Facebook Twitter

საქმე #330310015001046588

#ბს-1201-1195(2კ-17) 29 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 24 ივლისს გ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილში ქ.თბილისის მთავრობის 15.08.2013წ. #22.42.978 დადგენილებისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.01.2014წ. #E-1-10757 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის საიჯარო ქირის სახით გადახდილი 500 ლარის უკან დაბრუნების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის სხდომაზე მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად მოპასუხედ მიეთითა ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მთავრობის 15.08.13წ. #22.42.978 დადგენილება .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.01.14წ. #E-1-107 57 გადაწყვეტილება; სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაეკისრა გ. რ-ის სასარგებლოდ ბეს სახით გადახდილი თანხის 500 ლარის დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

კასატორმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიუთითა ქ.თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის მე-2 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქ.თბილისში, გლდანის ... მ/რ, კორპუსი ...-ს მიმდებარედ 6 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გადაცემა განხორციელდა ელექტრონული აუქციონის ფორმით ინტერნეტსაიტის მეშვეობით, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა გ. რ-ი. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს განაცხადის გაკეთებამდე საშუალება ჰქონდა ინტერნეტსაიტზე განთავსებული რუკის საშუალებით გადაემოწმებინა მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა. შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითება, რომ შეზღუდვის თაობაზე გამოცხადებული აუქციონის პირობებში არ იყო აღნიშნული.

კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების გაუქმება არ მომხდარა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ბრალეული ქმედებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, გლდანის ... მ/რ, #... კორპუსის მიმდებარედ #... საკადასტრო კოდის მქონე 6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე იჯარით გადაცემის მიზანი იყო მითითებულ ადგილას მოსარგებლის მიერ ჯიხურის განთავსება. ასევე, დადგენილია, რომ ჯიხურის განთავსებისათვის განსაზღვრული ადგილი გამოდის ტროტუარზე, იკავებს ტროტუარის მთელ ნაწილს და ფერხდება საფეხმავლო მოძრაობა. ამასთან, შეზღუდვის თაობაზე გამოცხადებული აუქციონის პირობებში არ იყო აღნიშნული.

მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლად მიუთითებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც მას აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაეცა, ტროტუარის ტერიტორიაა და მას არ აქვს შესაძლებლობა მითითებულ ადგილას განათავსოს ჯიხური.

მართალია სადავო პერიოდში მოქმედი ქ. თბილისის საკრებულოს 27.08.2010წ. #9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაცხადი არის აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს, სადაც აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლობმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში იჯარის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებზე მითითებით მართებულად დაასკვნეს, რომ თუ იჯარით გადასაცემი ქონება არ იყო ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, ელექტრონული აუქციონის განახცადში ამის თაობაზე უნდა ყოფილიყო მითითებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ქ.თბილისის მთავრობა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის აუქციონის ფორმით გაცემის შესახებ და სსიპ ქონების მართვის სააგენტო, როგორც გამქირავებელი, მოვალე იყო გადაეცა დამქირავებლისათვის გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეენარჩუნებინა ნივთის ეს მდგომარეობა, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული. აღნიშნული წესის დაუცველობა კი ქვედა ინსტანციის სასამართალოებმა მართებულად მიიჩნიეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 06.12.2017წ. №04258 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.12.2017წ. №04258 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი