საქმე #330310016001343533
#ბს-1203-1197(კ-17) 29 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 27 აპრილს ვ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 31 მარტის #05-01/06/9711 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ვ. ხ-ას მოთხოვნის - მისი ოჯახის საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ საცხოვრებელი ბინის ქირის თანხის 1250 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის #05–01/06/9711 გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ვ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 31 მარტის #05-01/06/9711 გადაწყვეტილება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვ. ხ-ას ოჯახის საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ვ. ხ-ას სასარგებლოდ ბინის ქირის თანხის 1250 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რომელიც არეგულირებს იძულებით გადაადგილებული პირისათვის დროებითი განსახლების წესს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების და სასამართლო სხდომაზე განმარტებული გარემოებების შეფასება. უფრო მეტიც, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მსჯელობა აღნიშნულის თაობაზე.
კასატორი არ დაეთანხმა პალატის განმარტებას, რომ 2014 წლის 28 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ მოსარჩელეს ყოველთვიურად გადაუხდიდა ბინის ქირის თანხას მისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე. კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებული პირველი პუნქტი არასწორად იქნა განმარტებული. კერძოდ პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ სამინისტრო უზრუნველყოფდა თანხით 3 თვის ვადით ბინის დაქირავების მიზნით, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ „დევნილთა საკითების შემსწავლელი კომისია“ მიიღებდა გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე, ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფის ვადის გაგრძელებაზე. სადავო პერიოდში (და დღესაც) უკვე მოქმედებდა მინისტრის #320 ბრძანება, სადაც გაწერილია რამდენი თვით, რა თანხის ოდენობის ფარგლებში არის უფლებამისილი კომისია დააკმაყოფილოს განაცხადები ქირის მოთხოვნის თაობაზე (მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი).
სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2016 წლიდან დევნილთა საკითხების შემსწაველი კომისიის #12 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეს შეუწყდა ქირის დარიცხვა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი კი გახდა შემდეგი: ვ. ხ-ას საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით განაცხადი შევსებული ჰქონდა ქ. თბილისზე. კრიტერიუმების შეფასების შედეგად მის განაცხადს მიენიჭა 11.5 ქულა. მიუხედავად მითითებულ ქულათა რაოდენობისა, სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით ქ. თბილისში, რადგან რეგიონიდან თბილისში მისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია განხორციელდა 2013 წლის 1 ივნისის შემდგომ. აღნიშნული კი გამორიცხავს ქ. თბილისის ტერიტორიაზე სამინისტროს მიერ აშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობაში მის განსახლებას, თანახმად საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის #127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.5 პუნქტისა - „ქ.თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში“.
კასატორმა მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის #320 ბრძანების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილ ოჯახს შეუწყდება ქირის თანხის გაცემა, თუ იგი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტების ფარგლებში. კასატორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ უარი განაცხადა სამინისტროს მიერ ქ. თბილისის გარეთ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართზე, აღარ იკვეთება არც ქირით და არც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულ იქნება დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, დევნილ ოჯახს შეუწყდება ქირის თანხის გაცემა, თუ იგი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ვ. ხ-ას ოჯახს შორის 2014 წლის 28 აგვისტოს გაფორმდა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმად, სამინისტრო კისრულობდა ვალდებულებას თვითნებურად დაკავებული ფართის დატოვების სანაცვლოდ გაეგრძელებინა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა ვ. ხ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებამდე. აღნიშნული წერილობითი შეთანხმების შემდგომ, ვ. ხ-ას სამინისტრომ ქ.თბილისში გადაუხადა 3 თვის ბინის ქირა 259 ლარის ოდენობით. შემდგომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2-ჯერ გაუგრძელა ქირის თანხის ჩარიცხვა - 2015 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით. ამის შემდგომ, 2015 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით მას შეუწყდა ბინის ქირის გადახდა, ვინაიდან მონიტორინგის ჯგუფის დასკვნით იგი საცხოვრებელ ბინას ქირაობდა დასთან ერთად, რომელსაც ცალკე ერიცხებოდა ამისათვის თანხა. 2015 წლის 1 სექტემბერს ვ. ხ-ამ მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ქირის თანხის ჩარიცხვა და ამასთანავე მიუთითა, რომ მისი ოჯახი დისაგან ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. სამინისტროს მიერ მას ისევ ჩაერიცხა თბილისში ბინის ქირა 3 თვის ოდენობით, 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით. ამის შემდგომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უარი განუცხადა ვ. ხ-ას ოჯახს ბინის ქირის ჩარიცხვაზე იმ საფუძვლით, რომ იგი თბილისში რეგისტრირებული იყო 2013 წლის 1 ივნისის შემდგომ, რაც გამორიცხავდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე სამინისტროს მიერ აშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობაში მის განსახლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 28 აგვისტოს ვ. ხ-ას ოჯახთან გაფორმებული შეთანხმების დადებიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით (2015 წლის აგვისტო-სექტემბერში მას დასთან ერთად ბინის ქირაობის საფუძვლით შეუწყვიტა სამინისტრომ ქირის გადახდა) ხდებოდა ქ. თბილისში ნაქირავები ბინის ქირის თანხის დარიცხვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ცნობილი იყო რომ მოსარჩელე თბილისში 2013 წლის 1 ივნისის შემდგომ იყო რეგისტრირებული და აღნიშნული საფუძვლით სამინისტროს 2016 წლის იანვრამდე უარი არ უთქვამს მისთვის ქ. თბილისში ბინის ქირის თანხის ანაზღაურებაზე. ამასთან, 2014 წლის 28 აგვისტოს გაფორმებული წერილობითი შეთანხმების პირობის მიხედვით, სამინისტრო კისრულობდა ვალდებულებას თვითნებურად დაკავებული ფართის დატოვების სანაცვლოდ გაეგრძელებინა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა ვ. ხ-ას ოჯახისთვის, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ისე შეუწყვიტა დევნილ ვ. ხ-ას ბინის ქირის გადახდა, რომ მისი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული არ ყოფილა, რითაც დაარღვია 2014 წლის 28 აგვისტოს გაფორმებული წერილობითი შეთანხმების პირობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება სამინისტროს მიერ დევნილ ვ. ხ-ასა და მისი ოჯახისათვის ბინის ქირის გადახდის შეწყვეტამდე საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისა და ამ უკანასკნელის მიერ უარის თქმის შესახებ.
ასევე აღსანიშნავია ვ. ხ-ასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის 2014 წლის 28 აგვისტოს გაფორმებული წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, დევნილთა ოჯახმა აიღო ვალდებულება ქ. თბილისში, ... #17-ში დაკავებული ფართის დატოვებაზე, არ შეიცავს დათქმას ქ. თბილისის ტერიტორიაზე ვ. ხ-ას ოჯახისათვის ბინის ქირის გადახდის ან სამინისტროს მიერ აშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობაში განსახლებაზე უარის თქმის შესახებ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო, ქ. თბილისში, ... ქ. #81-ის გამქირავებლის მიერ სანოტარო წესით გაკეთებული განცხადების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ასევე მართებულად დაკმაყოფილდა ვ. ხ-ას მოთხოვნა მოპასუხისათვის 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის გაუცემელი საცხოვრებელი ბინის ქირის - 500 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი