330310016001559792
საქმე #ბ-285-3(ა-18) 12 აპრილი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი,
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2018წ. Nბს-39-39(3კ-18) განჩინების გაუქმებისა და სამინისტროს საკასაციო საჩივარზე წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.2017წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „პ...“-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.07.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „პ...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 09.09.2016წ. Nი-457 ბრძანება შპს „პ...“-ის დირექტორის გ. დ-ას 09.08.2016 წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სზაკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 23.06.2016წ. N995/ს ბრძანების პირველი პუნქტი შპს „პ...“-ის კუთვნილი N... ლიცენზიისათვის მოქმედების ვადის 2006 წლის პირველ სექტემბრამდე გაგრძელების შესახებ და ამავე ბრძანების დანართი N1-ის "ზ" პუნქტი, რომლითაც შპს „პ...“-ს დაევალა 2017 წლის პირველ მაისამდე გადაეხადა მის სარგებლობაში არსებული კვოტის - 5,055%-ის შესაბამისი თანხა 1 011 000 (ერთი მილიონ თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ა...“, შპს „ზ...“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2018 წ. განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამინისტროს მიერ გასაჩივრებდა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რადგან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ასლი სამინისტროს კანცელარიას ჩაბარდა 14.12.2017წ., საკასაციო საჩივარი კი ფოსტაში შეტანილ იქნა 09.01.2018წ.წ., რაც დასტურდებოდა საკასაციო საჩივარზე თანდართულ საფოსტო კონვერტზე არსებული შტამპით.
06.03.2018წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მის საკასაციო საჩივარზე წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა გასაჩივრებისათვის დადგენილ 21-დღიან ვადაში - 04.01.2018წ., თუმცა გზავნილის ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდა მოგვიანებით - 09.01.2018წ.. რაც დასტურდება საფოსტო გზავნილების N2 რეესტრითა და შპს „...“ 27.02.2018წ. წერილით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების სამართლებრივ საფუძვლებს, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაზე თანდართულია შპს „...“ 27.02.2018წ. წერილი, რომლის თანახმად, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გზავნილი (რეესტრი N2, გზავნილი რიგით 23-ე, დამისამართებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სახელზე) შპს „...“ ჩაბარდა 04.01.2018წ., თუმცა გზავნილის პროგრამული რეგისტრაცია განხორციელდა 09.01.2018წ. და მიენიჭა კოდი: ....
განცხადებაზე ასევე თანდართულია 04.01.2018წ. N2 რეესტრი (გამგზავნი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო), რომელშიც 23-ე ნომრად მითითებულია N47/01 კორესპონდენცია, ხოლო გზავნილის მიმღებად თბილისის სააპელაციო სასამართლო, საქმეში დაცული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე თანდართული მომართვის ნომრად აგრეთვე მითითებულია N47/01.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადა ეწურებოდა 04.01.2018წ. 24 საათზე. კასატორის მიერ წარმოდგენილი N2 რეესტრითა და შპს „...“ წერილით დასტურდება, რომ კორესპონდენცია ფოსტას ჩაბარდა 04.01.2018წ.. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი 21-დღიანი ვადის დაცვით არის შემოტანილი, ამასთანავე, საკასციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო შპს „...“ მიერ დაშვებული ხარვეზის შედეგად, რადგან კონვერტზე არ მიეთითა გზავნილის (საკასაციო საჩივრის) ფოსტაში შეტანის ზუსტი თარიღი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (განჩინებას) სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, ამდენად, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილელად დატოვების შესახებ საკასაციო პალატის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 92.1 მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში 07.12.2017წ. განხორციელებული ცვლილებით (07.12.2017წ. N1620-რს კანონი, ვებგვერდი, 14.12.2017წ.) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) მართვის მიმართულებით) გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) მართვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში (2.3. მუხ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოპასუხის - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლე არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რადგან დავა არ ეხება სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.02.2018წ. განჩინება და სამინისტროს საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქარელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიჩნეულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ;
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2018წ. №ბს-39-39(3კ-18) განჩინება და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი