Facebook Twitter

საქმე # 330310016001559792

Nბს-39-39 (3კ-18) 03 მაისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შპს „ა...“ და შპს „ზ...“ მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2016წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „პ...“ 17.10.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ გარემოს ეროცნული სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შპს „პ...” 2006-2015 წლებში შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 21.11.2006წ. N1250 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 23.06.2016 წ. №995/ს ბრძანების პირველი პუნქტის (შპს ,,პ...” კუთვნილი №... ლიცენზიისთვის მოქმედების ვადის 2026 წლის პირველ სექტემბრამდე გაგრძელების შესახებ) ბათილად ცნობა და ამავე ბრძანების N1 დანართის ,,ზ“ პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც შპს „პ...“ დაევალა 2017 წლის პირველ მაისამდე გადაეხადა მის სარგებლობაში არსებული კვოტის - 5,055%-ის შესაბამისი თანხა 1 011 000 (ერთი მილიონ თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; შპს „პ...“ დირექტორის გ. დ-ს 09.08.2016 წ. დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 09.09.2016წ. Nი-457 ბრძანების ბათილად ცნობა; სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც 2026 წლის პირველ სექტემბრამდე ვადა გაუგრძელდება შპს „პ...“ კუთვნილ N00128 ლიცენზიას შავ ზღვაში თევზჭერის უფლების 25%-იანი კვოტის ოდენობით და შესაბამისად, შპს „პ...“-ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა 1 011 000 ლარის ნაცვლად კვოტის მიხედვით განისაზღვრებოდა 5 000 000 ლარით.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, 19.04.17წ. საოქმო განჩინებით, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს ,,ა...“ და შპს „ზ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.07.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „პ...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2017წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „პ...“-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.07.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „პ...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 09.09.2016წ. Nი-457 ბრძანება შპს „პ...“-ის დირექტორის გ. დ-ას 09.08.2016 წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამასთანავე, სზაკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 23.06.2016წ. N995/ს ბრძანების პირველი პუნქტი შპს „პ...“-ის კუთვნილი N... ლიცენზიისათვის მოქმედების ვადის 2006 წლის პირველ სექტემბრამდე გაგრძელების შესახებ და ამავე ბრძანების დანართი N1-ის "ზ" პუნქტი, რომლითაც შპს „პ...“-ს დაევალა 2017 წლის პირველ მაისამდე გადაეხადა მის სარგებლობაში არსებული კვოტის - 5,055%-ის შესაბამისი თანხა 1 011 000 ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით და ვადაში, იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შპს „ა....“ და შპს „ზ...“ მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2018 წ. განჩინებებით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შპს „ა...“ და შპს „ზ...“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.04.2018წ. განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიჩნეულ იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, სამინისტროს საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება. საკასაციო პალატის 25.04.2018წ. განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

კასატორმა სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა მოსარჩელის სახელზე გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის საკითხი, ლიცენზია გაიცა 2015 წლის თევზჭერის სეზონის ჩათვლით და არა 2016 წლის ნოემბრამდე. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ ლიცენზია სხვა სუბიექტებს გადასცა ნასყიდობის ხელშეკრულებით, თავისი ლიცენზიის მოქმედების ვადით და არა დროებით სარგებლობაში. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არის დასაბუთებული სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება, სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად. ლიცენზიის ნაწილების გასხვისებით შპს „პ...“ დაკარგა მათზე საკუთრების უფლება, ლიცენზიის გასხვისებული ნაწილები დარეგისტრირდა სხვა პირთა საკუთრებაში ცალკე, დამოუკიდებელი ლიცენზიის ფორმით. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ლიცენზიის გასხვისების შემთხევაში მის ავტომატურ აღდგენას.

კასატორებმა შპს „ა...“ და შპს „ზ...“ აღნიშნეს, რომ მართალია 22.11.2006წ. შპს „პ...“ სახელზე გაიცა N00128 ლიცენზია მთლიანი კვოტის 25%-ით, თუმცა მოსარჩელემ ლიცენზიის ნაწილები ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე სხვადასხვა დროს საკუთრებაში გადასცა სხვადასხვა შპს-ებს, რის შემდეგაც შპს „პ...“ სახელზე 14.02.2013წ. გაიცა N... ლიცენზია მთლიანი კვოტის 5,055 %-ზე. ამასთანავე, ნასყიდობის თითოეული ხელშეკრულების დადებისას შესაბამისი ცვლილება შედიოდა ლიცენზიათა რეესტრში, როგორც შპს „პ...“, ასევე შემსყიდველი იურიდიული პირების სახელზე ხდებოდა ახალი ლიცენზიების გაცემა, რაც ძალას უკარგავდა ლიცენზიას მანამდე მოქმედი სახით. შპს „პ...“ 31.03.2016წ. მიმათა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თევზჭერის N... ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუმცა ამ დროისთვის შპს-ს გააჩნდა მხოლოდ N... ლიცენზია, N... ლიცენზია აღარ იყო იურიდიული ძალის მქონე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის 22.04.2016წ. N696 განკარგულებით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, განკარგულებაში მიეთითა როგორც შპს „პ...“ სახელზე გაცემული ლიცენზიის (N...), ასევე შემსყიდველი შპს-ების სახელზე არსებული ლიცენზიების ნომრები. აღნიშნული განკარგულება შპს „პ...“ მიერ სადავო არ გამხდარა. კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა N... ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტი, თვითონ მოსარჩელე უთითებდა, რომ ლიცენზია გაცემული იყო თევზჭერის 2015 წლის სეზონის ჩათვლით და არა 2016 წლის 22 ნოემბრამდე. N... ლიცენზია გაიცა 2006-2015 წლების სეზონების ვადით, რაც პირდაპირ წერია ლიცენზიაში, სააპელაციო პალატამ ლიცენზიის ვადის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღო 2006 წლის თევზჭერის სეზონი, რამაც გამოიწვია ვადის ათვლის უსწორობა. კასატორები თვლიან, რომ ლიცენზიების ნაწილების სხვა სუბიექტებისათვის გადაცემა მოხდა არა დროებით - იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ ნასყიდობის შედეგად - ლიცენზიის მოქმედების ვადით, რაც გამორიცხავს შპს „პ...“ პირვანდელი ოდენობის - საერთო კვოტის 25%-ის აღდგენის შესაძლებლობას. შემძენ სუბიექტებს ხელშეკრულებით ან კანონით არ ეკისრებათ შესყიდული ლიცენზიების თავდაპირველი მფლობელისთვის დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ შპს „ა...“ და შპს „ზ...“ სახელზე გაცემული ლიცენზიები არ გასაჩივრებულა და დღემდე ძალაშია.

კასატორმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა იცნობს ლიცენზიის გადაცემის ორ შემთხვევას: იჯარის ხელშეკრულების ან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემას. განსახილველ შემთხვევაში შპს „პ...“ მოახდინა ლიცენზიის ნაწილის გასხვისება ლიცენზიის მოქმედების მთლიანი ვადით და არა დროებით სარგებლობაში გადაცემა. ლიცენზიის ნაწილების გასხვისების შედეგად შესაბამისი ცვლილებები შევიდა ლიცენზიათა რეესტრში, გაიცა ახალი ლიცენზიები როგორც შპს „პ...“, ასევე შემსყიდველი შპს-ების სახელზე. ამასთანავე, ახალი ლიცენზიის გაცემით ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული შპს „პ...“ გაცემული თავადაპირველი ლიცენზია. ხელშეკრულებებში არაერთგან არის დაფიქსირებული, რომ მოხდა ლიცენზიების გაყიდვა, რასაც სასამართლოც დადგენილად მიიჩნევს. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნის მომენტისთვის შპს „პ...“ ლიცენზია დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ მთლიანი კვოტის 5,055 %-ზე (N...). კასატორი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია გასხვისებული კვოტების შპს „პ...“ დაბრუნება, რადგან კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველი შპს-ების სახელზე გაცემული ლიცენზიები, მათი ვადის გაგრძელება არ გასაჩივრებულა და დღემდე მოქმედებს. ამ პირობებში, საკითხის ხელახლა შესწავლის შემთხვევაშიც კი, ორგანო მოკლებულია განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შპს „ა...“ და შპს „ზ...“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების შესახებ, რადგან სადავო აქტების გამოცემისას ორგანომ არ დიაცვა სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნები საქმის გარმოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების შესახებ.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „პ...“ შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 21.11.2006წ. N1250 ბრძანების საფუძველზე შპს „პ...“ სახელზე 22.11.2006წ. გაიცა N... თევზჭერის ლიცენზია. ბრძანებასა და ლიცენზიაში მიეთითა, რომ საერთო კვოტის 25%-ის ოდენობით შპს „პ...“ თევზჭერის ლიცენზია გადაეცა 10 წლის (10 სეზონის) ხანგრძლივობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დათქმა ბუნდოვანია, რადგან არ დასტურდება 10 კალენდარული წლისა და 10 სეზონის ხანგრძლივობის იდენტურობა. ლიცენზიის მოქმედების პერიოდად 10 კალენდარული წლის მიჩნევის შემთხვევაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის დასრულების მომენტად ჩაითვლება 2016 წლის ნოემბერი, ხოლო უკეთუ ვადის ათვლა მოხდება თევზჭერის სეზონის ოდენობისა და ხანგრძლივობის მიხედვით, დაუდგენელი რჩება ლიცენზიის მოქმედების ვადის დასრულების კონკრეტული მომენტი, რადგან ერთი მხრივ საქმეზე არ არის დადგენილი სადავო პერიოდში თევზჭერის სეზონის დაწყებისა და დასრულების თარიღები, მისი ხანგრძლივობის პერიოდი, ხოლო მეორე მხრივ ორგანოს მიერ არ არის გათვალისწინებული, რომ ლიცენზია გაიცა 2006 წლის ბოლოს - 22 ნოემბერს, როდესაც კალენდარული წლის დასრულებამდე დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი თვე. ამდენად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ხანგრძლივობის შესახებ N1250 ბრძანებასა და N... ლიცენზიაში მითითება წინააღმდეგობრივია, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება ლიცენზიის მოქმედების ვადის დასასრული, რაც დამატებით გამოკვლევას საჭიროებს ორგანოს მიერ, სადავო აქტებში სათანადოდ არ არის განსაზღვრული ლიცენზიის მოქმედების ვადის ათვლის და დასრულების მომენტი.

საკითხის ხელახალი შესწავლისას, ნასყიდობის ხელშეკრულებების ვადის შპს „პ...“ ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ამოწურვის დადგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს აგრეთვე ლიცენზიის გაყიდული ნაწილების უფლებრივ მდგომარეობაზე, მათი შპს „პ...“ დაბრუნების, ლიცენზიის პირვანდელი მფლობელის უფლებების აღდგენის შესაძლებლობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სხვადასხვა შპს-ებთან დადებული ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კონკრეტული ვადით, ორგანოს არ უმსჯელია აღნიშნული ვადის გასვლის თანამდევ შედეგებზე. გასათვალისწინებელია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითება ხდება ხელშეკრულების გარკვეული პერიოდით დადებაზე (2015 წლის ჩათვლით) და არა შპს „პ...“ ლიცენზიის მოქმედების ვადის დასრულების მომენტზე, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველზე. ორგანოს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რომ ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობების დასრულების თარიღი ემთხვევა შპს „პ...“ სახელზე გაცემული ლიცენზიის მოქმედების პერიოდის დასასრულს. შპს „პ...“ და შემსყიდველ შპს-ებს შორის დადებული ხელშეკრულებებით დგინდება, რომ მყიდველმა ორგანიზაციებმა გარიგების საგნის - შპს „პ...“ მიერ ლიცენზიის მიმღებისთვის საკუთარი კვოტიდან გარკვეული პროცენტის გადაცემა განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადით. სათანადოდ არ არის დასაბუთებული ორგანოს მოსაზრება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შემსყიდველ შპს-ებს უნარჩუნდებოდათ ხელშეკრულების საგანზე უფლება.

სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოდ ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადავო აქტები გამოსცეს საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სააგენტოსათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ამავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შპს „ა...“ და შპს „ზ...“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შპს „ა...“ და შპს „ზ...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2017წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 204559691) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.01.2018წ. N00262 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. შპს „ზ...“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.12.2017წ. N1514275293 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. შპს „ა...“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.12.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი