Facebook Twitter

საქმე # 330310016001634905

საქმე Nბს-24-24(2კ-18) 27 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საქართველოს მთავრობა (მოპასუხე); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ქ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ქ-მა 2016 წლის 7 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს მთავრობის, საჯარო რეესტრისა და საბურთალოს გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონის სოფელ ... საკრებულოს 2006 წლის 17 აგვისტოს N322 მიმართვა, რომლის საფუძველზედაც დ. ქ-ისთვის (მისი მამკვიდრებლის გ. ქ-ისთის) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გადაცემული ნაკვეთი (ქ. თბილისი, ..., 2500 კვ.მ.) დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად;

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის N1173 განკარგულების „ლ“ ქვეპუნქტი იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალა დ. ქ-ისთვის (მისი მამკვიდრებლის გ. ქ-ისთის) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გადაცემული ნაკვეთს (ქ. თბილისი, ..., 2500 კვ.მ.);

3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 4 სექტემბრის საჯარო რეესტრის ჩანაწერი N ..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N ... რეგისტრაციის თაობაზე, იმ ნაწილში რომლითაც დ. ქ-ისთვის (მისი მამკვიდრებლის გ. ქ-ისთის) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გადაცემული ნაკვეთი (ქ. თბილისი, ..., 2500 კვ.მ.) დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 7 ივლისის N... გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ქ-ისათვის გადაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, №3/8742-16 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონის სოფელ ... საკრებულოს 2006 წლის 17 აგვისტოს N322 მიმართვა, იმ ნაწილში რომლის საფუძველზედაც დ. ქ-ისთვის (მისი მამკვიდრებლის გ. ქ-ისთვის) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 06.10.1992 წ. N 87 ... მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ნაკვეთი (ქ. თბილისი, ..., 2500 კვ.მ.) დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის N1173 განკარგულების „ლ„ ქვეპუნქტი იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალა დ. ქ-ისთვის (მისი მამკვიდრებლის გ. ქ-ისთის) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 06.10.1992 წ. N 87 ... მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ნაკვეთს (ქ. თბილისი, ..., 2500 კვ.მ.); ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 4 სექტემბრის საჯარო რეესტრის ჩანაწერი N..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N... რეგისტრაციის თაობაზე, იმ ნაწილში, რომლითაც დ. ქ-ისთვის (მისი მამკვიდრებლის გ. ქ-ისთის) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 06.10.1992 წ. N87 ... მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ნაკვეთი (ქ. თბილისი, ..., 2500 კვ.მ.) დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 7 ივლისის N... გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც დ. ქ-ისათვის (მისი მამკვიდრებლის გ. ქ-ისთის) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 06.10.1992 წ. N87 ... მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად.

აღნიშნული გადაწყვეტილბა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავრობამ და სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს მთავრობისა და სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწოფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ. კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ 1992 წლის 6 ოქტომბერს მცხეთის რაიონის სოფელ ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ ამავე კომისიისა და საკრებულოს 1992 წლის 24 სექტემბრის №1 დადგენილების (ოქმი №1) საფუძველზე გაცემული იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით გ. ქ-ს გადაეცა სარგებლობაში გამოყოფილი მიწები 0,55ჰა სამ ნაკვეთად №1. ... - სიგრძე ორივე გვერდზე 62,5 მ. სიგანე ორივე გვერდზე 40 მ. ფართობი 0,25 ჰა; №2. ... - სიგრძე ორივე გვრდზე 38 მ. სიგანე ორივე გვრდზე 40.მ ფართობი 0,15 ჰა. №3 ... -სიგრძე ორივე გვერდზე 37,5 მ. სიგანე ორივე გვერდზე 40 მ. ფართობი 0,15 ჰა. მცხეთის რაიონის სოფელ ... საკრებულოს 2006 წლის 17 აგვისტოს №322 მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა სოფელ ... მდებარე 17900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კასატორები აღნიშნავენ, რომ ვინაიდან სადავო უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა კანონმდებლობით გათვალისიწინებული წესით დადგენილი კერძო პირთა საკუთრების უფლება და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება, განხორციელდა ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა თუ დადგინდებოდა არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოთხოვნასა და უკვე რეგისტრირებულ უფლებას შორის.

კასატორები მიუთითებენ, რომ 2016 წლის 17 ოქტომბერს დ. ქ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ... 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი 2016 წლის 21 სექტემბერს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარმოსადგენი იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. კასატორები მიუთითებენ, რომ მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ვინაიდან იგი მომზადდა განმცხადებლის დაკვეთით, რომელიც თავადვე განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, კონფიგურაციასა და საზღვრებს. კასატორები მიუთითებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მიზნით სახელწმიფო საკუთრებად რეგისტრირებულ, ქ. თბილისში, სოფელ ... მდებარე 17900 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაფიქსირებული ზედდების გაუქმების თაობაზე. კასატორები მიუთითებენ, რომ დ. ქ-ის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მოსარგებლეები/მესაკუთრეები არ ემთხვევა დ. ქ-ის მიერ წარდგენილ გეგმაში აღნიშნულ მოსარგებლე/მესაკუთრეებს. შესაბამისად უცნობია, რატომ მიიჩნია სასამართლომ დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სწორედ იმ კონფიგურაციის, ფართობისა და საზღვრების მატარებელი იყო, როგორც ეს მოსარჩელემ აზომვით ნახაზში მიუთითა და წარადგინა საჯარო რეესტრში. კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავოდ გამხდარი საქართველოს მთავრობის განკარგულებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, რითაც დასტურდება, რომ მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, უფლებრივად უნაკლო ქონებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

კასატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2014 წლის 21 ივნისის №5429 წერილით საქართველოს მთავრობას წარედგინა „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, შესაბამისად 2016 წლის 26 ივნისს გამოიცა საქართველოს მთავრობის №1173 განკარგულება. აღნიშნული განკარგულების საფუძველს წარმოადგენს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დანიშნულება შეეცვალა ცალკეულ მიწის ნაკვეთებს ზემოთ აღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიზნობრივი დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეეცვალა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 179 00 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...). „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ ეს განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, რითაც დასტურდება, რომ მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, უფლებრივად უნაკლო სახელწმიფო ქონებას. ამდენად, სასამართლომ განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გამოყენებული კანონი არასწორად განმარტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს მთავრობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

კასატორების მიერ მითითებული გარემოებები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, რომლის თანახმად, სადავო აქტებით მოსარჩელეს შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება მის მამკვიდრებელზე - გ. ქ-ზე სოფელ ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ (საფუძველი ... საკრებულოს 1992 წლის 24 სექტემბრის N1 დადგენილება, ოქმი N 1) გადაცემულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ უაზრუნველყვეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით მათზე დაკისრებული მოვალეობა გაექარწყლებინათ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და ამ გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება კასატორების მიერ მითითებული გარემოება მიწის ნაკვეთების იდენტურობასთან დაკავშირებით, რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებული გარემოებები, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის 2017 წლის 16 მარტის N31-01170753840 მიმართვის თანახმად, განხილულ იქნა განმცხადებლის მიერ წარდგენილი გ. ქ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის N87 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული და შპს „...“ მიერ მომზადებული 2016 წლის 21 სექტემბრის აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხი, რომლის შესწავლის პროცესში 2017 წლის 10 მარტს განხორციელდა უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება და შედგენილ იქნა N00020 ოქმი. დათვალირებაზე დამსწრე სპეციალისტის მიერ დადასტურდა, რომ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად დათვალიერებული მიწის ნაკვეთის იდენტურია. შესაბამისად, 2017 წლის 10 მარტს ჩატარებული დათვალირებისა და მასზე დამსწრე პირების განმარტებებით დადგინდა, რომ დ. ქ-ის მიერ წარდგენილი, გ. ქ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის N 87... მიღება-ჩაბარების აქტში ასახული მიწის ნაკვეთი შპს „...“ მიერ მომზადებულ 2016 წლის 21 სექტემბრის აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია. ამასთან, დ. ქ-ისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება ასევე შესაძლებელია მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მონაცემებით, რომელზედაც საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავრობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე