#ბს-1058-1052(კ-17) 29 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ც. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 20 ნოემბერს ც. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 29 სექტემბრის #... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ოქტომბრის #210117 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ა-ე-გ-ა და გ. გ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ც. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით ც. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ დაეთანხმა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მ. ა-ე-გ-ა წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს და მის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის აღრიცხვა საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იყო კანონიერი. სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ 13.11.1997წ. #22.25.1236 დადგენილებით მხოლოდ მ. ა-ე-გ-ას სახელზე იქნა გადაცემული მიწის ნაკვეთი. კასატორმა აღნიშნა, რომ დადგენილების გამოცემის საფუძველი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი გახლდათ ის, რომ კ. გ-ას სახლ-მუზეუმისთვის გამოყოფილი ტერიტორიაა. სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია ის სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება, წარმოადგენდა თუ არა მ. ა-ე-გ-ა სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს.
კასატორის მითითებით, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში დაცულია მონაცემები სადავო უძრავ ნივთზე, რითიც დასტურდება, რომ მ. ა-ე-გ-აზე ადმინისტრაციული აქტით გადაცემული ქონება რეგისტრირებულია საკუთრების უფლებით ზ. გ-ს სახელზე, სულ 4171 კვ.მ. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს. ამასთან, კასატორის მითითებით, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ც. გ-ას არ მიუმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, არ უნდა გამოყენებულიყო ც. გ-ას საწინააღმდეგოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც. გ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
„საჯარო რეესტრის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 13 ნოემბრის #22.25.1236 დადგენილება იქცა იმ ძირითად უფლებადამდგენ დოკუმენტად, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა მ. ა-ე-გ-ას მოთხოვნა მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მიწის ნაკვეთი (მდებარე ქ. თბილისი, ... #19-21, ზონა - თბილისი 01, სექტორი - ... 15, კვარტალი - 02, ნაკვეთი - 054/131, დაზუსტებული ფართობი - 1845 კვ.მ, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი - #1 და #2) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მ. ა-ე-გ-ას სახელზე.
ძირითად უფლებადამდგენ დოკუმენტთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 13 ნოემბრის #22.25.1236 დადგენილების შინაარსობრივი მხარის ანალიზი არ იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და შეიცავს ცალსახა მითითებას მიწის ნაკვეთის მ. ა-ე-გ-ასთვის გადაცემის თაობაზე, რაც შეეხება დადგენილებაში არსებულ ჩანაწერს: „... ქ. #19-ში და #21-ში დაკავებული მიწის ნაკვეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაუმაგრდეს კ. გ-ას სახლ-მუზეუმისათვის“ - მიუთითებს მიწის გადაცემის მიზნობრიობაზე, რისი მტკიცების დამატებით საფუძველს ქმნის ამავე დადგენილების 3.1 პუნქტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, პროექტის შეთანხმების, ობიექტის რეგისტრაციაში გატარებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტაციის სათანადო ორგანოში წარდგენის ვალდებულება ეკისრება მ. ა-ე-გ-ას, ხოლო არქიტექტურისა და ქალაქის პერპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტს ევალება მოქალაქე მ. ა-ე-გ-ას მიერ 1:500 მასშტაბში ტოპოგრაფიული გადაღების წარდგენის შემდეგ მისივე დაკვეთით დამაგრებული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დადგენასთან და სამშენებლო პასპორტის შედგენასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.
ამასთან, დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ც. გ-ას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსათვის არ მიუმართავს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისი, ... ქუჩა #19, 2187 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი არ ყოფილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 13 ნოემბრის #22.25.1236 დადგენილება და საქმეზე დართული მტკიცებულებები ქმნიდა უძრავი ნივთის მ. ა-ე-გ-ას სახელზე რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად და არ არსებობს რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ც. გ-ას საკასაციო საჩივარზე მ. ე-ს 21.12.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ც. გ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. ც. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ე-ის მიერ 21.12.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი