Facebook Twitter

საქმე # 330310014663714

საქმე Nბს-555-552 (2კ-17) 26 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასრჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდვალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ს-ემ 2014 წლის 3 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოთ გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საკუთრებაში (თბილისი, ... ქუჩა №147/ა, მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 25 კვ.მ) რეგისტრირებული ენერგო ობიექტის განთავსების შეზღუდვის მოხსნის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ... ქუჩა №147/ა-ს მიმდებარედ (ნაკვეთი 20/089, საკადასტრო კოდი ...) მდებარე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული შეზღუდვის „ენერგო ობიექტის განთავსება“ გაუქმებაზე თანხმობის გაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ. კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ეწინააღმდეგება ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ დაწესებული შეზღუდვა საერთო წესრიგისა და საერთო საზოგადოებრივ კეთილდღეობას, რადგან მოცემულ შემთხვევაში, აუქციონი გამოცხადებული იყო საპრივატიზებო ვალდებულებების მიზნით. სასამართლოს მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, ნებისმიერი აუქციონი, რომელიც საპრივატიზებო ვალდებულებებს შეიცავს საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გამოდის, ბუნებრივია, რომ საპრივატიზებო აუქციონის ცნების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რადგან ხელშეკრულებით საკმაოდ დიდი ნაწილი, სწორედ, რომ საპრივატიზებო ვალდებულებებით იდება. კასატორები აღნიშნავენ, რომ აუქციონზე გამოტანის დროს საპრივატიზებო ვალდებულებებით დატვირთული ობიექტები საბაზრო ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად არის შეფასებული და დარჩენილი სხვაობა სწორედ განსახორციელებელ საპრივატიზებო ვალდებულებებში იქვითება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელ უწყობს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას, რაც გამოიხატება იმ გარემოებაში, რომ მხარე გაათავისუფლა საპრივატიზებო ვალდებულებებისგან და ქონება იმაზე იაფად შეიძინა, ვიდრე იგი შეიძენდა საპრივატიზებო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააუქციონო მიწის ნაკვეთზე დაწესებული ენერგო ობიექტის განთავსების შეზღუდვა წარმოადგენდა სააუქციონო პირობას, რადგან ლოტი №9-ის აღწერილობაში, განსაზღვრულია, რომ აუქციონი არის პირობითი, რომელიც მიზნად ისახავს ენერგო ობიექტის განთავსებას. კასატორები მიუთითებენ, რომ გაუგებარია მათთვის სასამართლოს მსჯელობა, სს „...“ ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით, რადგან საქმეში არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სს „...“ 2012 წლის 13 თებერვალს №1-08/53 წერილით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სადაც აღინიშნა, რომ ელექტროენერგიის ახალი წყაროების შექმნის მიზნით სს „...“ ახორციელებს 20-25 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოძიებას ენერგო ობიექტის განთავსების მიზნით და ითხოვა თვითმმართველი ერთეულის სახელზე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენა. შესაბამისად ცალსახაა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები აუქციონზე გაიყიდა, სწორედ სს „...“ მომართვის საფუძველზე და ის გარემოება, რომ სს „...“ დღეის მდგომარეობით აღარ არის დაინტერესებული ხსენებული საკადასტრო ერთეულებით. კასატორებისთვის გაუგებარია, სასამართლოს მსჯელობა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ არსებული შეზღუდვა გ. ს-ეს უზღუდავს მიწის ნაკვეთით სარგებლობის და მისი განკარგვის უფლებას, რადგან აუქციონატორმა თვიდანვე იცოდა, თუ რა მიზნით იყო გამოტანილი აღნიშნული მიწის ნაკვეთი აუქციონზე.

კასატორები მიუთითებენ, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია. კასატორები მიუთითებენ, რომ აუქციონატორი აუქციონის ჩატარებიდან 15 დღით ადრე აცხადებს აუქციონს და აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას: აუქციონის დასახელებას, პირობებს, გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს, საპრივატიზებო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერსა და საწყის ფასს, განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს, ბიჯის ოდენობას, განაცხადის მიღების ადგილს, საკონტაქტო ნომერს, ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი ჩათვლის მიზანშეწონილად. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 22 თებერვლის №07/22341-8 წერილით სს „...“ ეცნობა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით გასხვისების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ფასით და პირობებით გამოცხადდება აუქციონი სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიცპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინსიტრაციული საპროცსო კოდექსისი 34-ე მხულის მე-3 ნაწილის შესაბამმისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ 2012 წლის 19 მარტის №E-106-9-4779 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 2012 წლის 12 აპრილს გაიცა №1556 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად, გ. ს-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... ქუჩა, 147ა მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთი ენერგო ობიექტის განთავსების შეზღუდვით. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ შეზღუდვა არ ემსახურება საჯარო წესრიგს და საერთო-საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებს. სს „...“ ადასტურებს, რომ ენერგო-ობიექტის განსათავსებლად მიწის ნაკვეთი არ ესაჭიროება. სსიპ არქიტექტურის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთი განთავსებულია საცხოვრებელ ზონა 3-ში.

საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე და ქვედა ინტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა დადგენილი, რომ სააუქციონო მიწის ნაკვეთზე დაწესებული ენერგო ობიექტის განთავსების შეზღუდვა არ წარმოადგენდა სააუქციონო პირობას. მოსარჩელემ ნაკვეთი შეიძინა აუქციონის წესით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს აუქციონის პირობების შესრულება ან შეუსრულებლობა, დავის საგანია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შეზღუდვის - ენერგოობიექტის განთავსების მოხსნა. გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შეზღუდვა უზღუდავს მას ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობის და მისი განკარგვის უფლებას, ხოლო მოპასუხის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უარი, იმ პიორბში, როდესაც დადასტურებულია სს „...“ პოზიცია მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, არ ეფუძნება კანონმდებლობის მოთხოვნებს და დაუსაბუთებლად ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინება;

3. კასატორს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/ნ 205296375) დაუბრუნდეს 31.05.2017წ. №01494 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე