Facebook Twitter

საქმე Nბს-525-522(კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებლი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. ჩ-ა (მოსარჩელე)

მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 9 მარტს ო. ჩ-ამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2016 წლის 3 თებერვლის №03-07/13 გადაწყვეტილების, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 თებერვლის №მ/306 ბრძანების ბათილად ცნობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება მოითხოვა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ო. ჩ-ას სახელზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ჩ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 თებერვლის №3/306 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2016 წლის 3 თებერვლის №03-07/13 გადაწყვეტილება; დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქალაქ ბათუმში ... ქუჩის №27-ში მდებარე ო. ჩ-ას მიერ საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-დაშენების შესახებ დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ. დადგენილებით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიები, თითოეულ სტადიაზე წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა, მათი შინაარსი სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც მონაწილეობენ ნებართვის გაცემის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში და ნებართვის გაცემის სხვა პროცედურები. დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტიდან გამომდინარე ნებართვის გაცემის სხვა პროცედურა მოიცავს შემდეგ სამ სტადიას: I სტადია - ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა II სტადია - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა. დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. სამშენებლო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს, შესაბამისად მასზე ვრცელდება ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის განმავლობაში განცხადების და მასზე დართული დოკუმენტაციის ასლი გაუგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს ან საზოგადოებრივ ექსპერტს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულია ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც უნდა იქნენ ჩაბმული ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში. დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით. ო. ჩ-ას მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საპროექტო ტერიტორია მოქცეულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ქ. ბათუმის მერიამ განცხადება განსახილველად გადაუგზავნა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომელიც კულტურული თვალსაზრისით ამოწმებს დაგეგმილ მშენებლობას. კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, განსახილველ შემთხვევაში კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დაგეგმილი მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში იგი შესაბამისობაში უნდა იყოს შესაბამის არელაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მშენებლობით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-არქიტექტურული გარემოს განაშენიანების ტრადიციული ფორმებისა და იერსახის, ისტორიული ნაწილის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ორგანიზმის დაგეგმარების სტრუქტურები.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან დაგეგმილი მშენებლობა მიუღებელი იყო კულტურული თვალსაზრისით, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო განმცხადებლის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე, რის შესახებაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული იქნა 2015 წლის 27 იანვრის №მ/111 ბრძანება, 2015 წლის 17 აპრილის №მ/838 ბრძანება, 2016 წლის 23 თებერვლის №მ/306 ბრძანება და 2015 წლის 24 ივნისის №მ/1525 ბრძანება. კასატორი აღნიშნავს, რომ თუ გაზიარებული არ იქნება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილება აზრს კარგავს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საფუძველი ეცლება ასევე, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის მიზანს და განუხორციელებელი დარჩება საბოლოო შედეგი, რომელიც გათვალისწინებულია კანონით. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მისი მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. ამავე კანონის მე-3 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისგან. კასატორი მიუთითებს, რომ ამავე კანონის 35-ე მუხლით დადგენილია დამცავი ზონების დადგენის მიზნები და ამოცანები. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, დამცავი ზონის დადგენის მიზნებია: მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ძეგლების, კულტურული ღირებულებების მქონე ურბანული ქსოვილისა და ისტორიული განაშენიანების არასასურველი ზემოქმედებისგან დაცვა; მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი, ისტორიული, ესთეტიკური, ეკოლოგიური გარემოს, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას მე-2 პუნქტის თანახმად დამცავ ზონებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ხელსაყრელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების შენარჩუნებას, სანიტარული-ჰიგიენური, სეისმური, ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან აცილებას. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს ამ სფეროში საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები და ნორმები. კასატორი მიუთითებს, რომ დამცავ ზონებში ძეგლების აქტიური ვიზუალური აღქმის სივრცეში დაუშვებელია დიდმაშტაბიანი სარეკლამო აბრების, ელექტრო და სატელეფონო ანძების, სატელევიზიო ანტენების განთავსება. ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს ეს ვალდებულება მჭიდროდაა დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევასთან, ამ გარემოებათა შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღებასთან. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებით მაქსიმალურად უზრუნველყოს იმ მიზნის მიღწევა, რა მიზნითაც მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. მშენებლობის განხორციელება უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება; უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება აკისრია არა მარტო იმ ორგანოს, რომელიც გასცემს მშენებლობის ნებართვას ან კულტურული თვალაზრისით მოიწონებს მშენებლობის პროექტს, არამედ აღნიშნული წარმოადგენს ყველა ორგანოს ვალდებულებას.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით. ხოლო 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მიეკუთვნება საჯარო ინტერესის სფეროს.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიუთითა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერსი. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორად საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოც ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოებია. საქმის განხილვისას შესაძლებელი იყო სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენა და გასაჩივრებული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. კასატორის მოსაზრებით, მითითებული გარემოებები ქმნის გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილს შესაბამისად დასშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული

მემკვიდრეობის საბჭოს 2016 წლის 3 თებერვლის N03-07/13 გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ქ. ბათუმში, ... ქ. N27-ში ო. ჩ-ას მიერ საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-დაშენების შესახებ დოკუმენტაციას დამტკიცებაზე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს დემონტაჟს, ხოლო უარის მიზეზი გახდა კვარტალური განაშენიანების გეგმის პროექტის წარუდგენლობა. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ზონისათვის შესატყვისი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვაზე დაუსაბუთებელი უარი ეწინააღმდეგება მხარის უფლებას - მისი საკუთრების სრულფასოვნად გამოყენებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესახებ. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე