საქმე #ბ-35-2(ა-18) 12 აპრილი, 2018წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.04.2005წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ქ-ემ, ა. წ-მა, გ. გ-მა, ო. გ-ემ, ლ. ა-ემ, ვ. ჯ-მა 25.10.01წ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების: საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია ,,...", სს ,,...", სს ,,...", სს ,,...", ქ. თბილისის მერიის, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოსარჩელეებმა მოითხოვეს: მოპასუხეებისათვის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 3 მილიონი ლარის დაკისრება, საიდანაც მორალური ზიანის საზღაური 500 000 ლარს შეადგენს; გადაწყვეტილების მიღების დღიდან ყოველდღიურად თითო სულის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის 200-200 ლარის გადახდის დაკისრება; სს ,,.." მოსარჩელეთა სახლის საძირკველსა და სარდაფებში წყლის ჩადინების აღკვეთის დავალება, სახლის დანესტიანებისა და დატბორვის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება; სამუშაოთა არაჯეროვნად შესრულებისათვის 500 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება, სამუშაოთა შესასრულებლად გონივრული ვადის დაწესება; სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე თანხის 3%-ის გადახდის დაკისრება. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა რიცხვიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.03.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სს ,,..." დაევალა ქ. თბილისში, ... ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში სს ,,..." მხრიდან მზიდ კედელში შემავალი წყლის დინების აღკვეთა და ამ მზიდი კედლის აღდგენა; მოპასუხეებს თბილისის მერიას, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სს ,,..." სოლიდარულად დაეკისრათ ა. წ-ის და თ. ქ-ის სასარგებლოდ ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ თითოეულისათვის 5000 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.03.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ქ-ემ, ი. ჯ-მა, ლ. ა-ემ, ო. გ-ემ, ა. წ-მა, ქ.თბილისის მერიამ და სს „...“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.04.2005წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის და სს ,,...“ საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ა. წ-ის, თ. ქ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. ჯ-ის, ლ. ა-ის. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.03.04წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ა. წ-ის და თ. ქ-ის სასარგებლოდ ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ თითოეულისათვის 5000 ლარის გადახდა და ყოველთვიურ ანაზღაურებაზე უარი შეიცვალა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ამ ნაწილში ა. წ-ის და თ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის მერიას, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და სს ,,..." სოლიდარულად დაეკისრათ ა. წ-ის და თ. ქ-ის სასარგებლოდ ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თითოეულისათვის 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა; სს ,,..." ყოველთვიურად კომპენსაციის სახით დაეკისრა ა. წ-ის სასარგებლოდ 50 ლარის, ხოლო თ. ქ-ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა გადაწყვეტილების მიღებიდან; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დატოვებულ იქნა უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს 10.01.2018წ. განცხადებით მომართა თ. ქ-ემ, რომელმაც საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა ლ. ა-ისა და ო. გ-ის საჩივარი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და მათ სასარგებლოდ დააკისრა მოპასუხეს 4500 ევროს გადახდა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ მომჩივანთა მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მერვე მუხლი, რაც იმაში გამოიხატა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მომჩივანები მათი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მდებარე თბოელექტროსადგურის მუშაობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურებისგან. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის გამო მომჩივანებმა განიცადეს სტრესი და იმედგაცრუება. განმცხადებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი მომჩივანებთან შედარებით, უფრო ახლოს ცხოვრობს თეცთან, ამიტომ მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ოდენობა აღემატება მომჩივანთათვის მიყენებულ ზიანს, ამდენად უნდა აუნაზღაურდეს 7000 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. განმცხადებლის მოსაზრებით, სსსკ-ის 423-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, არსებობს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგინდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.
საკასაციო პალატის 09.02.2018წ. განჩინებით ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ თ. ქ-ის განცხადება ხარვეზის შევსების შედეგად მიღებულ იქნა წარმოებაში.
28.02.2018წ. საქმეზე დართვის მიზნით თ. ქ-ემ საკასაციო პალატაში წარმოადგინა 05.01.2018წ. შეთანხმება იურიდიული მომსახურების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, სსკ 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების და შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსსკ მე-4 მუხ.) გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ არსებობს სსსკ-ის 423.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 13.07.2017წ. გადაწყვეტილებით დადგინდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა და მოპასუხე საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრა მომჩივანთა მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება - თითოეულისთვის 4500 ევროს ოდენობით და გაწეული ხარჯების გადახდა - თითოეულისთვის 3848 ევროს ოდენობით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარდგენილ იქნა ი. ჯ-ის, ო. გ-ისა და ლ. ა-ის მიერ, რაც შეეხება თ. ქ-ესა და ა. წ-ს, მათ ევროპული სასამართლოსათვის თავისი უფლებების დასაცავად არ მიუმართავთ. შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ო. გ-ისა და ლ. ა-ის საკითხზე (ი. ჯ-ი ამორიცხულ იქნა მომჩივანთა რიგიდან, მისი გარდაცვალების და მემკვიდრეების მიერ საქმეში ჩართვაზე უარის თქმის გამო). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანო (კონვენციის მე-19 მუხ.), რომელიც განიხილავს კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ (კონვენციის 34-ე მუხ.), ან სახელმწიფოთაშორის საქმეებს (კონვენციის 33-ე მუხ.), რომლებიც ეხება კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს (კონვენციის 32.1 მუხ.). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც სასამართლო ორგანო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, სასამართლოს განმარტება კაზუალურია და უშაულო მოქმედების ძალა აქვს მხოლოდ დავის მხარეების - მომჩივანისა და მოპასუხის მიმართ. სასამართლო უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კონკრეტული კონტროლი, სასამართლო განხილვის მიზანია კონვენციის ნორმების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტული პირის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. განსახილველ შემთხვევაში, ევროპულ სასამართლოს არ უმსჯელია თ. ქ-ის მოთხოვნებზე, რადგან თ. ქ-ეს არ წარუდგენია საჩივარი მის მიმართ კონვენციის ნორმების დარღვევის შესახებ. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 13.07.2017წ. გადაწყვეტილება (N38342/05) არ წარმოადგენს თ. ქ-ის მიმართ ეროვნულ დონეზე დასრულებული სასამართლო წარმოების განახლების საფუძველს.
ამასთანავე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, თ. ქ-ეს უნდა დაუბრუნდეს განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.04.2005წ. Nბს-586-507-კ-04 გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, რაც სსკ-ის 430.2 მუხლის თანახმად, თ. ქ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 342 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.04.2005წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. თ. ქ-ეს (პ.ნ....) დაუბრუნდეს განცხადებაზე 01.02.2018წ. N4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი