#ბს-1124-1118(კ-17) 15 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 13 იანვარს გ. წ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ „გ. წ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის #471/კ ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გ. წ-ის თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით გ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. წ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის #471/კ ბრძანება „გ. წ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გ. წ-ის თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა გ. წ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 3 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და დანამატის ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით გ. წ-ის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის #3ბ/1556-17 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, კერძოდ: დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გ. წ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 3 იანვრიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და დანამატის ყოველთვიური ოდენობით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული გ. წ-ის სასარგებლოდ მხოლოდ 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში; გ. წ-ის შუამდგომლობა 3 თვის დანამატის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ახლადშექმნილი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებში აისახა არსებითად განსხვავებული, სამინისტროს ფუნქციებისთვის უაღსრესად მნიშვნელოვანი, დამატებითი და საკმაოდ მოცულობითი ამოცანები. შესაბამისად, დეპარტამენტების ფუნქციათა არაიდენტურობა იწვევს დეპარტამენტის ხელმძღვანელების თანამდებობის არაიდენტურობასაც.
კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.07.15წ. #ბს-449-442(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აუცილებელად მიიჩნია კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით შემდეგი გარემოებების შეფასება: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურეობრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული აღნიშნული კრიტერიუმები.
შრომით გასამრჯელოსთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უარყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები. კასატორის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს საჯარო მოსამსახურისათვის შრომით გასამრჯელოს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატს. ამასთან, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, მისცეს დანამატი. კასატორის განმარტებით, მოხელეზე დანამატის გაცემა დამოკიდებულია სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის ნებაზე, ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, რაც თავისთავად არ გულისხმობს მის არსებობას სტაბილურად და რეგულარულად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.04.11წ. #ბს-1374-1338(კ-10) გადაწყვეტილებაზე. კასატორი ასევე არ ეთანხმება შრომითი ანაზღაურების (ხელფასის) ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. წ-ე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 30.12.2016წ. #471/კ ბრძანებით განთავისუფლებულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ... თანამდებობიდან სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციისა და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირების გამო.
ამასთან, ცნობილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ნაცვლად შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, სახელწოდებით - „რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი“.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97.1 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
საქართველოს მთავრობის 30.01.09წ. #10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 27.12.2016წ. #594 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-11 მუხლის ურთიერთშედარებისას ნათელია, რომ გაუქმებული „თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტისა“ და ახლად შექმნილი „რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის“ ამოცანების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ერთმანეთის იდენტურია. ხოლო, მათ შორის რამდენიმე განსხვავება ძირითადად ტექნიკურ, გრამატიკულ და ზედაპირულ ხასიათს ატარებს.
ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 05.02.2015წ. #7/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დეპარტამენტების ... უფლებამოსილებებისა და ამოცანების შესაბამისი ნორმების საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 30.12.2016წ. #48/ნ ბრძანების შესაბამის ნორმებთან ურთიერთშედარებისას ნათელია, რომ გაუქმებული „თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის“ ... და ახლად შექმნილი „რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის“ ... ამოცანები მთლიანად ერთმანეთის იდენტურია და მათ შორის განსხვავება არ არსებობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მსგავსად თავად „ძველი“ და „ახალი“ დეპარტამენტებისა, ახლად შექმნილი დეპარტამენტის ... და ძველი, გაუქმებული დეპარტამენტის ... თანამდებობები, იდენტურია ფუნქციური თვალსაზრისით.
საქმეში არსებული მასალების, ასევე ზემოაღნიშნული დებულებების შედარებისა და შესწავლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის დეპარტამენტის დასახელების ცვლილებას; ხოლო თავად დეპარტამენტის ფუნქციების მიზნებისა და დანიშნულების ცვლილების ისეთ თვისობრივი და არსებითი ხასიათის ცვლილებას, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელს სხვა პროფესიულ და კომპეტენციურ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს წაუყენებდა, ადგილი არ ჰქონია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გატარებული რეორგანიზაციისა, ადმინისტრაციულ ორგანოში რეალურად შენარჩუნებული იქნა იმავე ფუნქციის, მიზნისა და დატვირთვის დეპარტამენტი.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის სახით დანამატის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს წინასწარ დადგენილი დანამატი, რომელიც გ. წ-ეს მიეცემოდა არა როგორც წახალისების ზომა, არამედ, როგორც ხელფასის ყოველთვიური სავალდებულო დანამატი, რომელიც დამოკიდებული არ არის პირის შრომით შედეგებზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი