ბს-785-781(2კ-17) 12 აპრილი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-მა“ 01.03.2016წ. სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და დ. ჩ-ის მიმართ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის შპს „...-ის“ სასარგებლოდ ს.კ.26.01.51.202 უძრავი ქონების 296 კვ.მ. ფართზე ზღვის მხარეს კონკრეტული კოორდინატებით სერვიტუტის დარეგისტრირების დავალების მოთხოვნით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 06.06.2016წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი. ამავე სასამართლოს 30.06.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. მ-ე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20.07.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალა შპს „...-ის“ სასარგებლოდ ს.კ. 26.01.51.202 უძრავი ქონების 296 კვ.მ. ფართზე ზღვის მხარეს კონკრეტული კოორდინატების მიხედვით სერვიტუტის დარეგისტრირება. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა და გ. მ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და გ. მ-ის მიერ.
კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა აღნიშნა, რომ საკადასტრო რუკით მართლაც ფიქსირდება სერვიტუტი ორი მიმართულებით: სამხრეთით ცენტრალური გზის მხარეს, რაც სადავო არ არის და ზღვის მიმართულებით, რომელიც წყდება შპს „...-ის“ შენობასთან და აღარ გრძელდება უშუალოდ ზღვის სანაპირომდე. რუკაზე დატანილი სერვიტუტის პირობითი ნიშანი უფრო ფართოა, ვიდრე შავი ზღვის მიმართულებით მიმავალი გზის აღმნიშვნელი სიმბოლო. შპს „ი...-ის“ დირექტორის ნება უნდა განიმარტოს სწორედ საკადასტრო რუკაზე დატანილი მონაცემების მიხედვით, რომლის თანახმად, სერვიტუტი ვრცელდებოდა მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ შენობამდე. კასატორის მოზარებით, 2009წ. ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებისას ორგანო არ იყო ვალდებული მოეთხოვა შპს „...-ის“ თანხმობა, რადგან მისი უფლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს სერვიტუტის ფარგლების კოორდინატების დადგენისას არ უნდა ეხელმძღვანელა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზით.
კასატორი გ. მ-ე მიიჩნევს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა 2009 წ. განხორციელებული რეგისტრაციის მართლზომიერებაზე, რადგან საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ხოლო 2009 წ. რეგისტრაცია გასაჩივრებული არ ყოფილა. ამასთანავე, სადავო სერვიტუტის გაუქმება არ მომხდარა 2009 წ., რადგან ორი მიმართულებით სერვიტუტი რეგისტრირებული არ ყოფილა. 2005წ. შესრულებული საკადასტრო ნახაზიდან დგინდება, რომ სერვიტუტის აღმნიშვნელი პირობითი ნიშანი განსხვავდება ზღვის მხარეს არსებული აღნიშვნისგან, რაც გამორიცხავს ზღვის სანაპირომდე სერვიტუტის არსებობას. უძრავი ნივთის შეძენისას გ. მ-ეს არ ჰქონდა ინფორმაცია სერვიტუტის ორი მიმართულებით არსებობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით: შპს „…“ დირექტორის 2005წ. წერილით და 2009 წელს ნაკვეთის საზღვრების დაზუსტებამდე შედგენილი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დამოწმებული საკადასტრო რუკებით დასტურდება ორი მიმართულებით სერვიტუტის არსებობის შესახებ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრების მართებულობა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზღვის სანაპიროს მხარეს სერვიტუტის არარსებობა შპს „...-ის“ ნაგებობას არსებითად უკარგავს ღირებულებას, რადგან შენობიდან გამოსულ პირს ერთმევა ზღვასთან მისვლის შესაძლებლობა. კასატორებმა ვერ დაადასტურეს, რომ ზღვის მიმართულებით სერვიტუტის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, შპს „...-ს“ აქვს ზღვის სანაპიროსთან სხვა მისასვლელი ან სერვიტუტი სხვა კოორდინატებზე უნდა გავრცელდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ სერვიტუტის კოორდინატების დადგენისას მართებულად იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2017წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.10.2017წ. N28528 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. მ. მ-ს (პ.ნ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.10.2017წ. N1 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი