Facebook Twitter

საქმე #180310016001224230

#ბს-1193-1187(კ-17) 29 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 22 იანვარს დ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ მისი გათავისუფლების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 დეკემბრის #კ-549 ბრძანების ბათილად ცნობა, „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს #4 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის #33 განკარგულების ბათილად ცნობა და მის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხაში, კერძოდ, ... ადმინისტრაციულ ერთეულში 1 წამყვანი სპეციალისტის საშტატო ერთეულის ნაცვლად 1 მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულის მითითებით ცვლილების შეტანის დავალება, მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დ. ი-ის განუსაზღვრელი ვადით მცხეთის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ სპეციალისტად დანიშვნის თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მიუღებელი ხელფასის სახით 2015 წლის 14 დეკემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 448 ლარის გადახდის დავალება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 აპრილის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. ი-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ტ-ი; ვ. ი-ი გათავისუფლდა მოცემულ საქმეზე მესამე პირის სტატუსისაგან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით დ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით დ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ი-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ პუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98.1 მუხლის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო: ა) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. ი-ი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 სექტემბრის #3-425 ბრძანებით 3 თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარ სპეციალისტად.

ასევე დადგენილია, რომ დ. ი-ი სამსახურიდან გათავისუფლდა სწორედ სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2015 წლის 14 დეკემბრიდან. მის სამსახურიდან გათავისუფლებას კი საფუძვლად დაედო მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ... ადმინისტრაციულ ერთეულში ზ. რ-ის მოხსენებითი ბარათი, რომლიდანაც ირკვევა, რომ დ. ი-ი სრულფასოვნად ვერ ასრულდებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამასთან, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ზ. რ-ი, რომელმაც სხდომაზე განმარტა, რომ დ. ი-ი ჯეროვნად არ ასრულებლად მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს, რაც გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ზ. რ-მა დააკონკრეტა ის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც დ. ი-მა არ შეასრულა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ. ი-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა მოსარჩელისათვის სამსახურში უვადოდ დანიშვნაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება დ. ი-თან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთებულობა, ხოლო მოსარჩელემ წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობაში ვერ გააბათილა გადაწყვეტილების დასაბუთება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი