Facebook Twitter

საქმე #330310016001369398

#ბს-1166-1160(2კ-17) 15 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 23 მაისს ხ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის #51067 ბრძანებისა და 2014 წლის 10 დეკემბრის #059-23 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 იანვრის #1629 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების (საჩივარი #9686/2/15) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ხ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის #51067 ბრძანება და 2014 წლის 10 დეკემბრის #059-23 საგადასახადო მოთხოვნა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 27 იანვრის #1629 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება (საჩივარი #9686/2/15) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, 2006 წლის 31 მაისს ხ. ი-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან 959,7 ლარად აუქციონის წესით შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომლის რეალიზაციაც განახორციელა შპს „...“ 2008 წლის 14 მაისს 1 634 890,08 ლარად. აუქციონის ოქმი შედგენილია 2006 წლის 31 მაისს, რომლის საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეესტრში 2006 წლის 31 მაისს დარეგისტრირდა. ნასყიდობის ხელშეკრულება ფიზიკურ პირსა და შპს „...“ შორის გაფორმდა 2008 წლის 14 მაისს, რომლის საფუძველზეც, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2008 წლის 2 ივლისს. ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფიზიკური პირის საკუთრებაში იმყოფებოდა 2 წელზე ნაკლები ვადით (2006 წლის 31 მაისიდან 2008 წლის 14 მაისამდე), მას არ ეკუთვნოდა შეღავათი სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის „ვ“ პუნქტის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ფიზიკურ პირს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულება, 2-წლიანი ვადა გაანგარიშებულ იქნა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტის შედგენის თარიღებს შორის - გაცემული ოქმი და ნასყიდობის ხელშეკრულება. შედეგად, ხ. ი-ს წარმოეშვა დამატებით საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

მხარეთა შორის სადავოა აღნიშნული 2-წლიანი ვადის გამოთვლის წესი. მოსარჩელე - ხ. ი-ი არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვას იმ საფუძვლით, რომ მიწის გადაცემა მოხდა ხელშეკრულების ძალაში შესვლით, რაც უკავშირდებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას. რეგისტრაციამდე არ მომხდარა ნასყიდობის ფასის გადახდაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების შეძენიდან გასხვისებამდე - საკუთრების უფლების გადაცემამდე, გასული იყო 2-წლიანი ვადა.

სადავო პერიოდში (2009 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით ან/და საწარმოს ლიკვიდაციის ან საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ (იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, გარდა მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადა უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იანგარიშება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უძრავი ქონება მიღებულია ფიზიკური პირის მიერ საწარმოდან წილის სანაცვლოდ ამ საწარმოს ლიკვიდაციისას ან საწესდებო კაპიტალის შემცირებისას. ამ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე საკუთრების 2-წლიანი ვადა იანგარიშება ფიზიკური პირის მიერ ამ საწარმოში შესაბამისი წილის შეძენის დღიდან. წილის სხვადასხვა დროს შეძენის შემთხვევაში 2-წლიანი ვადა იანგარიშება შესაბამისი წილის შეძენის თარიღიდან), ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა ქონების რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში) წარმოშობისას, როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული ქონების რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის.

2008 წლის 26 დეკემბრის #871 ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონით საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდა „ვ.ა“, „ვ.ბ“ და „ვ.გ“ ქვეპუნატქებად და „ვ.ა“ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: ფიზიკური პირის მიერ: 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. აღნიშნული 2-წლიანი ვადა აითვლება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ მიღებისა (სახელმწიფო პრივატიზებისას, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში), როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ 2009 წლიდან მოქმედი რეგულაციით ცალსახად და მკაფიოდ განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი 2-წლიანი ვადის ათვლის დასაწყისს წარმოადგენს.

ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ქონების საკუთრებაში არსებობის პერიოდის განსაზღვრის მიზნით ადგენს მხოლოდ ვადის ათვლის თარიღს და საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს სპეციალურ წესს 2-წლიანი პერიოდის დასასრულის გამოთვლის კუთხით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2.6 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1 და 183-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ 2-წლიანი პერიოდის დასასრულის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი და ასეთად მიჩნეულ იქნეს საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის მომენტი, ვინაიდან საკუთრების უფლების დარეგისტრირებამდე, მესაკუთრედ სწორედ ძველი მესაკუთრე ითვლება და საკუთრების უფლება ვერ ჩაითვლება გადასულად ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო მიზნებისათვის, მოცემულ შემთხვევაში ქონების საკუთრებაში არსებობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს აუქციონის ოქმის შედგენის თარიღიდან - 2006 წლის 31 მაისიდან და დასრულდეს მოცემულ ქონებაზე საჯარო რეესტრში ახალი მესაკუთრის რეგისტრაციის თარიღით - 2008 წლის 2 ივლისით. შესაბამისად, ხ. ი-ი რეალიზებულ ქონებას საკუთრებაში ფლობდა 2 წელზე მეტი ვადით, რაც ქონების რეალიზაციის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებული იყო საშემოსავლო გადასახადისაგან, რის გამოც ხ. ი-ის მიერ განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია არ წარმოშობდა საგადასახადო ვალდებულებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი