№ ბს-502-499 (2კ-18) 19 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, იბა ამხანაგობა … (ამჟამად …) და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ-ემ და ვ. ბ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 23.01.2012წ. №68 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 06.02.2006წ. გაცემული №3ბ/264 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.04.2014წ. და 03.07.2014წ. განჩინებებით საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, შპს ,,...”, ნ. ხ-ი, ზ. ვ-ი, ნ. მ-ი, ა. ჩ-ე, ნ. ხ-ი, ლ. ყ-ი, ნ. ფ-ი, გ. ბ-ი, დ. ნ-ე, ლ. კ-ი, მ. შ-ი, ი. ი-ის უფლებამონაცვლე ლ. ი-ე, თ. კ-ის უფლებამონაცვლე ნ. ჩ-ე, ნ. ო-ი და ი. დ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2014წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის და ვ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 23.01.2012წ. №68 ბრძანება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.01.2017წ. განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.09.2014წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ასევე ამხანაგობა "...-მ" და ნ. ფ-მა.
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კასატორს დაევალა სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი დოკუმენტისთვის მსვლელობის მიცემა ამ დოკუმენტის გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც არასწორია, რადგან ასეთი პრაქტიკის დანერგვით გამოდის, რომ აღსრულები პროცესი უნდა შეჩერდეს ვიდრე სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი ყველა დოკუმენტი არ გასაჩივრდება და არ შევა კანონიერ ძალაში. კანონმდებლობა ითვალისწინებს ასევე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის წარმოების განახლებას, რაც გააჭიანურებს სააღსრულებო პროცესს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის თანახმად სააღსრულებო ფურცელის დაბრუნება ხდება კრედიტორისათვის, მაშინ როდესაც იმ მომენტისთვის შეუძლებელია აღსრულება. აღნიშნული არ გამორიცხავს კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის შემდგომში წარდგენას. გასაჩივრებული ბრძანებით სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებელი სახით დაუბრუნდა კრედიტორს, ჩვენს მიერ არ მომხდარა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, რა შემთხვევაშიც დაუშვებელი იქნებოდა იმავე სააღსრულებო ფურცლის საფუძელზე სააღსრულებო ბიუროსთვის მიმართვა.
კასატორები ამხანაგობა „..." და ნ. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორები აღნიშნავენ, რომ კანონშესაბამისია გასაჩივრებული აქტი, ვინაიდან შენობის ლეგალიზების შესახებ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება იყო აღსრულების გამომრიცხავი გარემოება და შეუძლებელს ხდიდა აღსრულებას. არასწორია სასამართლოს მსჯელობა სააღსრულებო წარმოების შეჩერების ვალდებულების თაობაზე, ვინაიდან შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა რა ვადით იქნება საჭირო აღსრულების პროცესის შეჩერება. ლეგალიზების აქტის გასაჩივრებაც კი არ უნდა გამხდარიყო აღსრულების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში არსებობს მისი კანონიერად მიჩნევის ალბათობა. აქტის გაუქმებამდე მას სავალდებულო ძალა აქვს, რის გამოც აღსრულების ეროვნული ბიუროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ამხანაგობა „...-ს" და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა სსიპ სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარის უფლებამოსილებაზე სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ, რაც გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით. სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ სსიპ სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარე ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი გამოიცა ისე, რომ არ იყო ამოწურული შენობის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლამდე მისი წარდგენა სააღსრულებო ბიუროში წარმოადგენდა აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებას.
კანონშესაბამისია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება იმის შესახებ, რომ აქტის გასაჩივრების პერიოდში შედეგი არ არის მყარი და შესაძლებელია შეიცვალოს. აღნიშნული განმარტება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (სუს №ბს-600-589 (4კ-12) 14.11.2013წ. განჩინება). შესაბამისად საფუძველს მოკლებულია კასატორების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ასევე იბა „ამხანაგობა ...“ (ამჟამად ...) და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2017წ. განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს.კ. 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.07.2017წ. №10051 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. ი. მ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.11.2017წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი