Facebook Twitter

საქმე # 330310015737146

ბს-953-949 (2კ-17) 12 აპრილი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და დ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა...“ 27.02.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 02.02.2015წ. N72 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, დავაში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, დ. ს-ი, შპს „ქ...“, შპს „თი...“ და სხვ. (სულ 13 პირი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „ა...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 02.02.2015წ. N72 ბრძანება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, დ. ს-ის, შპს „თ...“, შპს კორპორაცია „...“, შპს „ქ...“ და შპს „თი...“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.03.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და დ. ს-ის მიერ.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და დაცულია მისი მომზადებისა და გამოცემის ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურული წესები. არქიტექტურის სამსახურის გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო საქმის გარემოებათა გამოკვლევის და სათანადო დასაბუთების გარეშე, რაც ქმნიდა მათი ბათილად ცნობის საფუძველს.

კასატორი დ. ს-ი მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაერღვა, რადგან გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და არ შეიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრებების გაზიარების არგუმენტაციას, სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლების შესაბამისად არ შეაფასა მტკიცებულებები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სსიპ არქიტექტურის სამსახურის აქტების ბათილად ცნობა იყო მართლზომიერი, რადგან მათი გამოცემა მოხდა საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქუჩის ტროტუარზე, რკინიგზის სამედიცინო სამსახურის მიმდებარედ, ადგილი გამოირჩევა ხალხმრავლობით, შესაბამისად საპროექტო ადგილმდებარეობა სპეციფიკურია. არქიტეტურის სამსახურს უნდა დაედგინა აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებითი კონსტრუქციის განთავსების შესაძლებლობა. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შპს „ა...“ მიერ მოწყობილი კონსტრუქცია, მართალია არის პირველი კლასის ნაგებობა, თუმცა იგი მიწაში ჩამაგრებულია უძრავად მონოლითური ჩამაგრებით, რაც ნიშნავს, რომ იგი არ შეესაბამება არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დათქმას საძირკვლის არმქონე კონსტრუქციის განთავსების შესაძლებლობის დადასტურების შესახებ. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ცალმხრივად, შპს „ა...“ ინტერესების სასარგებლო განმარტება გააკეთა და უგულებელყო სხვა მეწარმე სუბიექტთა კანონიერი ინტერესები, რითაც კასატორი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტის არამართლზომიერების შესახებ, რადგან იგი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე, გაურკვეველია სსიპ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები. მერია უთითებს არქიტექტურის სამსახურის მიერ საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლვევის საჭიროებაზე, თუმცა ვერ ასახელებს კონკრეტულად რა გარემოებები საჭიროებდა დამატებით კვლევას.

კასატორ დ. ს-ის მითითება საპროექტო ტერიტორიის ხალხმრავლობის შესახებ არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას. საქმის მასალებით არ დასტურდება საპროექტო ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობის განთავსების შეუძლებლობა, გასათვალისწინებელია, რომ საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტროტუარის სიგანე, ასევე დაშორება საპროექტო ნაგებობებასა და მის უკან არსებულ ფართებს შორის აჭარბებს სამ მეტრს.

კასატორ დ. ს-ის მოსაზრება შპს „ა...“ მიერ კონსტრუქციების არქიტექტურის სამსახურის მიერ დადგენილი დათქმების დარღვევით მოწყობის შესახებ არ არის განსახილველი დავისთვის რელევანტური, რადგან მიმდინარე დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების და არა აქტით მინიჭებული უფლების განხორციელების მართლზომიერების შემოწმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2017წ. განჩინება;

3. დ. ს-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.12.2017წ. N454 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი