ბს-149-149(2კ-18) 26 აპრილი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ 20.07.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ 12.03.2015წ. N04-05/2132, 15.06.2015წ. N04/43167 აქტების ბათილად ცნობის, სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.2016წ. გადაწყვეტილებით ა. ჩ-ისა და მ.ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.06.2015წ. N04/43167 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხარეების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2017წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის მიერ.
კასატორმა სსიპ სოციალური მომხახურების სააგენტომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა ოჯახში უფლებამოსილი პირის ვიზიტის შედეგად დადგინდა ოჯახის მიერ ხანგრძლივი მოხმარების საგნების: სარეცხი მანქანის, გაზის გამათბობლის, გაზის წყლის გამათბობლის, მაცივრისა და გაზქურის ფლობა. საცხოვრებელ ფართში ნივთების დროებით განთავსების შესახებ მოსარჩელეთა მითითება არასარწმუნოა, რადგან ორგანოს მიერ დადგინდა სადავო საგნების ექსპლუატაციაში ყოფნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანო ვალდებული იყო დეკლარაციაში აესახა ინფორმაცია ნივთების შესახებ და მოეხდინა ქულის გადაანგარიშება. კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო აქტების გამოცემისას არ არსებობდა ა. ჩ-ის ოჯახის დეკლარაციაში ცვლილების შეტანის და დეკლარაციიდან ნივთების ამორიცხვის საფუძველი, ხოლო მოგვიანებით - 11.11.2015წ. შევსებულ იქნა ახალი დეკლარაცია, მონაცემები დამუშავდა ახალი მეთოდოლოგიით, რომლის მიხედვით ქულაზე გავლენას არ ახდენს ხანგრძლივი მოხმარების საგნები. აღნიშნულიდან გამომდინარე ა. ჩ-ის ოჯახს აღუდგა სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი და შემწეობა. სადავო აქტების გამოცემისას ორგანომ სრულად გამოიკვლია საქმის გარემოებები, დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარების საჭიროების შესახებ.
კასატორებმა ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ აღნიშნეს, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი, სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რადგან საქმის მასალებით დასტურდება სადავო აქტების უკანონობა და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე უზენაესმა სასამართლომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს საქმე არსებითად, აღუდგინოს მოსარჩელეებს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი და შემწეობა 2014 წლის დეკემბრამდე არსებული ქულით, ასევე უნდა დააკისროს ორგანოს სრული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ, რადგან საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება 2014 წლის დეკემბერში ა. ჩ-ის ოჯახის მიერ ხანგრძლივი მოხმარების საგნების: მაცივრის, სარეცხი მანქანის, გაზქურის, გაზის წყლის გამათბობლისა და გაზის გამათბობლის ფლობა. ორგანოს მიერ არ დადგენილა მოსარჩელეთა საცხოვრებელ ფართში ნივთები განთავსებული იყო მხოლოდ დროებით თუ ხდებოდა მათი მოხმარება. ამ მიზნით სოციალური აგენტი უფლებამოსილი იყო შეესწავლა ოჯახის კომუნალური გადახდის ქვითრები, დაედგინა საგნების დამონტაჟების, ქსელში ჩართვის ფაქტი და სხვ.. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსლებების ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებული იყო დავის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას. ამასთანავე, ვინაიდან ამ ეტაპზე დადგენილი არ არის სადავო აქტების არამართლზომიერება, მოსარჩელეთა მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2017 წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი