Facebook Twitter

#ბს-1179-1173(კ-17) 15 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 23 მაისს შპს „ ...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ პაციენტების: მ.ც-ის (პ/ნ ...), ჟ. ბ-ას (პ/ნ ...), გ.ბ-ის (პ/ნ ...), რ.ბ-ის (პ/ნ ...), ა.ბ-ის (პ/ნ ...), ლ.გ-ის (პ/ნ ...), ნ.ჯ-ის (პ/ნ ...), ვ. ჭ-ის (პ/ნ ...), ჟ.ბ-ის (პ/ნ ...), ა.მ-ის (პ/ნ ...), ლ.შ-ის (პ/ნ ...) და ნ.თ-ის (პ/ნ ...) სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 21 იანვრის M04/4137 გადაწყვეტილების, შპს „ ...“ 2016 წლის 23 თებერვლის #436/1 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის #04/38378 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის პაციენტების: მ.ც-ის (პ/ნ ...), ჟ.ბ-ას (პ/ნ ...), გ.ბ-ის (პ/ნ ...), რ.ბ-ის (პ/ნ ...), ა.ბ-ის (პ/ნ ...), ლ.გ-ის (პ/ნ ...), ნ.ჯ-ის (პ/ნ ...), ვ.ჭ-ის (პ/ნ ...), ჟ.ბ-ის (პ/ნ ...), ა. მ-ის (პ/ნ ...), ლ.შ-ის (პ/ნ ...) და ნ.თ-ისთვის (პ/ნ ...) გაწეული მომსახურების ღირებულების კორექტირებული ნაწილის - 42 863.30 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ ...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ ...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ ...“ სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ ...“ სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 21 იანვრის M04/4137 გადაწყვეტილება პაციენტების: მ.ც-ის (პირადი ნომერი: ...), ჟ. ბ-ას (პირადი ნომერი: ...), გ.ბ-ის (პირადი ნომერი: ...), რ.ბ-ის (პირადი ნომერი: ...), ა.ბ-ის (პირადი ნომერი: ...), ლ.გ-ის (პირადი ნომერი: ...), ნ.ჯ-ის (პირადი ნომერი: ...), ვ. ჭ-ის (პირადი ნომერი: ...), ჟ.ბ-ის (პირადი ნომერი: ...), ა.მ-ის (პირადი ნომერი: ...), ლ.შ-ის (პირადი ნომერი: ...) და ნ.თ-ის (პირადი ნომერი: ...) სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის #04/38378 გადაწყვეტილება „ ...“ 2016 წლის 23 თებერვლის #436/1 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „ ...“ სასარგებლოდ დაეკისრა პაციენტების: მ. ც-ის (პირადი ნომერი: ...), ჟ.ბ-ას (პირადი ნომერი: ...), გ. ბ-ის (პირადი ნომერი: ...), რ.ბ-ის (პირადი ნომერი: ...), ა. ბ-ის (პირადი ნომერი: ...), ლ.გ-ის (პირადი ნომერი: ...), ნ. ჯ-ის (პირადი ნომერი: ...), ვ. ჭ-ის (პირადი ნომერი: ...), ჟ.ბ-ის (პირადი ნომერი: ...), ა. მ-ის (პირადი ნომერი: ...), ლ. შ-ის (პირადი ნომერი: ...) და ნ. თ-ისთვის (პირადი ნომერი: ...) გაწეული მომსახურების ღირებულების კორექტირებული ნაწილის - 42 863. 30 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ყველა გასაჩივრებული შემთხვევა წარმოადგენს, ამ შემთხვევების დროს მოქმედი რედაქციით, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის პირობების მიხედვით, „სადავოდ“ კლასიფიცირებულ შემთხვევებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტს მიეწოდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი შემთხვევების შედეგები რევიზიის აქტის სახით და ანაზღაურება განხორციელდა, ამავე სააგენტოს მიერ მიწოდებული შემოწმების შედეგების საფუძველზე.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილია სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტი, თითოეულ შემთხვევაზე, ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მიზეზების მითითებით. სწორედ აღნიშნული დაწესებულების უფლებამოსილებას წარმოადგენს სამედიცინო შემთხვევების რევიზია/კონტროლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დასახელებული 12 პაციენტი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირს.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 21 იანვრის #04/4137 წერილზე მითითებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ამ დოკუმენტში პატიენტთა უმრავლესობის მიმართ არ არის მითითებული, რატომ არ ექვემდებარება თითოეული მათგანის კონკრეტული მომსახურება ანაზღაურებას, ასევე არ არის მითითებული ანაზღაურებაზე უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლების განმსაზღვრელი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი #1) მე-15 მუხლის შინაარსი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ საერთოდ არ დასტურდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, ან კიდევ პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ შეესაბამება მიმწოდებელის მიერ მითითებული სამედიცინო მომსახურების ღირებულებას, ე.ი. თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

საქმეზე დადგენილია, რომ თითოეული ამ 12 პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მითითებულია ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ზუსტი და კონკრეტული დროის მონაკვეთები და მონაცემები. ასევე დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე დასახელებულმა 12-მა პაციენტმა სადავო თანხის ფარგლებში მართლაც მიიღო შპს „ ...“ მეშვეობით უფასო სამედიცინო მომსახურება.

ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ცნობილია, რომ მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებამ 2014-2015 წლებში მითითებული 12 პაციენტის მიმართ უკვე შეასრულა სადავო 42 863.30 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება, რაც დადასტურებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურის დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლის მიერაც და მოპასუხის მხრიდან ამ თანხის აუნაზღაურებლობა, ფორმალური უზუსტობების გამო, არასწორი და დაუსაბუთებელია, მნიშვნელოვნად ხელყოფს სამედიცინო დაწესებულების, როგორც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის ქონებრივ ინტერესებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა 42 863.30 ლარის ანაზღაურების თაობაზე ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი