. დადგენილია, რომ აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათში მითითებულია ნაკვეთის ფართი 0,100 ჰა, მარეგისტრირებელმა ორგანომ კი დაარეგისტრირა 1166 კვ.მ, ხოლო მესაკუთრე კ. ვ-ს ოჯახი გადახაზულია და მიწერილია ზ. ა. სააღრიცხვო ბარათზე რეგისტრატორის აღნიშვნაში მითითებულია - ცნობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოდან #253, 02.08.2007წ. მასზე დართული საკადასტრო ნახაზის თანახმად, #472 ნაკვეთი არის ცარიელი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის გარეშე.

ამასთან, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #305 აქტის თანახმად, 1997 წლის 11 მარტს წალკის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ს. პ-ის ასულ ზ-ს (მოსარჩელის დედას) სარგებლობის უფლებით გამოეყო 0,60 ჰა მიწის ფართობი სამ ნაკვეთად. ამ სამი ნაკვეთიდან ერთი მდებარეობს სახლთან 0.19 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დოკუმენტი სახლზე და მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ადასტურებს ს. ზ-ს საკუთრების უფლებას და არა ა. ზ- საკუთრების უფლებას.

აღსანიშნავია, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ხოლო 8.2 მუხლის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე და ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაციით ისე დარეგისტრირდა მესამე პირის საკუთრების უფლება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო ყურადღება არ მიუქცევია მასთან არსებულ დოკუმენტებზე. სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ პირი ხდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ადმინისტრაციულ ორგანოს, ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ს-ისა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე გ. ს-ეს 19.12.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ს-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ისა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;

3. გ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.12.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი