საქმე # 330310115001151979
# ბს-839-835 (2კ-17) 12 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
12.11.2015წ. შპს „ჩ...“ და საინიციატივო ჯგუფ „...“ დამფუძნებელმა უ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და შპს „ჰ...“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს ,,ჰ...“ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 29.04.2015წ. №17.24.485 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 04.11.2015 წ. №44.21.1266 განკარგულების დანართი №1-ის ჩამონათვალში #52 საკითხის ბათილად ცნობა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საინიციატივო ჯგუფ ,,....“ და ქალაქ თბილისის მერიას შორის გაფორმებული მიწის იჯარის ხელშეკრულების აღიარება.მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენისათვის სათანადო ცნობის გაცემა და ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, ასევე საინიციატივო ჯგუფ ,,...’’ და შპს ,,ჩ...“ საიჯარო ფართით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლების მინიჭება და შპს ,,ჰ...“ საიჯარო ფართზე ყოველგვარი ჩარევის, ადმინისტრირების და საქმიანობის აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.08.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს ,,ჰ...“ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 29.04.2015წ. №17.24.485 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 04.11.2015 წ. №44.21.1266 განკარგულების დანართი №1-ის ჩამონათვალში #52 საკითხის ბათილად ცნობა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და შპს „ჰ...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არსებითად არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები. დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავოდ არ გამხდარა იჯარის ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანოს არაერთი მცდელობის მიუხედავად მხარის მიერ წარდგენილი იჯარის ხელშეკრულების დედანი ვერ იქნა მოძიებული, რადგან ასეთი დოკუმენტი არ არის დაცული არცერთ ორგანოში. იჯარის ხელშეკრულება მიჩნეული უნდა იქნას იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტად, რადგან ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, სადავო ვერ გახდება. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებში ასევე არ არის დაცული მოსარჩელე მხარის მიერ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა 13.05.1993წ. #780 იჯარის ხელშეკრულების არსებობა/მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის გამო არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები, შესაბამისად უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად ეთქვას უარი მოსარჩელეს.
კასატორი სსიპ ქონების მართვის სააგენტო ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014წ. დადგენილებით განისაზღვრა თბილისის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, სარიტუალო საქმიანობის განხორციელება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ან ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად მიღებული იქნა ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს ,,ჰ...“ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 29.04.2015წ. №17.24.485 განკარგულება და შემდგომში გასაჩივრებული აქტი, რაც შესაბამისობიაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძვლად წარდგენილი იჯარის ხელშეკრულება არ არის დაცული არც ერთ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული 13.05.1996წ. #780 იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია ქ. თბილისის მერიასა და საინიციატივო ჯგუფ ...“ შორის, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 25 წლით (ხელშეკრულების 3.1. პუნქტ.) და ძალაშია 2021 წლის 14 მაისის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ქ. თბილისში, ... რაიონში, ... საცხოვრებელ რაიონში ... ფაბრიკასა და ... ტერიტორიას შორის 175 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემა საინიციატივო ჯგუფი „...“. მითითებულ ტერიტორიაზე მოიჯარეს მიენიჭა მშენებლობის და/ან სასაფლაოს მოწყობის უფლება (ხელშეკრულების 2.1. პუნქტ.). გასაჩივრებული აქტით შპს „ჰ...“ მიენიჭა ... საქალაქო სასაფლაოზე, (ქ.თბილისი, ... რაიონი) 60604 კვ.მ. ფართობზე ოპერირების უფლებამოსილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 13.05.1996წ. #780 იჯარის ხელშეკრულების თანახმად (3.1. პუნქტ.) იჯარის ვადის გასვლამდე ერთ-ერთი მხარე ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს მეორე მხარეს არა უგვიანეს 15 დღით ადრე ხელშეკრულების გაუქმების პროცედურის დაწყებამდე. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ხელშეკრულების საიჯარო ვადა ამოწურული არ არის და კასატორების მხრიდან წარმოდგენილი არ არის სადავო აქტის გამოცემამდე, მოსარჩელე მხარესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის ან გაუქმების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებები გასაჩივრებული აქტის საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემის თაობაზე. კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ არის საკმარისი გასაჩივრებული აქტის კანონშესაბამისად მიჩნევისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2017წ. განჩინება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს.კ. 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.09.2017წ. N02858 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი