საქმე #330310016001510469
#ბს-17-17(კ-18) 19 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 19 სექტემბერს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის შპს „...“ 31.07.15წ. #AR 1331174 განცხადების განხილვის საფუძველზე კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა შპს „...“ 31.07.15წ. #AR 1331174 განცხადების განხილვის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, საკამათოა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 54.7 მუხლი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად გასაცემ მშენებლობის ნებართვებზე.
კასატორმა განმარტა, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ვერ მოხდება #AR1331174 განცხადების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს შესაბამისი თანხმობა, რადგან სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა გაიცემა კულტურის საბჭოს თანხმობით. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს #57 დადგენილების 54.7 მუხლი, რადგან მითითებული ნორმა განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება.
კასატორმა აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არის არა სარეკომენდაციო, არამედ სავალდებულო შინაარსის დოკუმენტი. ამასთან, მიუთითა, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემას კულტურის სამინისტროს თანხმობით. მითითებული ნორმით არ არის დაკონკრეტებული, რომ სამინისტროს თახმობა საჭიროა მხოლოდ ახალი მშენებლობის დროს და კორექტირებულ პროექტზე შენებლობის ნებართვის გაცემისას საბჭოს თანხმობა საჭირო აღარ არის. კასატორის მითითებით, საბჭოს თანხმობა საჭიროა როგორც ახალ მშენებლობაზე, ასევე კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
დადგენილია, რომ შპს „...“ 31.07.15წ. #AR 1331174 განცხადებით მოთხოვნილი იყო კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, რომელიც სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილული არ არის. განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას იმის თაობაზე, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 54.7 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას. ამასთან, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები გათვალიწინებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, განცხადების არსებითი განხილვის გარეშე დაუშვებელია დადგენილების 54.7 მუხლით განსაზღვრული სანებართვო მოწმობის გაცემა.
ასევე დადგენილია, რომ შპს „...“ მიერ თავდაპირველად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები შეთანხმებულია გაერთიანებული-მეთოდური საბჭოს დადებითი დასკვნების გათვალისწინებით. ამდენად, ძირითადი სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობა ძეგლზე დასაშვებ სამშენებლო სამუშაოებთან დადგენილია და არ არის სადავო. უფრო მეტიც, ქ. თბილისის მიერ შპს „...“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის კ2 კოეფიციენტის გაზრდაც შესაძლებლად იქნა მიჩნეული და სადღეისოდ ძალაშია თბილისის მერის 05.10.12წ. #2883 განკარგულება.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა შპს „...“ 31.07.15წ. #AR 1331174 განცხადების განხილვის საფუძველზე უნდა დაადგინოს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი რა სახის ცვლილებას ითვალისწინებს უკვე შეთანხმებულ პროექტთან შედარებით. ხსენებული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ უნდა იხელმძღვანელოს ობიექტის განაშენიანებასთან დაკავშირებით უკვე არსებული დასკვნებით. იმ შემთხვევაში, თუ კორექტირებული პროექტით იცლება მხოლოდ 0.00 ნიშნულს ქვემოთ გათვალისწინებული სამშენებლო ობიექტი განაშენიანების ფართის შეუცვლელად, უსაფუძლოა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული პროექტის შეთანხმება საჭიროებს საბჭოს დადებითი რეკომენდაციის არსებობას. მითითებული პოზიცია არ არის რომელიმე საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტით დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური წარმოადგენს კორექტირებული სამშენებლო პროექტის შეთანხმების თაობაზე წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ ორგანოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.04.15წ. #9-34 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების 1.1 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო წარმოადგენს, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების საფუძველზე. ამავე დებულების 1.2 მუხლის მიხედვით, საბჭოს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 13.02.2018წ. #00250 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.02.2018წ. #00250 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი