საქმე #330310016001463170
#ბს-1151-1145(კ-17) 15 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 29 აგვისტოს ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2015 წლის 28 დეკემბრის #47/87917 გადაწყვეტილების, „ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 11 ივლისის #1-1205 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის საპრივატიზებო ფართის (მდებარე - ქ.თბილისი, ..., ბარაკი #..., სართული 2, ბინა #11) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. დ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 11 ივლისის #1-1205 ბრძანება „ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2015 წლის 28 დეკემბრის #47/87917 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უარის თქმის შესახებ; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ნ. მ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და 2. ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი(არასაცხოვრებელი) ფართის ფლობის და სარგებლობის ფაქტი.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის პირველი მაისის რაიონის 1982 წლის 28 ოქტომბრის #2/858 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. მ-ი შესახლებულ იქნა ... დასახლების #... კორპუსში ორ ოთახიან 32 კვ.მ ფართობის ბინაში, რომლის ძირითადი დამქირავებელია მოპასუხე ს. ხ-ე. ნ. მ-ს აღნიშნული ბინიდან გამოეყო ერთი ოთახი თავის შვილთან - გ. ხ-ესთან ერთად, ორ სულზე. ასევე დადგენილია, რომ შპს „...“ 2010 წლის 28 ივლისის #1 ცნობის თანახმად, ნ. მ-ი 1966 წლიდან 1984 წლამდე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ... ბინაში. ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ შვილები: ხ-ე დ. და ხ-ე გ., მეუღლე ხ-ე ს.
2011 წლის 3 მაისის ახსნა-განმარტებით გ. ქ-მა, ო. გ-ემ, თ. წ-მა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ნ. მ-ი ცხოვრობდა ... დასახლებაში, ორსართულიან ბინაში კორპუსი #..., სართული II.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის #2/6154-14 დადგენილებით, ნ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ნ. მ-ისადმი (დაბადებული 1937 წლის 14 სექტემბერს, სააქტო ჩანაწერი #63, პ/ნ ...) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ - თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო სასამართლოს 1982 წლის 28 ოქტომბრის #2/858 გადაწყვეტილების კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი „ნ.“ არ ემთხვევა მის (დაბადების მოწმობაში ნკ #...) მითითებულ სახელს „ნ“.
ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 25 დეკემბერს ნ. მ-მა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობას და ითხოვა ქ.თბილისში, ... ბინის (კორპუსი#...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო სასამართლოს 1982 წლის 28 ოქტომბრის #2/858 გადაწყვეტილება, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2015 წლის 17 მარტის #12/15068725-47 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოქალაქე ნ. მ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ არ დასტურდებოდა მის მიერ საპრივატიზაციოდ წარდგენილი ფართით სარგებლობის ფაქტი, რის გამოც იგი არ მიიჩნიეს კანონიერ მოსარგებლედ.
დადგენილია, რომ 2015 წლის 1 აპრილს ნ. მ-მა #12/15091988-17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2015 წლის 17 მარტის #12/15068725-47 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის ქ.თბილისში, ... დასახლება, ბარაკი ..., II სართულზე მდებარე ფართის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის გამოცემის დავალება. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის #484 ბრძანებით კი დაკმაყოფილდა მოქალაქე ნ. მ-ის 2015 წლის 1 აპრილის #12/15091988-17 ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2015 წლის 17 მარტის #12/15068725-47 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ სადავო - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2015 წლის 28 დეკემბრის #47/87917 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ ირკვევა, რომ აღნიშნული გამოცემულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის #484 ბრძანების აღსრულების მიზნით, მაშინ, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის #484 ბრძანებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
საკითხის ხელახალი განხილვისას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის გამოკვლეული და შესწავლილი ის გარემოებები რაც მითითებულ იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის #484 ბრძანებაში - სრულყოფილად არ მომხდარა პრივატიზებამოთხოვნილი ფართის მისამართის იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესაბამისად არ ყოფილა გამოკვლეული უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობა.
ყოველივე აღნიშნული ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი